რა უნდა ვიცოდეთ ვირუსული ინფექციების, ე.წ. ბატონების შესახებ

მოსახლეობაში “ბატონების” სახელით გავრცელებული ბავშვთა ავადობა გადამდები ვირუსული დაავადებებია. ეს სახელწოდება მომდინარეობს ქართული წარმართული რელიგიური შეხედულებებიდან.

 

“ბატონებს” მიეკუთვნება ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორებიცაა: ქუნთრუშა, წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ყივანახველა.

 

წითელა, წითურა, ყბაყურა და ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციებია, ქუნთრუშა კი იმით განსხვავდება მათგან, რომ მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს.

ბატონები ბავშვთა ინფექციებია, რადგან, როგორც წესი, ისინი ძირითადად ბავშვობის ასაკში გვხდება. თუმცა, თუ ადამიანს ბავშვობაში არ გადაუტანია ინფექცია, ისინი ზრდასრულ ასაკშიც შესაძლოა დაემართოს.

ქუნთრუშას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?

ქუნთრუშას გამომწვევი არის A ჯგუფის ბაქტერია სტრეპტოკოკი. გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ, საშუალო, მძიმე და ტოქსიკურ ფორმებს, თუმცა ყველაზე ხშირად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები გვხვდება. 

ქუნთრუშა იწყება შემცივნებით, თავისა და ყელის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, ტემპერატურის მატებით. თანდათან ძლიერდება ინტოქსიკაციის სიმპტომებიც – საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. დროთა განმავლობაში დიდდება ლიმფური კვანძები, კანზე ჩნდება წერტილოვანი გამონაყარი და ვითარდება ტონზილიტია (მწვავე ანგინა).

ქუნთრუშას ზოგადი სიმპტომებია:

  • ყელის სიწითლე და ძლიერი ტკივილი; 
  • შესივებული ტონზილები;
  • მოთეთრო ნადები ენაზე ან ხახის უკანა მხარეს;
  • მაღალი ტემპერატურა – 39°C +
  • წითელი, წვრილი წინწკლოვანი გამონაყარი;
  • კანის მკვეთრი სიწითლე იღლიებში, იდაყვსა და საზარდულის ნაოჭზე;
  • გულისრევა;
  • თავის ტკივილი;
  • მუცლის ტკივილის.

ინფექციის დიაგნოსტირება და მკურნალობა

ქუნთრუშას მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე მნიშვნელოვანია მიმართოთ პედიატრს. ქუნთრუშას დიაგნოსტირებისთვის, გარდა სიმტომებზე დაკვირვებისა, შეიძლება საჭირო გახდეს A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის გამოყოფა პირ-ხახიდან აღებული ლორწოს ნათესში და სტრეპტოკოკის M პროტეიდის მიმართ ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა. 

ქუნთრუშას სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკური მკურნალობა ექიმის მიერ იყოს დანიშნული.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუნთრუშას იწვევს ბაქტერია და არა ვირუსი, სამწუხაროდ, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. 

ქუნთრუშას გავრცელებისას მისი თავიდან აცილების საუკეთესო გზა ხელების ხშირი დაბანაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი, თეთრეული, პირსახოცი და ჰიგიენური ნივთები. 

წითელას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?

წითელა არის საკმაოდ მძიმე ვირუსული ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ცხელება და გამონაყარი. 

წითელა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბატონებია და მას იწვევს მორბილივირუსი. წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და მისი ინკუბაციის პერიოდი 10-14 დღე გრძელდება.

წითელა იწყება ზემო სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ჩივილებით – ცხვირიდან გამონადენი, მშრალი ხველა, ცემინება, რასაც თან ახლავს მაღალი სიცხე. მოგვიანებით ჩნდება გამონაყარი, რომელიც ყურების უკანა ზედაპირიდან იწყება და ვრცელდება სახის, სხეულის, კიდურების მიმართულებით. გამონაყარს თან ახლავს კონიუნქტივიტის სიმპტომები – თვალების სიწითლე, ცრემლდენა. 

წითელას ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ცხვირიდან გამონადენი;
  • მაღალი სიცხე;
  • მშრალი ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • გამონაყარი - ბრტყელი, წითელი ლაქები;
  • თვალების სიწითლე და ცრემლდენა;
  • თეთრი ლაქები პირის ღრუში;
  • კუნთების ტკივილი;
  • მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
  • დაღლილობა.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს წითელას?

წითელას შეიძლება მოჰყვეს მრავალი გართულება და ზოგიერთი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული, კერძოდ:

  • დიარეა;
  • ყურის ანთება და ინფექციები;
  • ბრონქიტი;
  • კრუპის სინდრომი;
  • პნევმონია;
  • მენინგიტი;
  • ენცეფალიტი.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

წითელას დიაგნოსტირება ეყრდნობა ანამნეზსა და ექიმის მიერ გამონაყარის ვიზუალურ დათვალიერებას. თუმცა, დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი ლაბორატორიული ტესტები:

  • სისხლის ანალიზი;
  • სასუნთქი გზების ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
  • შარდის ანალიზი.

რაც შეეხება წითელას მკურნალობას, შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა გართულებების თავიდან ასარიდებლად.

სიმპტომების მართვა შესაძლებელია:

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;
  • დასვენებით;
  • ბევრი სითხის მიღებით.

წითელას პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.  წითელას, წითურას და ყბაყურას თავიდან აცილებისთვის არსებობს MMR და MMRV ვაქცინები, რომლებიც ტარდება ბავშვობის ასაკში და მათი გაკეთება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელისაწვდომი.

წითურას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?

წითურა არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია რნმ-ვირუსით. წითურას ახასიათებს გამონაყარი სახესა და სხეულზე. წითურას ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 2-3 კვირა.

წითურაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ არსებობს ე.წ. თანდაყოლილი წითურას სინდრომი (CRS), რომელიც არის წითურას ყველაზე სახიფათო ფორმა. თანდაყოლილი წითურას სინდრომის დროს ვირუსი გადაეცემა ორსულიდან ნაყოფს და მას შეუძლია ახალშობილებში გამოიწვიოს კანის, სმენის, მხედველობის, გულისა და ტვინის პრობლემები.

ადამიანების 30-50%-ს წითურას სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ აღენიშნებოდეს, თუმცა ისინი მაინც არიან წითურას ინფექციის გამავრცელებელი. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევებში კი წითურას სიმპტომები მოიცავს: 

  • ცხელებას;
  • მაკულოპაპულურ გამონაყარს;
  • გადიდებულ ლიმფურ კვანძებს;
  • ყელის ტკივილს;
  • ხველას;
  • ლიმფადენოპათიას;
  • კონიუნქტივიტს;
  • თავის ტკივილს;
  • სახსრების ტკივილს;
  • ზოგად სისუსტეს.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

წითურას დიაგნოსტირებისთვის, უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება ანამნეზი და გამონაყარის ვიზუალური დათვალიერება.  

თუმცა, წითურას დიაგნოსტირებისთვის შეიძება საჭირო გახდეს შემდეგი ანალიზების გაკეთება: 

  • სისხლის ანალიზი - წითურას ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ეფუძნება სეროლოგიური მარკერების (იმუნოგლობულინები IgM, IgG და avidity IgG) და IgG ანტისხეულების გამოვლენას;
  • სასუნთქი გზების ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
  • შარდის ანალიზი.

რაც შეეხება წითურას მკურნალობას, წითელას მსგავსად მისი მკურნალობის მექანიზმი არ არსებობს და ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა, რომელსაც მკურნალი ექიმი განსაზღვრავს.

წითურას პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.  წითელას, წითურას და ყბაყურას თავიდან აცილებისთვის არსებობს MMR და MMRV ვაქცინები, რომლებიც ტარდება ბავშვობის ასაკში და მათი გაკეთება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

ჩუტყვავილას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ჩუტყვავილა?

ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ჰერპესვირუსების ჯგუფი იწვევს. სხვა ბატონების მსგავსად ჩუტყვავილაც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ჩუტყვავილას საინკუბაციო პერიოდი 10-21 დღეა, საშუალოდ 2 კვირა.

ჩუტყვავილა იწყება ტემპერატურის მომატებით, რასაც თან ახლას ზოგადი სისუსტე. ჩუტყვავილას გამოვლენას 3 ეტაპად ყოფენ გამონაყარის სპეციფიკურობის გამო:

პირველ ეტაპზე გამონაყარი ვარდისფერი 2-4 მმ-იანი ლაქებია, რომლებიც ჩნდება ტანზე და თანდათან ვრცელდება სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურებზე და შესაძლოა გაჩნდეს პირის ღრუს ლორწოვან ნაწილზეც. 

მეორე ეტაპზე გამონაყარი ლაქოვანი, ოდნავ ამობურცული, ბუშტუკოვანი, ჩირქოვანი და ეროზიულია.

მესამე ეტაპზე კი გამონაყარი ფუფხითაა დაფარული.

თუმცა აღსანიშნავია, რომ გამონაყარის გავრცელება სახესა და სხეულზე ტალღისებურად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს ბავშვს სხეულზე.

ჩუტყვავილას თითოეულ ტალღას ტემპერატურის მომატება ახლავს თან. 

გარდა ამისა, გამონაყარს ახასიათებს ქავილი, რაც ინფექციის შეჭრის წინაპირობაა.

ერთი კვირის შემდეგ წყლულები მთლიანად ხორცდება და ეროზიულ ქერქებს ტოვებს, რომლებიც თანდათან ძვრება და ინფექციაც სრულდება. 

ჩუტყვავილას სხვა ზოგადი სიმპტომებია:

  • დაბალი სიცხე;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • თავის ტკივილი;
  • კუჭის ტკივილი;
  • წვრილი გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს;
  • ლაქოვანი, ჩირქოვანი გამონაყარი;
  • ფუფხოვანი გამონაყარი. 

დიაგნოსტირება და მკურნალობა

ჩუტყვავილას დიაგნოსტირება ხდება ანამნეზისა და გამონაყარის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. 

ჩუტყვავილას მკურნალობა კი სიმპტომურია. საჭიროა ბევრი სითხის მიღება, კანის სისუფთავის ზედმიწევნით დაცვა, რათა დაზიანებულ უბნებში ინფექცია არ შეიჭრას და მეორეული ბაქტერიული ინფექციები არ განვითარდეს.

ჩუტყვავილას პრევენციისთვის გამოიყენება ცოცხალი ვაქცინა, რომელიც 12 თვიდან კეთდება და 90%-ით იცავს ბავშვს ჩუტყვავილასგან, ინფიცირების შემთხვევაში კი უზრუნველყოფს, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდეს.

 

ყბაყურას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ყბაყურა?

ყბაყურა ვირუსული ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია პარამიქსოვირუსების ჯგუფის ვირუსით. ყბაყურა აზიანებს ჯირკვლოვან ორგანოებს, ყველაზე მეტად სანერწყვე ჯირკვლებს, თუმცა შეუძლია დააზიანოს სათესლე ჯირკვლებიც, თავის ტვინი და პანკრეასი. 

ყბაყურა იწყება შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, ყბაყურა ჯირკვლის გადიდებით, რასაც მოჰყვება ენისქვეშა და ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების გადიდება. ჯირკვლების გადიდებას თან ახლავს ტკივილი, რომელიც უფრო საგრძნობია ღეჭვის დროს. 

ზოგადად ყბაყურას სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ცხელებას;
  • ჯირკვლების გადიდებას და ტკივილს;
  • თავის ტკივილს;
  • კუნთების ტკივილს;
  • დაღლილობას;
  • მადის დაქვეითებას;
  • გულისრევას.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ყბაყურას?

ყბაყურას ზოგჯერ შეიძლება მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  • ორქიტი – სათესლე ჯირკვლების შეშუპება და ანთება;
  • ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება;
  • ენცეფალიტი – თავის ტვინის ანთება;
  • მენინგიტი – ტვინის გარსების ანთება;
  • პანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;
  • სმენის დაკარგვა.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

საწყის ეტაპზე ყბაყურას დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ანამნეზი და ჯირკვლების გასინჯვა.

დიაგნოსტირების პროცესში გამოყენებული შეიძლება იყოს:

  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტი;
  • IgG ანტისხეულების რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა.

ყბაყურას მკურნალობა ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე. როგორც წესი, ყბაყურა თავისთავად გადის რამდენიმე კვირაში. 

ყბაყურას პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.  წითელას, წითურას და ყბაყურას თავიდან აცილებისთვის არსებობს MMR და MMRV ვაქცინები, რომლებიც ტარდება ბავშვობის ასაკში და მათი გაკეთება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

ყივანახველას სიმპტომები - როგორ ამოვიცნოთ ინფექცია?

ყივანახველა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Bordetella pertussis. ყივანახველას ახასიათებს ციკლური მიმდინარეობა და პაროქსიზმული (შეტევითი), სპაზმური და გახანგრძლივებული ხველა.

ყივანახველას ადრეული სიმპტომები გაციების მსგავსია, მათ შორისაა: სურდო, მსუბუქი ცხელება და ხველა. 1-2 კვირის შემდეგ კი სიმპტომები ძლიერდება და იწყება შეტევითი, სპაზმური, ყივილის მსგავსი ხველა. ხველას შეიძლება თან ახლდეს ღებინება. გარდა ამისა, ყივანახველას ახასიათებს დაღლილობის შეგრძნება.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ყივანახველას?

გასათვალისწინებელია, რომ ყივანახველას ზოგჯერ მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ახლავს თან. 

ყივანახველას გართულებები შეიძლება იყოს:

  • წონის კლება;
  • უნებლიე შარდვა;
  • ნეკნის მოტეხილობა მწვავე ხველების  გამო;
  • პნევმონია;
  • კონვულსია;
  • აპნოე;
  • ენცეფალოპათია;
  • კრუნჩხვები.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

ყივანახველას დიაგნოსტირებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს კლინიკური შეფასების მეთოდი - სიმპტომებზე დაკვირვება, განსაკუთრებით კი ხველის შემდგომ ხმოვანებაზე. 

ექიმისთვის ყივანახველას დიაგნოზის მთავარი მაჩვენებელი შეიძლება იყოს გახანგრძლივებული და ინტენსიური ხველა, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ღებინება ან სუნთქვის გაძნელება.

თუმცა ყივანახველას დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი ლაბორატორიული ანალიზები:

  • ნაზოფარინგეალური ნაცხის ტესტი;
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტი;
  • სეროლოგიური ანალიზი IgG და IgA ანტისხეულების გამოსავლენად.

ყივანახველას მკურნალობა ძირითადად ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე. დაავადების ადრეულ ეტაპზე ზოგჯერ ანტიბიოტიკებით მკურნალობასაც იყენებენ.

ყივანახველას პრევენციის საუკეთესო გზა დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას (DTaP) ვაქცინაა. ეს არის კომბინირებული ვაქცინა, რომელიც ყივანახველასთან ერთად იცავს ადამიანებს დიფტერიისა და ტეტანუსისგან.