
თრომბის წარმოქმნასა და სისხლის შედედებას ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია, მაგრამ ამ გართულებების საწინააღმდეგოდ არსებობს სხვადასხვა პრეპარატი. მათ შორისაა დისგრენი - ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვების დახშობას სისხლის თრომბებისგან.
მედიკამენტი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის, ასევე სტაბილური და არასტაბილური ანგინის და ინსულტის პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომელთაც ეს მდგომარეობები წარსულში აღენიშნებოდათ.
დისგრენი ასევე ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ გულის შუნტირება, ასევე საშუალო მოქმედების პერორალურ ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - კარდიოვასკულური შემთხვევების პრევენციისთვის წინაგულოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტებში.
დისგრენის კაფსულები შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტრიფლუზალს (თითოეული კაფსულა შეიცავს 300 მგ ტრიფლუზალს), დამხმარე ნივთიერებებს: ჟელატინს (კაფსულის გარსში) და საბეჭდ მელანს რკინის წითელი ოქსიდის (E-172) შემცველობით.
როგორ უნდა დალიოთ დისგრენი - მიღების წესები და დოზები
დისგრენი უნდა მიიღოთ პერორალურად. კაფსულა იყლაპება დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით, სასურველია ჭამის დროს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში, ერთჯერადი დოზის სახით ან დაყოფილი ორ დოზად, ან 3 სამ კაფსულას, დღეში დაყოფილი სამ დოზად.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
გაითვალისწინეთ: დისგრენი უნდა მიიღონ მხოლოდ მოზრდილებმა.
ვისთვის არ შეიძლება პრეპარატის მიღება?
დისგრენის მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში:
- თუ გაქვთ კუჭის წყლული (მწვავე ან წარსულში გადატანილი);
- თუ გაქვთ ნებისმიერი სხვა დაავადება, რომელიც იწვევს სისხლდენას;
- თუ ხართ ალერგიული ტრიფლუზალის ან სხვა სალიცილატების მიმართ;
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დისგრენთან დაკავშირებით:
- თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა;
- თუ გაქვთ სისხლდენის მაღალი რისკი, რაიმე პათოლოგიური მდგომარეობის გამო, ან ღებულობთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში;
- თუ აპირებთ ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებას (აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დისგრენით მკურნალობის შეწყვეტა 7 დღით ადრე);
- თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, მკურნალობის აუცილებლობა მხოლოდ მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას და გამოტოვებას?
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით დისგრენი შეიძლება, განვითარდეს სიმპტომები: თავის ტკივილი, შუილი ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, გახშირებული სუნთქვა.
ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მიაკითხეთ უახლოეს კლინიკას.
იმ შემთხვევაში, თუ გამოტოვეთ დისგრენის მიღება, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ და ჩვეულებრივ გააგრძელეთ მკურნალობა.
რა გვერდით მოვლენები შეიძლება ახლდეს პრეპარატის მიღებას?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, დისგრენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა: სიმძიმე კუჭის არეში, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ღებინება, შებერილობა, ან ფაღარათი. ეს სიმპტომები, როგორც წესი, საშუალო სიმძიმისაა და გაივლის რამდენიმე დღეში, მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.
რაც შეეხება უფრო მძიმე გვერდით მოვლენებს, ისინი უფრო იშვიათია, თუმცა ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირებულია: სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, სისხლი შარდში, სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან ან თავის ტვინში სისხლჩაქცევა. ასევე დაფიქსირებულია კანის ჰიპერსენსიტიურობის ცალკეული შემთხვევები მზეზე ყოფნის შედეგად.
თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე ზემოთაღნიშნულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
შეიძლება თუ არა დისგრენის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად?
თუ იღებთ, ან წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იღებდით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს ან ანტიკოაგულანტებს, ამ პრეპარატების ეფექტები, მათ შორის დისგრენის, შეიძლება გაძლიერდეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account