
გაზაფხული ბევრისთვის ახალი სიცოცხლის, ბუნების გაღვიძებისა და მზიანი დღეების მოლოდინთან ასოცირდება. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთისთვის ერთ-ერთ ყველაზე შემაწუხებელ პერიოდს წარმოადგენდეს — კერძოდ, მათთვის, ვინც ალერგიით იტანჯება. ქავილი, სურდო, თვალების სიწითლე, ცემინება და კანის გაღიზიანება — ეს სიმპტომები სწორედ გაზაფხულზე მწვავდება, როცა ჰაერში პოლენისა და სხვა ალერგენების კონცენტრაცია მატულობს.
სამედიცინო ენაზე რომ ავხსნათ, ალერგია, ეს არის იმუნური სისტემის გადაჭარბებული და არანორმალური რეაქცია ნივთიერებაზე, რომელიც ადამიანთა უმრავლესობაში მსგავს რეაქციას არ იწვევს. ამ ნივთიერებას ალერგენი ეწოდება და შეიძლება იყოს მტვერი, ცხოველის ბეწვი, ყვავილის მტვერი, საკვები პროდუქტი, წამალი ან სხვა გარე აგენტი.
გაზაფხულზე კი ალერგიული მდგომარეობა მეტად მწვავდება, რაც პირდაპირ კავშირშია ბუნებრივ ციკლთან — მცენარეების ყვავილობასთან. ამ პერიოდში ჰაერში მტვრის კონცენტრაცია საგრძნობლად იზრდება. მუხა, არყის ხე, თხილი და სხვა ხეები აქტიურად გამოყოფს მტვერს, რომელიც ქარის საშუალებით კილომეტრებზე ვრცელდება. ეს მტვერი იოლად აღწევს ცხვირში, თვალებსა და სასუნთქ გზებში, რასაც ორგანიზმი ალერგიული რეაქციით პასუხობს.
ამასთანავე, გაზაფხულზე ადამიანები უფრო ხშირად ატარებენ დროს გარეთ, რაც ზრდის გარე ალერგენებთან კონტაქტს — იქნება ეს ყვავილის მტვერი, ბალახი, ცხოველის ბეწვი თუ გარემოს სხვა ნაწილი. გარდა ამისა, თბილი ამინდის პარალელურად, მატულობს ქარიანი დღეების რაოდენობაც, რაც განსაკუთრებით ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას ჰაერში. სწორედ ამ გარემოებების ფონზე ალერგიული ადამიანების სიმპტომები ხშირად მწვავდება.
ამავდროულად, ზამთრის შემდეგ იმუნური სისტემაც შეიძლება შედარებით დასუსტებული იყოს, რაც გაზაფხულზე მის განსაკუთრებულ მგრძნობელობას იწვევს. ზოგჯერ ჰორმონალური ცვლილებებიც, სეზონის ცვლილებასთან დაკავშირებული სტრესი ან ცხოვრების რიტმის ცვლილება, მოქმედებს ალერგიის გააქტიურებაზე.
ალერგიის რომელი ტიპები მწვავდება გაზაფხულზე?
ყველაზე ხშირად, გაზაფხულზე ალერგიული რინიტი იჩენს თავს, რომელსაც სხვაგვარად „თივის ცხელებასაც“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი ცხვირის გაჭედვით, ცემინებით, გამონადენით, თვალების ქავილითა და ცრემლდენით ვლინდება. ალერგიული რინიტის გამწვავებას კი განსაკუთრებით ყვავილის მტვერი უწყობს ხელს — ხეების, ბალახებისა და მცენარეების მიერ გამოყოფილი მიკროსკოპულ ზომის ნაწილაკები, რომლებიც ქარის საშუალებით იფანტება ჰაერში. ეს მტვერი მარტივად აღწევს ცხვირსა და თვალებში, რაც იმუნურ სისტემას აიძულებს, მყისიერი რეაქცია გამოავლინოს.
გარდა მტვრისგან გამოწვეული ალერგიული რინიტისა, გაზაფხულზე შეიძლება გაძლიერდეს კონიუნქტივიტი, რომელიც თვალის ალერგიულ ანთებას გულისხმობს. ამ დროს ვლინდება თვალების გაწითლება, ქავილი, ტკივილი და ცრემლდენა.
ზოგიერთ ადამიანს გაზაფხულზე აღენიშნება კანის ალერგიაც, მათ შორის — ჭინჭრის ციება. თავის მხრივ, ეს შეიძლება გამოიწვიოს როგორც ყვავილის მტვერთან კონტაქტმა, ისე — მზის სხივების მიმართ მომატებულმა მგრძნობელობამ.
ასევე იზრდება ასთმის შემთხვევებიც — განსაკუთრებით მათთან, ვისაც ბრონქული ალერგიის ნიადაგზე განუვითარდა. მიზეზი კი მარტივია: მტვრის ნაწილაკები ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში და ხელს უწყობს ხველასა თუ სუნთქვის გაძნელებას.
ზოგჯერ მწვავდება საკვებზე ან მედიკამენტებზე ალერგიაც, რადგან გაზაფხულზე აქტიურად ვიღებთ სხვადასხვა ვიტამინს და ასევე, ისეთ ხილსა და ბოსტნეულსაც მივირთმევთ, რომლებიც ალერგენებს შეიცავს. ორგანიზმი ახალი ნივთიერებების მოხვედრა კი ალერგიული რეაქციის სათავედ იქცევა.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მწერებზე ალერგიაც. ტემპერატურის მატებისთანავე, აქტიურდებიან ფუტკრები, კოღოები და სხვა მწერებიც, რომელთა ნაკბენმაც შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
სუპრასტინი — გამოცდილი და სანდო მოკავშირე ალერგიასთან ბრძოლაში
სუპრასტინი (საერთაშორისო სახელწოდება: Chloropyramine) წარმოადგენს პირველი თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებას, რომელიც სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციების დროს გამოიყენება. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ჰისტამინის ბლოკირებას — სწორედ იმ ქიმიური ნივთიერების, რომელიც ორგანიზმში ალერგიული სიმპტომების გამომწვევია.
უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ჰისტამინი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, შეშუპებას, ქავილს, გამონაყარსა და ლორწოვან გარსებზე ზემოქმედებას. სუპრასტინი კი ამ პროცესს ეფექტიანად ზღუდავს; მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება იმუნურ სისტემაში მიმდინარე ერთ-ერთ ძირითად პროცესს — ჰისტამინის მოქმედების ბლოკირებას.
როდესაც ალერგიული ადამიანი კონტაქტში შედის ალერგენთან — იქნება ეს ყვავილის მტვერი, საკვები, წამალი თუ მწერის ნაკბენი — ორგანიზმი ისე რეაგირებს, თითქოს საფრთხესთან აქვს საქმე. შედეგად, მასტოციტები და სხვა იმუნური უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინს — ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ასტიმულირებს ანთებით პროცესებს.
ჰისტამინი უკავშირდება თავის H1 რეცეპტორებს, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ქსოვილში — მათ შორის კანის, ცხვირის ლორწოვანის, თვალებისა და სასუნთქი გზების გარსებში. ამ რეცეპტორებზე მოქმედებით ჰისტამინი იწვევს ალერგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: ქავილს, შეშუპებას, გამონადენს, სიწითლეს და ბრონქების შევიწროებას.
სწორედ აქ მოქმედებს სუპრასტინი.
სუპრასტინი არის H1 რეცეპტორების კონკურენტული ანტაგონისტი, რაც ნიშნავს, რომ ის ებმება იმავე რეცეპტორებზე, რომლებზეც ჰისტამინი ცდილობს მოხვედრას, და ბლოკავს მათ. შედეგად, ჰისტამინი ვეღარ ახდენს თავისი ეფექტის გამოვლენას, ხოლო ალერგიული სიმპტომები თანდათან მცირდება ან სრულად ქრება.
სუპრასტინის მოქმედება იწყება მიღებიდან დაახლოებით 15-30 წუთში, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს დაახლოებით 1 საათში და მისი მოქმედება გრძელდება საშუალოდ 3-6 საათის განმავლობაში.
მთლიანობაში, სუპრასტინი მოქმედებს არა ალერგიის გამომწვევ მიზეზზე, არამედ იმ ბიოქიმიურ მექანიზმზე, რომლის საშუალებითაც ალერგია ვლინდება, რაც მას ეფექტიან საშუალებად აქცევს თითქმის ყველა ტიპის ალერგიული რეაქციის დროს; მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
- ჭინჭრის ციება
- სეზონური ალერგიული რინიტი
- კონტაქტური დერმატიტი
- ალერგიული კონიუნქტივიტი
- ალერგია საკვების და წამლის მიმართ
- ალერგიული რეაქციები მწერების ნაკბენებზე
- ქავილი
სუპრასტინის გვერდითი ეფექტები
რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი პრეპარატის შემთხვევაში ხდება, სუპრასტინსაც გააჩნია გარკვეული გვერდითი ეფექტები. განსაკუთრებით მაშინ, როცა მედიკამენტი ხანგრძლივად ან გადაჭარბებული დოზით მიიღება:
- უპირველესად, უნდა ვახსენოთ ძილიანობა და მოდუნება — სუპრასტინი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს დაღლილობის, მოთენთილობის ან რეაქციის შენელების შეგრძნებას. ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვისას ან ისეთ მომენტებში, როცა სიფხიზლე აუცილებელია;
- თავბრუსხვევა და კონცენტრაციის დაქვეითება — ზოგჯერ პაციენტები უჩივიან მსუბუქ თავბრუსხვევას, განსაკუთრებით დოზის მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში;
- პირის სიმშრალე და ყელის გაღიზიანება — როგორც ბევრი ანტიჰისტამინური საშუალება, სუპრასტინიც ზემოქმედებს ლორწოვან გარსებზე და იწვევს პირის გამოშრობას, რასაც შეიძლება თან ახლდეს ყელის დისკომფორტსაც;
- მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება — შედარებით იშვიათად, მაგრამ მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, რაც უფრო ხშირად ვლინდება მაღალი დოზის ან მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებში;
- პულსაციის ცვლილება — ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება გულისცემის დარღვევა ან წნევის დაქვეითება. განსაკუთრებით მაშინ, თუ სუპრასტინი მიიღება სხვა სედატიურ ან წნევაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად;
- შარდვის დაქვეითება ან შეკავება — შეიძლება განვითარდეს იმ ადამიანებში, ვისაც შარდსასქესო სისტემის პრობლემები აქვს, მაგალითად, პროსტატის ჰიპერპლაზია;
- ალერგიული რეაქცია თავად სუპრასტინზე — იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება დაფიქსირდეს თვითონ პრეპარატზე ალერგიის განვითარება, რაც ვლინდება კანის გამონაყარით, ქავილით ან პირის შეშუპებით.
სუპრასტინის გამოყენება ბავშვებში — უსაფრთხოება და ეფექტიანობა
ალერგია ბავშვებში სულ უფრო ხშირად გვხვდება. პირველივე წლებიდანვე მშობლებს ხშირად უწევთ ბრძოლა სხვადასხვა გამონაყართან, ქავილთან, ცემინებასთან, თვალების გაწითლებასა და საჭმელზე ან მედიკამენტებზე გამოხატულ რეაქციებთან. ასეთ ვითარებაში, დროული და სწორი დახმარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომების შესამსუბუქებლად, არამედ იმისთვისაც, რომ არ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება ან გართულება.
ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხშირად გამოყენებადი საშუალება პედიატრიაში არის სუპრასტინი, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 1 თვის ასაკიდან. სუპრასტინის სწრაფი მოქმედება, ხელმისაწვდომობა და მრავალი ალერგიული სიმპტომის წინააღმდეგ მოქმედება მას ეფექტიან და სანდო საშუალებად აქცევს.
გაითვალისწინეთ, სუპრასტინის დოზა ყოველთვის უნდა შეირჩეს ექიმის რეკომენდაციით, ბავშვის ასაკისა და სიმპტომების სიძლიერის მიხედვით.
სუპრასტინის ალტერნატივა
სუპრასტინი მრავალ შემთხვევაში ეფექტიანი და სწრაფი მოქმედების ანტიჰისტამინია, თუმცა არსებობს რიგი გარემოებები, როდესაც მისი ალტერნატივის არჩევა ხდება საჭირო. ეს გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციებს, ისე — კონკრეტულ სამედიცინო მდგომარეობას ან ცხოვრების წესს. მოდით, მაგალითისთვის, სუპრასტინის ორი ალტერნატივა განვიხილოთ.
1. ლორანექსი (Loranex) – მოქმედი ნივთიერება: დესლორატადინი (Desloratadine)
ლორანექსი არის მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ალერგიული რინიტის, კონიუნქტივიტის და ქრონიკული ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად. ის არ იწვევს ძილიანობას და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.
2. ალერტეკი (Allertec) – მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი (Cetirizine)
ალერტეკიც მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელიც ლორანექსის მსგავსად, კონიუნქტივიტის, ალერგიული რინიტის და ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება. საგულისხმოა, რომ ის იშვიათად იწვევს ძილიანობას და 24 საათის განმავლობაში მოქმედებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account