
ბროვენსინი/BROVENSIN ხველისა და გაციების დროს გამოსაყენებელი კომბინირებული სამკურნალწამლო საშუალებაა, რომელიც რომელიც ასევე გამოიყენება ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ტრაქეობრონქიტის, პნევმონიის, პნევმოკონიოზისა და ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ.
ბროვენსინი გამოდის სიროფის სახით და მისი შეძენა შეგიძლიათ პსპ-ს აფთიაქებში. იგი უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებით, გამოყენებამდე კი სასურველია ყურადღებით გაეცნოთ ანოტაციას.
რას შეიცავს ბროვენსინის სიროფი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?
ბროვენსინის სიროფი ვარდისფერი ბლანტი სითხეა, რომელიც შეიცავს: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს, ტერბუტალინის სულფატს და გვაიფენეზინს; ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ბენზოინის მჟავას, ლიმონმჟავას მონოჰიდრატს, გლიცერინს, პონსო 4R სუპრას, პროპილენგლიკოლს, კალიუმის სორბატს, პოლიეთილენგლიკოლს (1500), ნატრიუმის საქარინს, ჟოლოს არომატიზატორს, მენთოლს, სორბიტოლის 70%-იან ხსნარს და გასუფთავებულ წყალს.
პრეპარატის თერაპიული მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით, კერძოდ:
- ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ამოსახველებელი მოქმედების მქონე მუკოლიზური საშუალებაა, ათხიერებს ბრონქიალურ სეკრეტს მასში შემავალი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დეპოლიმერიზაციით და ბრონქების ლორწოვანას სეკრეტორული უჯრედების სტიმულაციით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნეიტრალური პოლისაქარიდების შემცველ სეკრეტს. ბრომჰექსინი ასევე ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს სუნთქვის პროცესში ალვეოლური უჯრედების სტაბილურობას.
- ტერბუტალინის სულფატი, რომელიც ადრენომიმეტური საშუალებაა, ასტიმულირებს ბრონქების β2-ადრენორეცეპტორებს და ახდენს ბრონქოდილატაციურ მოქმედებას, ამცირებს ბრონქების ლორწოვანას შეშუპებას და ზრდის მუკოცილიარულ კლირენსს.
- გვაიფენეზინი ამოსახველებელი საშუალებაა, რომლის მოქმედებაც დაფუძნებულია ზედაპირული დაჭიმულობისა და ბრონქების ლორწოვანაზე ნახველის შეწებების შემცირებაზე. იგი აძლიერებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის მოქმედებას და აიოლებს სასუნთქი გზებიდან ნახველის გამოყოფის პროცესს. გვაიფენეზინს ასევე გააჩნია ანქსიოლიზური მოქმედებაც.
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები — ის რაც ბროვენსინის მიღებამდე უნდა იცოდეთ
ბროვენსინის უკუჩვენებებს წარმოადგენს:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- გულის რითმის დარღვევები;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- სისხლდენისადმი მიდრეკილება;
- ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი;
- 8 წლამდე ბავშვთა ასაკი.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, პრეპარატის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი სახის გვერდითი მოქმედებები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივი: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა, პეპტიური წყლულის გამწვავება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი: გულისცემის გაძლიერება, ტაქიკარდია.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა.
ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება (ხველა ნარჩუნდება ან ხველასთან ერთად ვლინდება ჰიპერთერმია, გამონაყარი კანზე, ხანგრძლივი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი), აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება თუ გამოვლინდა მომატებული ნერვული აგზნებადობა, თავბრუსხვევა ან ძილის დარღვევები.
განსაკუთრებული მითითებები — რა უნდა გავითვალისწინოთ
ბროვენსინი არ უნდა მიიღოთ კოდეინის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფის პროცესს.
ბროვენსინთან ერთად არ უნდა მიიღოთ დამატებით სხვა ამოსახველებელი პრეპარატები.
სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში (გართულებული სუნთქვა, სახის, კისრის, ყელის შეშუპება), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატით მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
ნუ მიიღებთ ბროვენსინს თუ თქვენ გაქვთ პეპტიური წყლული.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილითა და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებიც ავადობენ ასთმით, სასუნთქი გზების ანთებით (ბრონქიტი), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, ემფიზემით, ფილტვების შეშუპებით, მწეველის ხველით, პორფირიით, გლაუკომით. ასევე იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები და შარდვის გართულება, რომელიც განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტონია, გულის უკმარისობა, არითმია, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი და გულყრით მიმდინარე სხვადასხვა დარღვევები.
გაითვალისწინეთ: პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი.
როგორია პრეპარატის დოზირება და გამოყენების წესი
ბროვენსინის მიღება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით:
- მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - სიროფის 10 მლ 3-ჯერ დღეში;
- 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: სიროფის 5 მლ 3-ჯერ დღეში;
- 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: სიროფის 2, 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება ჭამიდან 30 წუთის შემდეგ, განუზავებლად, ან წყლით განზავებული. დოზირებისათვის გამოიყენება სპეციალური საზომი ჭიქა, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: ტაქიკარდია, ტრემორი, ცნობიერების დარღვევები, კრუნჩხვები, ექსტრასისტოლია, ჰიპოტენზია, ჰიპოკალიემია. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და სიმპტომური თერაპია.
როგორია პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბროვენსინის ერთდროული მიღება სიმპატომიმეტიკებთან და ტეოფილინთან აძლიერებს მასში შემავალი ტერბუტალინის მოქმედება და გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობას ზრდის.
ბროვექსინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისა (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი) და სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებების შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში.
კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, საგულე გლიკოზიდებთან და დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენები არ არის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account