
ნიქსარი მედიკამენტია, რომელიც ალერგიული გამოვლინებების დროს მიმართავენ. იგი ახალი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებაა.
ამ წამალს ალერგიული რინიტის ანდა ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება. იგი არაერთი შემაწუხებელი გამოვლინების შემსუბუქებაში შეიძლება დაგვეხმაროს, რომელთა შორისაა: ცემინება, სურდო, ცხვირის გაჭედვა, ცხვირისა თუ ხახის ქავილი, თვალების გაღიზიანება, ცრემლიანობა და ჭინჭრის დასუსხულის მსგავსი გამონაყარი.
ეს პრეპარატი სიმპტომებს კონკრეტული ნივთიერების წყალობით ამცირებს, რომელსაც ბილასტინი ეწოდება. ეს მისი მოქმედი ნივთიერებაა. ბილასტინის დოზის შემცველობის მიხედვით წამალი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, ნიქსარი 10 მგ.-იანი (ნიქსარი 10 მგ. პსპ-ს ქსელში) შემცველობითაც არის ხელმისაწვდომი და 20-მილიგრამიანითაც.
მათ შორის მთავარი განსხვავება ბილასტინის კონცენტრაციაა, ეს კი პრეპარატის მოქმედების სიძლიერეს განაპირობებს. მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს ის, თუ რომელი ვარიანტი იქნება თქვენთვის უკეთესი. შედარებით მაღალი დოზის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, პირდაპირ 20-მილიგრამიანი ვერსია შეიძინოთ (ნიქსარი 20მგ. პსპ-ს ქსელში), ნაცვლად მეტი ტაბლეტის გამოყენებისა.
ნიქსარის ფასი პსპ-ს ქსელში აფთიაქის ვებსაიტზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ეს როგორც ფლაკონში ტაბლეტების რაოდენობაზე, ასევე მოქმედი ნივთიერების შემცველობაზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ნიქსარი 20მგ-ის 10 ტაბლეტის ფასი განსხვავდება 10-მილიგრამიანი 10 ტაბლეტის ღირებულებისგან.
რას გვეუბნება ნიქსარის ანოტაცია — მნიშვნელოვანი დეტალები
სანამ რომელიმე მედიკამენტს მივიღებდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის შესახებ თავადაც გავარკვიოთ და მხოლოდ ექიმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ დავჯერდეთ. კონსულტაციის დროს ზოგჯერ ყველა ნიუანსის განხილვა ვერ ხერხდება, ამიტომ წამლის მახასიათებლებში გათვითცნობიერება საფრთხეებისგან დამატებით დაგვიცავს.
მოდით, ამ მიზნით ნიქსარის (20 მგ) ანოტაცია ჩავშალოთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე?
ნიქსარის მიღება დაუშვებელია, თუ ბილასტინზე ან წამალში შემავალ სხვა ნივთიერებაზე ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) გაქვთ. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატის კომპონენტები მის მიღებამდე გადაამოწმოთ ანოტაციაში.
ნიქსარის ანოტაცია გვეუბნება, რომ ამ წამალში შემავალი დამატებითი ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიკოლატის სახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი და კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი.
გასათვალისწინებელია, რომ 12 წელს მიუღწეველ პაციენტებში ამ მედიკამენტის (იგულისხმება 20 მგ.-იანი ვერსია) გამოყენება სასურველი არ არის. ალერგიის სამკურნალოდ არაერთი სხვა ეფექტიანი საშუალება არსებობს, ამიტომ ექიმი მოზარდს უკეთეს ალტერნატივას შეურჩევს ან ბილასტინს უფრო დაბალი დოზით დანიშნავს.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მაშინ, თუკი პაციენტს თირკმელების ფუნქციის საშუალო ან მძიმე დარღვევა აღენიშნება. სიფრთხილეა საჭირო მაშინაც, თუკი პარალელურად სხვა სამკურნალო საშუალებებს იღებთ (ან ახლო წარსულში მიიღეთ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ან ფარმაცევტს ეს ინფორმაცია სრულყოფილად მიაწოდოთ.
აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მკურნალი, თუ შემდეგ პრეპარატებს იყენებთ (ან გამოიყენეთ):
- კეტოკონაზოლი;
- ერითრომიცინი;
- დილთიაზემი;
- ციკლოსპორინი;
- რიტონავირი;
- რიფამპიცინი.
გაითვალისწინეთ, რომ დაზუსტებული არაა, რამდენად უსაფრთხოა ბილასტინი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. შესაბამისად, ასეთ დროს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის ამ პრეპარატის გამოყენება.
ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ნიქსარი 20მგ. დოზით (დღეში) მიღებისას არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად, შესაძლოა, პრეპარატმა ძილიანობა გამოიწვიოს, რაც აღნიშნულ უნარს შეასუსტებს. შესაბამისად, უნდა მოერიდოთ ავტომობილის მართვას, თუ მსგავსი გვერდითი ეფექტი გამოგივლინდათ.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ნიქსარი 20 მგ. დოზით გამოყენებისას არ აძლიერებს ძილიანობას, რომელსაც ალკოჰოლი იწვევს. შესაბამისად, პრეპარატისა (აღნიშნული დოზით) და ალკოჰოლის ერთად გამოყენება საფრთხეს ნაკლებად ქმნის.
იგივე შეიძლება ითქვას ნიქსარის 10მგ.-იანი დოზით მიღების შემთხვევაზეც.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები ზოგჯერ ნიქსარის გამოყენების დროსაც ვლინდება. ეს ყველა პაციენტში არ ხდება; განსხვავებულია კონკრეტული სიმპტომების გამოვლენის სიხშირეც.
ხშირია, ანუ 100 პაციენტიდან დაახლოებით 1-10 შემთხვევაში გვხვდება:
- თავის ტკივილი;
- მოთენთილობა.
შედარებით იშვიათია და 1000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში გვხვდება:
- თავბრუსხვევა (შეუძლოდ ყოფნის ანდა ტრიალის შეგრძნება);
- სისუსტე და დაღლილობა;
- მადის ანდა სხეულის მასის მომატება;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- დიარეა;
- გასტრიტი;
- საკვების მოუნელებლობა;
- წყურვილი;
- პირის/ცხვირის სიმშრალე;
- ჰერპესი სახეზე ან პირის ღრუში;
- სუნთქვის გაძნელება;
- ქავილი;
- ცხელება;
- ყურებში ხმაური;
- მოუსვენრობა;
- ძილის დარღვევა;
- გულის მუშაობის შეფერხება;
- თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- სისხლში ცხიმების შემცველობის ზრდა;
- ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე.
იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ჩამოთვლილმა სიმპტომმა ძალიან შეგაწუხათ. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. იგივე უნდა გააკეთოთ მაშინაც, თუ სხვა სახის გვერდითი მოვლენა გამოგივლინდებათ.
ნიქსარის მიღების ინსტრუქცია
იმისათვის, რომ წამალი მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს, მისი გამოყენების წესები უნდა დავიცვათ.
ბილასტინი 12 წელს ზემოთ ადამიანებში, მათ შორის ხანდაზმულებშიც, ერთნაირი გზით მიიღება. ნიქსარის ინსტრუქცია შემდეგნაირია:
- დღე-ღამეში წამლის თითო ტაბლეტი უნდა მიიღოთ;
- ტაბლეტს ჭიქა წყალი უნდა დააყოლოთ;
- ეს უზმოზე უნდა გააკეთოთ და მომდევნო ერთი საათით კვებისგან თავი შეიკავოთ.
მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტთან ერთად გრეიპფრუტისა და სხვა ხილის წვენები არ დალიოთ, რადგან ეს პრეპარატის მოქმედებას ამცირებს. შეგიძლიათ, წვენი ნიქსარის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ მიირთვათ ანდა ნიქსარი მიიღოთ წვენის დალევიდან 2 საათის შემდეგ.
ცნობისთვის, ნაჭდევი ტაბლეტს იმისთვის არა აქვს, რომ იგი თანაბარ დოზებად გავყოთ. რეალურად, ტაბლეტის გაყოფა იმას ემსახურება, რომ მისი გადაყლაპვა გაგვიადვილდეს.
ეს ნიქსარის დოზირების ზოგადი წესებია. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა რაოდენობითა და ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოთ ეს წამალი.
როგორ მოვიქცეთ პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას?
ნიქსარის ზედოზირება შესაძლებელია. თუკი პრეპარატს იმაზე დიდი რაოდენობით მიიღებთ, ვიდრე დანიშნული გქონდათ, სიფრთხილის მიზნით, უმჯობესია, ექიმს დაუკავშირდეთ.
მაშინ, თუკი დოზას გამოტოვებთ, ანაზღაურების მიზნით წამალი ორმაგი რაოდენობით არ მიიღოთ. დავიწყების შემთხვევაში წამალი მაშინ დალიეთ, როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგი დოზა კი ჩვეულებრივ დროს მიიღეთ.
დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის შესახებ
ეს წამალი აფთიაქებიდან ურეცეპტოდ გაიცემა. ნიქსარი პსპ-ს ონლაინ აფთიაქშიც შეგიძლიათ შეიძინოთ.
პრეპარატი გამოშვებიდან 5 წლის განმავლობაშია ვარგისი. წამალს ვადა კოლოფსა და ბლისტერზე აქვს მითითებული. ამ დროის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არ უნდა დადოთ. სხვა მხრივ, შენახვის განსაკუთრებული წესების დაცვა საჭირო არაა.
ცნობისთვის, თუკი ამ წამლის გადაგდებას გადაწყვეტთ, უმჯობესია, იგი კანალიზაციის მილში ან ნაგავთან ერთად არ მოხვდეს. შეგიძლიათ, საამისო რეკომენდაციებისთვის ფარმაცევტს მიმართოთ. ასე, საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად, გარემოსაც დავიცავთ.
თუკი ნიქსარის შესახებ დამატებითი კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს გაესაუბროთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account