
ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ის 100-ზე მეტ ტიპს აერთიანებს, რომელთა ნაწილიც თავისით ქრება, ნაწილი კი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მაგალითად, სიმსივნეს.
მაღალი და დაბალი რისკის შემცველ პაპილომა ვირუსს სწორედ იმის მიხედვით განასხვავებენ, თუ რამდენად დიდი შანსია, რომ მან ონკოლოგიური დაავადება გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ასეთი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან ხელმისაწვდომია ვაქცინა, რომელიც პრევენციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.
პაპილომა ვირუსი მამაკაცებში
პაპილომა ვირუსი კაცებში ხშირად სრულიად უსიმპტომოა. ამის მიუხედავად, ისინი ინფექციის გადამტანები იმ შემთხვევაშიც არიან, როცა რაიმე ხილული ნიშანი არ აქვთ. ვირუსი მათგან სხვასთან სქესობრივი კონტაქტით ან კანით-კანზე შეხებით გადადის.
პაპილომა ვირუსის სიმპტომები კაცებში მეჭეჭების სახით შეიძლება გამოვლინდეს, უფრო იშვიათად კი ის სიმსივნის წარმოქმნას განაპირობებს. გენიტალური პაპილომა ვირუსი მამაკაცებში ყველაზე ხშირად დაბალი რისკის შემცველი მე-6 და მე-11 ტიპის პათოგენითაა გამოწვეული. მაღალი რისკის მე-16 და მე-18 ტიპის პაპილომა ვირუსი ასოზე, ანუსსა და ყელში გაჩენილ სიმსივნეებს უკავშირდება. ვირუსით ინფიცირების გამო ანალური სიმსივნის განვითარების ყველაზე დიდი რისკის წინაშე არიან კაცები, რომლებსაც ჰომოსექსუალური სქესობრივი კავშირები აქვთ.
ის, თუ რა გავლენას იქონიებს პაპილომა ვირუსი კაცის (და, ზოგადად, ადამიანის) ორგანიზმზე, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა იმუნური სისტემის მდგომარეობა, სქესობრივი ცხოვრების თავისებურებები და ზოგადი ჯანმრთელობა. მაგალითად, სუსტი იმუნიტეტის დროს პაპილომა ვირუსის გამო ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის შანსი იმატებს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კაცებისთვისაც ხელმისაწვდომია ვაქცინა, რომლითაც ყველაზე საშიში შტამებისგან თავდაცვა და ინფექციის გავრცელების პრევენციაა შესაძლებელი. რაც შეეხება დიაგნოსტირებას, პაპილომა ვირუსის ანალიზი კაცებში შედარებით რთულია, რადგან სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პაპ-ტესტი ჯერჯერობით არ გვაქვს. ინფექციის დიაგნოსტირებისთვის ვიზუალური დათვალიერება, ანალური პაპ-ტესტი, ბიოფსია ან ვირუსის დნმ ტესტი გამოიყენება.
პაპილომა ვირუსი ქალებში
პაპილომა ვირუსი ქალებისთვის უფრო სარისკოდ მიიჩნევა, ვიდრე კაცებისთვის, რადგან ის საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. საუბარია მე-16 და მე-18 ტიპის ვირუსებზე, რომლებიც ამგვარი სიმსივნის თითქმის ყველა შემთხვევაზეა პასუხისმგებელი.
პაპილომა ვირუსი საშოში მოხვედრის შემდეგ საშვილოსნოს ყელის შემადგენელი უჯრედების ცვლილებას იწვევს და, თუ მკურნალობა დაგვიანდა, სიმსივნური ქსოვილების ზრდას ედება საფუძვლად. ამ პროცესს ხშირად წლები სჭირდება, ამიტომ ექიმები ქალებს ურჩევენ, რომ პაპ-ტესტი პერიოდულად გაიკეთონ.
მეჭეჭები პაპილომა ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომია, რომელიც ქალებშიც გვხვდება. ისინი შეიძლება გაჩნდეს როგორც ვულვაზე (ყველაზე გავრცელებული ფორმა), ისე საშოში, ანუსთან ან საშვილოსნოს ყელში. ეს, ძირითადად, დაბალი რისკის შემცველ ტიპებს უკავშირდება. შედარებით აგრესიული ტიპის პაპილომა ვირუსი ყელში, ვულვაზე ან საშვილოსნოს ყელში კიბოს განვითარების რისკს ზრდის.
როგორც წესი, პაპილომა ვირუსი და ორსულობა ერთმანეთს არ უშლის ხელს. ამ დროს დაფეხმძიმება შესაძლებელია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს გართულებებს იწვევს. მაგალითად, თუ ქალს დიდი რაოდენობით მეჭეჭები აქვს, შესაძლოა, ვაგინალური მშობიარობა გართულდეს ან ორსულობისას ჰორმონალურმა ცვლილებებმა მეჭეჭების გავრცელება განაპირობოს. ძალიან იშვიათად მშობიარობისას ინფექცია ბავშვზეც გადადის.
ისევ და ისევ, პაპილომა ვირუსისგან თავდასაცავად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანია. აცრა რეკომენდებულია მანამ, სანამ ადამიანი სექსუალურად აქტიური გახდება, მაგრამ შემდეგაც დაშვებულია.
პაპილომა ვირუსი ბავშვებში
როგორც უკვე ვახსენეთ, შესაძლებელია, რომ პაპილომა ვირუსი დედიდან ბავშვზე მშობიარობისას საშოდან გადავიდეს, იშვიათად კი ამისთვის კანით-კანზე შეხებაც საკმარისია. ამ დროს ინფიცირებულ ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება ლარინგალური პაპილომატოზია, რომელიც სასუნთქ გზებში, კონკრეტულად ყელში, მეჭეჭების წარმოქმნას გულისხმობს.
მწვავე ფორმებში ეს სუნთქვის გაძნელებას იწვევს. მსგავსი გართულება მაშინაა მოსალოდნელი, როცა ჩვილის ორგანიზმი მე-16 და მე-11 ტიპის, ანუ დაბალი რისკის, პაპილომა ვირუსით ინფიცირდება. ლარინგალური პაპილომატოზი ზოგჯერ ძნელად იკურნება და რამდენიმე ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ერთზე მეტი ოპერაციის აუცილებლობა უფრო მეტად მაშინ ჩნდება, როცა ყელში ბევრი მეჭეჭია გაზრდილი და მათი ერთბაშად მოშორება ვერ ხერხდება.
როგორც კაცებისა და ქალების შემთხვევაში, ბავშვებშიც პაპილომა ვირუსის პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა. ექიმების რეკომენდაციაა, რომ აცრა გარდატეხის ასაკამდე გაკეთდეს. საუკეთესო პერიოდად 11-12 წელი მიიჩნევა, მაგრამ ინიექცია 9 წლის ასაკშიც შესაძლებელია.
ადრეული ვაქცინაცია ნიშნავს, რომ ბავშვის იმუნური სისტემა პოტენციურად საშიშ ვირუსებს თავიდანვე მომზადებული დახვდება და მათ ეფექტიანად მოიგერიებს. როგორც წესი, პაპილომა ვირუსთან პირველი შეხება სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებისას გვაქვს, ამიტომ თავის დაზღვევა ამ პერიოდის დადგომამდე არის საჭირო. განსაკუთრებით იმისთვის, რომ მაღალი რისკის შტამები ავირიდოთ, რომლებიც სიმსივნის გაჩენის საშიშროების წინაშე გვაყენებს.
მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებაც, რათა სქესობრივად გადამდებ ინფექციებთან, მათ შორის პაპილომა ვირუსთან, დაკავშირებული საფრთხეები გააცნობიერონ.
როგორ ვრცელდება პაპილომა ვირუსი?
პაპილომა ვირუსი მხოლოდ დაუცველი სქესობრივი კავშირისას არ ვრცელდება. რა თქმა უნდა, პრეზერვატივი ერთგვარ ბარიერს ქმნის და ინფიცირების შანსებს ამცირებს, რის გამოც მისი გამოყენება რეკომენდებულია. ამის მიუხედავად, დაცული სექსის დროსაც კი კანი კანს მაინც ეხება, რაც ინფექციის გადადების ერთ-ერთი გზაა. რისკს ზრდის სექსუალური პარტნიორების სიმრავლეც.
ასეთი ინფექციების 90% დაახლოებით 2 წელში თავისით ქრება, მაგრამ, ვინაიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანი გადამდებია, პერიოდულად პაპ-ტესტის გაკეთება სასურველია. როცა თავს მეჭეჭები იჩენს, მათ მოსაშორებლად ელექტრულ ან მოყინვით მანიპულაციებსა და მედიკამენტებს იყენებენ, რომლებიც წანაზარდებს აშრობს და მათ გავრცელებას უშლის ხელს. ასეთია, მაგალითად, პაპილ დერმა, რომელიც გენიტალური და პერიანალური კონდილომების სამკურნალოდ გამოიყენება.
უნდა ვიცოდეთ, რომ ამით თავად ინფექცია არ იკურნება, არამედ მხოლოდ მის გარეგან სიმპტომს ვებრძვით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის შემდეგ ზოგჯერ მეჭეჭები მაინც ბრუნდება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account