
მუსკომედი (Muscomed) არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუნთების სპაზმით მიმდინარე ტრავმული დაზიანებებისა და ნევროლოგიური დაავადებების, ასევე ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ და სახსრებზე წარმოებული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციისთვის. პრეპარატი არ იწვევს დამბლას, ამასთან არ ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე.
აღსანიშნავია, რომ მუსკომედი ხელმისაწვდომია, როგორც მყარი ჟელატინის კაფსულების, ისე გელის და ამპულების სახით.
მუსკომედის კაფსული, გელი და ამპულა — როგორია თითოეულის სპეციფიკა?
მუსკომედის კაფსულების ორი ვერსია არსებობს — მუსკომედი 4მგ და მუსკომედი 8მგ. ეს ციფრები მედიკამენტში აქტიური ნივთიერების, თიოკოლხიკოზიდის, შემცველობის დოზაზე მიუთითებს.
კაფსული მიიღება ჭამის შემდეგ. მედიკამენტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8-16 მგ-ს შეადგენს, რაც ორ მიღებად უნდა განაწილდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა კი 5-7 დღეა.
მუსკომედის გელი წარმოადგენს ღია ყვითელ ერთგვაროვან მასას, რომელიც გარეგანი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ზრდასრულებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მუსკომედის მალამო გამოიყენება დღე-ღამეში 2-3-ჯერ, მკურნალი ექიმის მეთვალყურეობით. პრეპარატის სწორად გამოყენება გულისხმობს კრემის ზოლის დატანას კანზე და მის მსუბუქად შეზელას. მისი რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ფართობზე, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა — ჩვენებებსა და თერაპიის ეფექტიანობაზე. გელის სხეულზე დატანის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
რაც შეეხება მუსკომედის ამპულას, ეს არის ღია-ყვითელი ფერის გამჭვირვალე საინიექციო ხსნარი, რომელიც, კუნთში შეყვანის შემდეგ, სისხლში სწრაფად ნაწილდება. მისი სწორი დოზირება შეადგენს 2 მლ-ს (4 მგ), დღე-ღამეში 2-ჯერ. პრეპარატის ამ ტიპით მკურნალობის რეკომენდებული ვადა 3-5 დღეა. ფიზიოთერაპიული პროცედურებისათვის მზადების შემთხვევაში, ინტრამუსკულარული ინიექციის შემდეგ, კუნთების მოდუნების პერიოდი 30-40 წუთს შეადგენს.
რა უკუჩვენებები აქვს მუსკომედს?
მუსკომედის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის კომპონენტების მიმართ;
- მსუბუქი დამბლა;
- კუნთების ჰიპოტონია.
აღსანიშნავია, რომ მუსკომედი ასევე არ უნდა გამოიყენონ 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა, ორსულებმა და დედებმა, რომლებსაც ლაქტაციის პერიოდი აქვთ.
გარდა ამისა, მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვების განვითარების რისკი ან ეპილეფსია, დარღვეული აქვთ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციები.
როგორია მუსკომედის გვერდითი მოვლენები?
რაც შეეხება პრეპარატის გვერდით მოვლენებს, მუსკომედის გამოყენების დროს შეიძლება იშვიათად გამოვლინდეს:
- შეშუპება;
- გამონაყარი კანზე;
- ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები;
- დიარეა;
- გასტრალგია.
ამასთან, ძალიან იშვიათია: გაღიზიანებადობა, ჰიპოტენზია და ძილიანობა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account