ფევარინი — მედიკამენტი დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის

ფევარინი არის მედიკამენტი, რომელიც სხვადასხვა გენეზის დეპრესიების და ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს პრეპარატი ანტიდეპრესანტთა ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. 

 

ხელმისაწვდომია ფევარინის როგორც 50 მგ-იანი, ისე 100 მგ-იანი ვერსიები, ამასთან მის შეფუთვაში შეიძლება იყოს 15, 30 ან 60 ტაბლეტი. შესაბამისად, მედიკამენტის ფასი ამ მახასიათებლების მიხედვით განსხვავებულია.

 

როგორია ფევარინის გამოყენების წესი და დოზირება?

 

ფევარინის ინსტრუქციის თანახმად, დეპრესიის შემთხვევაში მედიკამენტის რეკომენდებული საწყისი დოზა 50 ან 100მგ-ს შეადგენს ერთჯერადად, საღამოს. ეფექტიანი დოზირების მიღწევამდე მიზანშეწონილია მისი თანდათან გაზრდა. 

 

აღსანიშნავია, რომ ეფექტიანი სადღეღამისო დოზა პაციენტისთვის ინდივიდუალურად, მკურნალობის პროცესზე მისი რეაქციის მიხედვით შეირჩევა. როგორც წესი, ის 100 მგ-ს შეადგენს, თუმცა სადღეღამისო დოზამ შეიძლება 300 მილიგრამსაც მიაღწიოს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ის 150 მგ-ს აჭარბებს, აუცილებელია, დოზა რამდენიმე მიღებაზე გადანაწილდეს.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის გაგრძელებას რემისიის პერიოდშიც, დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მიზანშეწონილია, რომ პაციენტმა, დეპრესიის რეციდივის პროფილაქტიკისთვის, ყოველდღიურად, დღეში ერთხელ, ფევარინის 100 მილიგრამიანი დოზა მიიღოს.

 

თუ საქმე ობსესიურ-კომპულსიურ მოშლილობასთან გვაქვს, ფევარინით მკურნალობის საწყისი დოზა 50 მგ-ს უნდა შეადგენდეს (3-4 დღის განმავლობაში). ეფექტიანი სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ამ შემთხვევაშიც 100-300 მილიგრამია და რეკომენდებულია საწყისი დოზის თანდათან ამ სიდიდემდე გაზრდა. 150 მგ-ის ოდენობით დოზის მიღება დღეში ერთხელ შეიძლება და სასურველია, ეს საღამოს მოხდეს. 

 

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფევარინის საწყისი დოზა 50 მილიგრამია, შემანარჩუნებელი დოზა კი დღეში 50-200 მგ-ს შეადგენს. მედიკამენტის სადღეღამისო დოზა 200 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ამასთან, რეკომენდებულია 100 მგ-ზე მაღალი სადღეღამისო დოზის ორ ან სამ მიღებად განაწილება.

 

ფევარინზე კარგი რეაქციის შემთხვევაში, შესაძლებელი მკურნალობის გაგრძელება პაციენტისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სადღეღამისო დოზით.

 

ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, ის მთლიანად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად უნდა გადაყლაპოთ.

 

გაითვალისწინეთ: მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, დოზის თანდათან შემცირებით.

 

როგორია ფევარინის უკუჩვენებები? 

 

ფევარინის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ამ მედიკამენტის მიღება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. გარდა ამისა, ფევარინის გამოყენება დაუშვებელია როგორც ტიზანიდინთან, ისე — მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად. 

 

ამასთან, მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში და ასევე მათში, ვისაც აღენიშნება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

 

  • ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა;
  • ეპილეფსია;
  • კრუნჩხვები ანამნეზში;
  • სისხლდენისადმი მიდრეკილება;
  • ორსულობა.

 

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ფევარინი დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

ბავშვებში კი, კლინიკური გამოცდილების არარსებობიდან გამომდინარე, დეპრესიის სამკურნალოდ მედიკამენტის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული.

 

გაფრთხილება: ნებისმიერ შემთხვევაში ფევარინი ექიმის დანიშნულებაზე დაყრდნობით უნდა გამოიყენოთ და არა — თვითნებურად.

 

რა გვერდითი ეფექტები ახლავს თან ფევარინს? 

 

ფევარინის გამოყენებისას პაციენტებს ყველაზე ხშირად უვლინდებათ გულისრევის შეგრძნება, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ღებინებაც. როგორც წესი, ეს გვერდითი ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან პირველ ორ კვირაში ქრება.

 

აღსანიშნავია, რომ ფევარინის კლინიკური გამოკვლევის დროს გამოვლენილი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა არა თავად მედიკამენტს, არამედ დეპრესიის სიმპტომებს უკავშირდებოდა. მათ შორის ყველაზე ხშირია:

 

  • თავის ტკივილი;
  • სისუსტე;
  • ტაქიკარდია;
  • ანორექსია;
  • შეკრულობა;
  • მუცლის ტკივილი;
  • პირის სიმშრალე;
  • დიარეა;
  • საჭმლის მონელების დარღვევა;
  • შფოთვა;
  • ნევროზულობა;
  • აჟიტირება;
  • უძილობა ან ძილიანობა;
  • თავბრუსხვევა;
  • ტრემორი (უნებლიე რხევითი მოძრაობა, რომელიც მთელ სხეულს ან მის რომელიმე ნაწილს მოიცავს;
  • ოფლიანობა.

 

გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი ეფექტებიც, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი სია არ მოიცავს.