რენოქსი — ნაზალური სპრეი ალერგიული რინიტის სამკურნალოდ

რენოქსი თურქული წარმოების დოზირებული ნაზალური სპრეია, რომელიც ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. მისი ერთი ფლაკონიდან 140 დოზა გამოდის - ერთი დოზა 50 მკგ-ით არის განსაზღვრული. სპრეი სუსპენზიის სახით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლშია მოთავსებული.

რენოქსის სპრეი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და PSP-ის აფთიაქებში მისი შეძენა რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.

რენოქსის ანოტაცია — რისთვის გამოიყენება ნაზალური სპრეი?

რენოქსის ნაზალური სპრეი აქტიურ ნივთიერება მომეტაზონის ფუროატს შეიცავს. ეს უკანასკნელი კორტიკოსტეროიდების ჯგუფში (სტეროიდული ჰორმონების კლასი) შედის. აღნიშნული ნივთიერება, ცხვირის ლორწოვანზე მოხვედრის შემდეგ, კურნავს ანთებას, ხსნის ქავილსა და სუნთქვის გაძნელებას, ასევე ცხვირიდან გამონადენს ამცირებს.

რენოქსის სპრეი ალერგიული რინიტის მქონე 2-6 წლის ბავშვებში გამოიყენება. გარდა ამისა, ის ზრდასრულებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ე.წ. თივის ცხელებისა (სეზონური ალერგიული რინიტი) და პერინეალური (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) რინიტის სამკურნალოდ არის რეკომენდებული.

ცნობისთვის, თივის ცხელება წელიწადის გარკვეულ პერიოდში ვითარდება და მცენარეული მტვრით, ბალახებით, სარეველებით, სოკოებით და სოკოს სპორებით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციას წარმოადგენს.

რაც შეეხება პერინეალურ რინიტს, ის მთელი წლის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს. პერინეალურ რინიტი გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, სახლის მტვრის, ცხოველის ბეწვის, ბუმბულის და ზოგიერთი საკვების ჩათვლით. ამ დროს აღინიშნება გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება და ცხვირის არხების დახშობის შეგრძნება. რენოქსი ამცირებს შეშუპებას, გამონადენს, ხსნის ცემინებას, ქავილს და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას.

რენოქსი ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისთვის ზრდასრულებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში გამოიყენება. პროფილაქტიკური მკურნალობა მცენარეების ყვავილობის მოსალოდნელ პერიოდამდე 2-4 კვირით ადრე უნდა დაიწყოს.

 

18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რენოქსის სპრეის ცხვირის (ნაზალური) პოლიპების სამკურნალოდ მიმართავენ. ნაზალური პოლიპი ცხვირში მცირე ზომის წანაზარდია, რაც ზოგჯერ ორივე ნესტოში ვითარდება. ასეთ დროს, ძირითადად, ცხვირით სუნთქვის გაძნელება აღინიშნება. გარდა ამისა, შესაძლოა წარმოიქმნას ცხვირიდან გამონადენი, ყელში ლორწოს ჩადინების შეგრძნება, მადისა და ყნოსვის დაქვეითება. რენოქსი ცხვირში შეშუპებას აღმოფხვრის და პოლიპების ზომას ამცირებს.

რენოქსის გამოყენების წესი

სპრეის პირველად გამოყენების დროს, სითხის ნაკადის მისაღებად, ჯერ ჰაერი უნდა გამოიტუმბოს. ეს კი გამომფრქვევის დაახლოებით 10-ჯერ შეკუმშვით მიიღწევა.

პროცედურა შემდეგნაირად უნდა შეასრულოთ: ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი; საჩვენებელი და შუა თითები გამომფრქვევ ტუმბოზე მოათავსეთ, ცერა თითი კი - ბოთლის ძირზე; გამომფრქვევი თქვენგან შორს მიმართეთ და ტუმბოს თითებით ქვემოთ დააწექით.

თუ სპრეი 14 დღეზე მეტ ხანს არ გამოგიყენებიათ, ჰაერის ხელახლა გამოტუმბვა, შესაბამისად, აღწერილი პროცედურის შესრულება დაგჭირდებათ.

მას შემდეგ, რაც ჰაერს გამოტუმბავთ, ფრთხილად გაისუფთავეთ ცხვირი, დაახშეთ მისი ერთი ნესტო და სპრეის გამომფრქვევი მეორე ნესტოში მოათავსეთ. სუსპენზიის შესხურებისას თავი წინ უნდა გქონდეთ წამოწეული. ცხვირით ფრთხილად შესუნთქვის პარალელურად, ტუმბოს თითებით დააწექით. მას შემდეგ, რაც სუსპენზია ცხვირის ღრუში შეაღწევს, პირით ამოისუნთქეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სპრეის გამომფრქვევი სუფთად უნდა შეინახოთ. ამისთვის, გამოყენების შემდეგ, მისი თბილ, გამდინარე წყალში გარეცხვა შეგიძლიათ.

რენოქსის სპრეის დოზირება

რენოქსის სპრეი ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ. თივის ცხელებისა და პერინეალური რინიტის დროს, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში, რეკომენდებული დღიური დოზა თითო ნესტოში 2 შესხურებას შეადგენს.

თუ სიმპტომები მართვადი გახდება, მოსალოდნელია, რომ ექიმი დოზას თითო ნესტოში დღეში ერთხელ 1 შესხურებამდე შეამცირებს. თუ პირიქით, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შესაძლოა ექიმმა დღიური დოზა თითო ნესტოსთვის მაქსიმუმ 4 შესხურებამდე გაზარდოს.

2-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დღიური დოზა თითო ნესტოში 1 შესხურებას შეადგენს. საყურადღებოა, რომ ნაზალური სტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ მაღალი დოზებით შესაძლოა, ბავშვების ზრდის შენელება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე აუცილებელია, ექიმმა პაციენტის სიმაღლე მკურნალობის პროცესში პერიოდულად შეამოწმოს და შეამციროს მედიკამენტის დოზა, თუ საეჭვო სიმპტომები გამოვლინდება.

ნაზალური პოლიპების დროს, 18 წელს ზემოთ პაციენტებში, საწყისი დღიური დოზა თითო ნესტოში 2 შესხურებას შეადგენს. თუ 5-6 კვირის განმავლობაში სიმპტომები არ შესუსტება, დოზის გაზრდა შესაძლებელია 2 შესხურებამდე 2-ჯერ დღეში. თუ ამის შემდეგაც (5-6 კვირის განმავლობაში) შედეგს ვერ მიაღწევთ, ალტერნატიული მკურნალობის განსახილველად მიმართეთ ექიმს.

რენოქსის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შესაძლოა, რენოქსის გამოყენებასაც სდევდეს თან, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სპრეის მოხმარებას ზოგჯერ თან ახლავს ეპისტაქსისი (სისხლდენა ცხვირიდან), ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება და ანთება, ცემინება, დაწყლულება და თავს ტკივილი. ესენი შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენებია.

რენოქსის ხანგრძლივი გამოყენებისას ბავშვებში შესაძლოა აღინიშნოს ზრდის შენელება და მხედველობის დარღვევა ან დაზიანება, თვალშიგა წნევის მატების (გლაუკომა) მიზეზით.

რენოქსის სპრეის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს, თუ აღინიშნა:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მათ შორის ბრონქოსპაზმი - ბრონქების გლუვი კუნთების შევიწროება (სიხშირე: იშვიათად).
  • ანაფილაქსია და ანგიოშეშუპება (სიხშირე: ძალიან იშვიათად).

აღნიშნული გვერდითი ეფექტების დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.