რისთვის და როგორ გამოიყენება აქვადეტრიმი ვიტამინ D3

აქვადეტრიმი ვიტამინ D3 პოლონეთში იწარმოება და წყალხსნარის სახით არის წარმოდგენილი. ერთ ფლაკონში 10 მლ ხსნარია მოთავსებული, რომელიც აქტიურ ნივთიერება ქოლეკალციფეროლსა და დამხმარე კომპონენტებს — კრემოფორს, საქაროზას, ნატრიუმის ჰიდროფოსფატს, ლიმონმჟავას, ანისულის არომატიზატორს, ბენზილის სპირტსა და გასუფთავებული წყალს შეიცავს.

რისთვის გამოიყენება აქვადეტრიმი?

აქვადეტრიმი ვიტამინ D-ის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მისი ნაკლებობით გამოწვეული სხვადასხვა მდგომარეობის მკურნალობისთვის გამოიყენება.

კერძოდ, აქვადეტრიმი ვიტამინ D3-ს მიმართავენ რაქიტის დროს. ეს არის ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევა, რაც ხშირია ბავშვებში. მდგომარეობა ვიტამინი D-ის ნაკლებობით არის გამოწვეული.

გარდა ამისა, აქვადეტრიმი გამოიყენება ჰიპოკლაციემური ტეტანიისა (კუნთების უნებლიე შეკუმშვა) და ოსტეომალაციის (ძვლების დარბილება) დროს. მას მიმართავენ ასევე მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, მათ შორის ჰიპოპარათირეოზისა და ფსევდოჰიპოპარათეოზის დროს.

აქვადეტრიმი გამოიყენება ვიტამინ D-ის შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეობების პროფილაქტიკისთვისაც. მას მიმართავენ, როგორც დამატებით სამკურნალო საშუალებას, ოსტეოპოროზის დროს. ეს დაავადება ძვლის მასისა და მინერალიზაციის ხარისხის დაქვეითებასა და სტრუქტურის ცვლილებით ხასიათდება.

აქვადეტრიმის მიღების წესი და დოზირება 

აქვადეტრიმი პერორალურად, პირის ღრუს გავლით, კოვზის საშუალებით მიიღება. მისი 1 წვეთი დაახლოებით 500 სე ვიტამინ D3-ს შეიცავს. პრეპარატის დოზა ზუსტად რომ განვსაზღვროთ, საჭიროა, ბოთლი 45-გრადუსიანი კუთხით დავიჭიროთ.

თუ პრეპარატი ექიმის მიერ კონკრეტული დოზირებით არ არის დანიშნული, პროფილაქტიკისთვის:

  • 3-4 კვირის ახალშობილებში, ასევე 2-3 წლის ასაკის ბავშვებში, რომლებიც კარგ პირობებში ცხოვრობენ და სუფთა ჰაერზე საკმარის დროს ატარებენ, დღე-ღამეში მისაღები რეკომენდებული დოზა 500-1000 სე-ს (1-2 წვეთი) შეადგენს.
  • დღენაკლულ ბავშვებში, 7-10 დღის ჩვილებში, ცუდ საცხოვრებელ პირობებში მყოფთათვის სადღეღამისო რეკომენდებული დოზა 100-1500 სე-თი (2-3 წვეთი) არის განსაზღვრული. თუ მკურნალობა მზიანი ზაფხულის დროს მიმდინარეობს, დოზა შეიძლება 500 სე-მდე (1 წვეთი) შემცირდეს.
  •  ორსულ ქალებში რეკომენდებული დღიური დოზა 400 სე ვიტამინი D-ის შეადგენს, ორსულობის 28-ე დღიდან.
  • ზრდასრულების შემთხვევაში დღე-ღამეში 500-1000 სე (1-2 წვეთი) გამოიყენება.

რაც შეეხება თერაპიული მიზნით გამოყენებას, ამ შემთხვევაში ყოველდღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2000-5000 სე-ს (4-10 წვეთი) 4-6 კვირის განმავლობაში. მკურნალობის განმავლობაში ავადმყოფის მდგომარეობა გულმოდგინედ უნდა გაკონტროლდეს და პერიოდულად გამოიკვლიოს პაციენტის შარდი.

მკურნალობა 2000 სე დოზით იწყება და 3-5 დღის განმავლობაში ამ დოზირებით გრძელდება. კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში, მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, შესაძლებელია დოზის გაზრდა, ხშირად 3000 სე-მდე. 5000 სე დოზით პრეპარატი მხოლოდ ძვლების მკვეთრად გამოხატული დაზიანების დროს ინიშნება.

საჭიროების მიხედვით, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, მკურნალობის კურსის გამეორებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ის მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევამდე გრძელდება. შემდგომში კი პრეპარატის პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლა ხდება – დღე-ღამეში 500-1500 სე.

პრეპარატის გვერდითი ეფექტები

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატს რეკომენდებული დოზების შესაბამისად იღებთ, ნაკლებად სავარაუდოა, გვერდითი მოვლენები განგივითარდეთ.

თუმცა იშვიათად, ვიტამინი D-ის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობისას ან მაღალი დოზებით შედარებით ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია მოწამვლა, ე. წ. ჰიპერვიტამინოზი D აღინიშნოს.

თავის მხრივ, ჰიპერვიტამინოზის სიმპტომებია: მადის დაკარგვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ცვლილებები, მათ შორის გულისრევა და ღებინება, ასევე თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, პოლიურია (შარდის გამოყოფის მომატება), დეპრესია, ფსიქიკური დარღვევა, წონაში კლება, სისხლში და/ან შარდში კალციუმის დონის მომატება, შარდკენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია.