რა არის კლოდიზონი და რა დროს გამოიყენება მედიკამენტი?

კლოდიზონი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება რევმატიზმის გამწვავებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი პროცესების, ანთებითი მონო და პოლინეიროპათიების დროს.

 

კლოდიზონთან მიმართებით ხშირად ისმება კითხვა - არსებობს თუ არა მედიკამენტი სხვადასხვა ფორმით? არის თუ არა ხელმისაწვდომი ტაბლეტების ან კაფსულის სახით? 

 

აღსანიშნავია, რომ კლოდიზონი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფხვნილის სახით, გამხსნელთან ერთად. ფხვნილისა და გამსხნელის გადარევის შედეგად კი მზადდება საინიექციო ხსნარი.

მედიკამენტი შემდეგნაირად გამოიყურება: 

 

  • ფხვნილი: მოწითალო-მოვარდისფო ლიოფილიზებული ფხვნილი.
  • გამხსნელი: უფერული ან მოვარდისფრო გამჭვირვალე ხსნარი.

 

როგორია კლოდიზონის შედგენილობა

 

მედიკამენტი კლოდიზონის ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით შეიცავს აქტიურ ნივთიერება ჰიდროქსოკობალამინს (10 მგ) და  დამხმარე ნივთიერებებს მანიტსა და ქლორწყალბადმჟავას. რაც შეეხება გამხსნელ ამპულას, მის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერებები - დიკლოფენაკ კალიუმი (75 მგ) და ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი (2.63 მგ) და დამხმარე ნივთიერებები - ბენზილის სპირტი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი და საინიექციო წყალი.

 

როგორც ვხედავთ, მედიკამენტი შეიცავს სამ აქტიურ კომპონენტს: დიკლოფენაკ კალიუმს, ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატსა და ჰიდროქსოკობალამინს. მედიკამენტის შედგენილობაში შემავალი სხვა კომპონენტები კი დამხმარე ნივთიერებებია.

 

კლოდიზონის გამოყენების წესი და დოზები

 

კლოდიზონი გამოიყენება მოზრდილებში ინტრამუსკულურად, რაც გულისხმობს ინიექციის შეყვანას კუნთებში. აქვე აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი არ გამოიყენება ორსულებსა და ბავშვებში, ასევე ლაქტაციის პერიოდში.

რაც შეეხება მედიკამენტის გამოყენების წესს, უპირველეს ყოვლისა, ფლაკონში მოთავსებული ფხვნილი უნდა გაიხსნას გამხსნელ ხსნარში და მომზადდეს საინიექციო სითხე. 

 

ინიექცია უნდა გაკეთდეს რამდენიმე საათიანი ინტერვალით 1-ჯერ ან 2-ჯერ დღე-ღამეში, ღრმად კუნთში (თითო ინიექცია თითო დუნდულა კუნთში). 

გასათვალისიწნებელია, რომ კლოდიზონი არ გამოიყენება 2 დღეზე მეტი დროით.

 

როგორია კლოდიზონის უკუჩვენებები

 

კლოდიზონს, როგორც სხვა მედიკამენტებს, აქვს უკუჩვენებები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია მედიკამენტის გამოყენებამდე.

კლოდიზონის უკუჩვენებებია:

 

  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი ნივთიერერბის მიმართ. 
  • გასტროდუოდენური წყლული აქტიურ ფაზაში.
  • გასტროინტესტინური სისხლდენა ან პერფორაცია.
  • ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა.
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა.
  • ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმა.
  • სისტემური მიკოზი.
  • აქტიური ტუბერკულოზი.
  • ოსტეოპოროზი.
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი.
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ჰეპატიტი A, B.
  • სხვა ვირუსული ინფექციები.

კლოდიზონის გვერდითი მოვლენები

 

სხვა მედიკამენტების მსგავსად კლოდიზონსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები. კლოდიზონის გამოყენების დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მწვავე მედიკამენტური ეროზიები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

 

  • ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (ჩვეულებრივ, მკურნალობის დასრულების შემდეგ), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გაღიზიანებადობა.

 

  • ღვიძლის მხრივ: ტრანსამინაზების მომატება, ჰეპატიტები სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე.

 

  • კანის მხრივ: ერითემა და გამონაყარი კანზე, დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ჭრილობის შეხორცების გაუარესება, კანის გათხელება.

 

  • თირკმელების მხრივ: თირკმლის მწვავე უკმარისობის, ჰემატურიის და პროტეინურიისცალკეული შემთხვევები, ოლიგურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, აზოტემია.

 

  • სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოპენიის, ჰემოლიზური ანემიის და აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები.

 

 

  • წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ნატრიუმის შეკავება, ედემა, კალიუმისმომატებული გამოყოფა და ჰიპოკალიემური ალკალოზი.

 

  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასისკარგვა, ოსტეოპოროზი, ხერხემლის მოტეხილობა კომპრესიის შედეგად, ბარძაყის ძვლისთავის ასეპტიური ნეკროზი და/ან გრძელი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, მყესებისგაწყვეტა, სახსრების არასტაბილურობა (მრავალჯერადი შეყვანის შემდგომ).

 

  • ენდოკრინული სისტემის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კუშინგოიდური კონსტიტუციის ჩამოყალიბება, ადრენალური უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესული სიტუაციის დროს (ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, სისტემური დაავადების შემდეგ). 

 

  • ფსიქონევროლოგიური აშლილობები: ეიფორია, ხასიათის ცვლილება, დეპრესია (გამოხატული ფსიქოტური რეაქციებით), მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა.

 

  • გრძნობათა ორგანოების მხრივ: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფთალმი და ხმაური ყურებში.

 

  • მეტაბოლიზმის დარღვევები: უარყოფითი აზოტური ბალანსი ცილის კატაბოლიზმის შედეგად.

 

  • სხვა: ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები

 

მკურნალობის კურსის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის გამოკვლევა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამორიცხვის მიზნით. გარდა ამისა, გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკის შემცირების მიზნით საჭიროა მედიკამენტის მინიმალური დოზებით დანიშვნა.


კლოდიზონი ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. პრეპარატი ვარგისია წარმოების თარიღიდან 3 წლის განმავლობაში და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ კლოდიზონი მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფს და შესაბამისად, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.