
კრეზამი (Krezam) წარმოადგენს ფერმენტულ მედიკამენტს, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს. მის შედგენილობაში არსებული ფერმენტები — ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა — ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებას, ამასთან წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ შთანთქმას უწყობს ხელს.
როდის ნიშნავენ პრეპარატს — გამოყენების ჩვენებები
პრეპარატის ინსტრუქციის თანახმად, კრეზამის ჩვენებები ასეთია:
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის დროს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:
- მუკოვისციდოზი (ასევე ცნობილი, როგორც კისტოზური ფიბროზი — მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სხეულის სხვა ორგანოების დაზიანებას);
- ქრონიკული პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება);
- კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
- სადინარების დახშობა, რაც სიმსივნით არის განპირობებული;
- შვახმან-დაიმონდის სინდრომი (მემკვიდრეობითი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ზემოქმედებს სხეულის მრავალ ნაწილზე, განსაკუთრებით ძვლის ტვინზე, პანკრეასზე და ძვლებზე).
- ასაკოვანი პაციენტები;
- პანკრეატექტომია (პანკრეასის ამოკვეთის ოპერაცია).
საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას სიმპტომური თერაპიის სახით:
- ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის (ქოლეცისტექტომია) შემდგომი პერიოდი;
- კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (დაავადებული ორგანოს სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა);
- ტოტალური გასტრექტომია (კუჭის სრულად ამოკვეთის ოპერაცია);
- დუოდენოსტაზი (მდგომარეობა, რომლის დროსაც თორმეტგოჯა ნაწლავის მოტორული ფუნქცია ირღვევა, რაც მასში საჭმლის მასის ხანგრძლივ გაჩერებას იწვევს);
- გასტროსტაზი (მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მოტორული ფუნქცია ირღვევა, რაც ამ ორგანოში საკვების ხანგრძლივ გაჩერებას განაპირობებს);
- ნაღვლის სადინარების დახშობა;
- ქოლესტაზური ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი (მუდმივი ნაწიბური, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ხელს უშლის მის ფუნქციონირებას);
- წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია;
- წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
პრეპარატი ასევე გამოიყენება:
- საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად იმ პაციენტებში, რომელთა კუჭ-ნაწლავის ფუნქცია ნორმალურია, თუმცა კვების რეჟიმი — არასწორი;
- მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად.
მედიკამენტი კრეზამი ხელმისაწვდომია კაფსულების სახით, რომლებიც შეიძლება 10000მგ-იანი და 25000მგ-იანი იყოს — როგორც წესი, ფასის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ეს ფაქტორია. შეფუთვაში კი, ჩვეულებრივ, 10 კაფსულია მოთავსებული.
როგორია მედიკამენტის მიღების წესები და დოზირება?
თუ ერთ მიღებაზე წამალი კრეზამის (10000მგ-იანი ან 25000მგ-იანი) 1-ზე მეტი კაფსულის დალევის აუცილებლობა არსებობს, რეკომენდებულია 1 კაფსულის ჭამამდე, ხოლო დანარჩენის უშუალოდ ჭამის დროს მიღება.
გაითვალისწინეთ: კაფსულები ან მინიმიკროსფეროები მთლიანად, დაუღეჭავად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
თუ პაციენტს კაფსულების გადაყლაპვა უჭირს (პატარა ბავშვები და ასაკოვანი პაციენტები), ისინი ფრთხილად უნდა გახსნათ, მინიმიკროსფეროები თხევად საკვებს ან სითხეს შეურიოთ და პაციენტს აუცილებლად მომზადებისთანავე მისცეთ.
საგულისხმოა, რომ მიზანშეწონილი არ არის მინიმიკროსფეროების ისეთ საკვებთან ან სითხესთან შერევა, რომლის მჟავიანობის დონეც 5.5-ს აჭარბებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ირღვევა მინიმიკროსფეროების გარსი, რომელიც მას კუჭის წვენის მოქმედებისგან იცავს.
კრეზამის მოხმარების პარალელურად აუცილებელია მუდმივად საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, განსაკუთრებით მისი ჭარბად დაკარგვის შემთხვევაში. არასაკმარისი სითხის მიღებამ შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს.
რაც შეეხება დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას, ისინი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით განისაზღვრება.
გაითვალისწინეთ: თუ ჭამამდე ან კვების პროცესში კრეზამის მიღება დაგავიწყდათ, შეგიძლიათ, მედიკამენტი ჭამის დასრულების შემდეგ დალიოთ — მისი უფრო გვიან მიღება არ არის მიზანშეწონილი. ამასთან, გამოტოვებული დოზის ანაზღაურებისთვის დამატებით კაფსულს ნუ მიიღებთ.
რა უკუჩვენებები აქვს კრეზამს?
კრეზამის ანოტაციის თანახმად, მედიკამენტი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- მწვავე პანკრეატიტი;
- ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
- ნაღვლის ბუშტის ემპიემა (მძიმე მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ჩირქის დაგროვებით);
- ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის (ყვითელი პიგმენტი, რომელიც ნაღვლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს) მაღალი დონით;
- მექანიკური სიყვითლე (მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს კანისა და თვალების გაყვითლება ნაღვლის სადინარების ბლოკირების გამო);
- ნაწლავის გაუვალობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ პაციენტებში კრეზამი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის/ბავშვისთვის. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში კრეზამის გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასაკმარისი კლინიკური გამოცდილება არსებობს.
გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში კრეზამის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, კრეზამის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორია მედიკამენტის გვერდითი მოვლენები?
პაციენტებს, რომლებიც კრეზამს იღებენ შეიძლება გამოუვლინდეთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- ალერგიული რეაქციები;
- გულისრევის შეგრძნება;
- დისკომფორტი მუცლის არეში;
- შეკრულობა;
- დიარეა;
- პერიანალური არის (ანუსის გარშემო არსებული არე) გაღიზიანება;
გარდა ამისა, კრეზამის საშუალებით ხანგრძლივად და დიდი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:
- ჰიპერურიკოზურია (შარდმჟავას მარილების სიჭარბე შარდში);
- ჰიპერურიკემია (მდგომარეობა, როდესაც სისხლში შარდმჟავას დონე ნორმას აჭარბებს).
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account