“ბრმა ნაწლავი” — რა სიმპტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია სახიფათო აპენდიციტი?

აპენდიციტი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის, დაახლოებით, 40%-ში გვხვდება. საქართველოში ამ დაავადებას დღემდე “ბრმა ნაწლავის” ანთებას ეძახიან. 

სინამდვილეში რა არის აპენდიციტი, რით შეიძლება გართულდეს და რა შემთხვევაშია საგანგაშო? ამის შესახებ დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ...

რა არის და რისთვის სჭირდება ადამიანს “ბრმა ნაწლავი”?

ბრმა ნაწლავი - მსხვილი და წვრილი ნაწლავების შეერთების ადგილას მდებარე დახშული ჯიბის მსგავსი ორგანოა, რომლის ქვედა კედლიდან გამოდის აპენდიქსი, ე.წ. ჭიანაწლავი. 

როგორც “ბრმა ნაწლავი”, ასევე აპენდიქსი წარმოადგენენ ლიმფო-ეპითელურ ორგანოს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნოლოგიური რეაქციების ჩამოყალიბებაში.

რა იწვევს ბრმა ნაწლავის ტკივილს და რა არის აპენდიციტი?

“ბრმა ნაწლავის” ტკივილი ძირითადად ასოცირდება აპენდიქსის ანთებასთან და მასთან მჭიდრო ანატომიური კავშირის გამო, შეიძინა სახელწოდება - აპენდიციტი. 

აპენდიციტი ხშირად გამოწვეულია უხეში საკვებისგან ან განავლოვანი მასებისგან, ხოლო ზოგჯერ ჭიებისგან ან უცხო სხეულისგან სანათურის დახშობით. ამ დროს დახშულ სივრცეში იკლებს სისხლის ნაკადი, იზრდება წნევა და იწყება ბაქტერიების გამრავლება. ამ პროცესებს ორგანიზმი ანთებით პასუხობს, რაც ხდება ბრმა ნაწლავის არეში ტკივილის მიზეზი. 

რა სიმპტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია საგანგაშო აპენდიციტი?

აპენდიციტს ახასიათებს სპეციფიკური მიმდინარეობის ტკივილი, რომელიც იწყება ჭიპის ირგვლივ ან მის ქვეშ არსებული მიდამოდან და რამდენიმე საათში გადაინაცვლებს მარჯვენა მხარეს, ბრმა ნაწლავის არეში. მაგრამ არ ისაა გამორიცხული, რომ ტკივილი ერთბაშად მოედოს მთელ მუცლის ღრუს და თან დაერთოს ინტოქსიკაციის ნიშნები, როგორებიცაა: მაღალი ტემპერატურა, უმადობა, ტაქიკარდია, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, მუცლის შესივება, ყაბზობა ან დიარეა, აირების დაგროვება, პირის სიმშრალე, შარდის რაოდენობის შემცირება და ა.შ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უმოკლეს დროში მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები. 

რით შეიძლება გართულდეს აპენდიციტი?

აპენდიციტის ყველაზე ხშირი გართულება აპენდიქსის გახვრეტაა, რასაც შესაძლოა აპენდიქსის ირგვლივ ჩირქის დაგროვება (პერიაპენდიკულარული აბსცესი) ან მთლიანი მუცლის ღრუს ინფიცირება (დიფუზური პერიტონიტი) მოჰყვეს. აპენდიქსის გახვრეტის ძირითადი მიზეზი აპენდიციტის გვიანი დიაგნოსტირება და მკურნალობის დაგვიანებაა.

აპენდიციტის გაცილებით იშვიათ გართულებას ნაწლავთა გაუვალობა წარმოადგენს. ის  მაშინ იჩენს თავს, როცა აპენდიქსის ირგვლივ განვითარებული ანთება ნაწლავის კუნთების მოქმედების შეწყვეტას იწვევს და საკვებს ნაწლავში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

აპენდიციტის ყველაზე საშიში გართულებაა სეფსისი - მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები სისხლში ხვდება და მისი საშუალებით სხვა ორგანოებამდე აღწევს. ეს ძალზე მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებაა, თუმცა, საბედნიეროდ, არცთუ ისე ხშირია.

როგორ ხდება აპენდიციტის დიაგნოსტირება და როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

აპენდიციტის დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ექიმის მიერ პაციენტის გამოკითხვითა და სიმპტომების შეჯამებით, თუმცა გარდა ამისა, გამოიყენება როგორც პალპატორული და პერკუტორული მეთოდები (ხელით გასინჯვა), ასევე რადიოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები. ლაბორატორიულ კვლევათაგან განსაკუთრებით ინფორმაციულია სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრ მომატებას ავლენს. ასევე განისაზღვრება სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. საშარდე გზების პრობლემების გამოსარიცხავად ატარებენ შარდის საერთო ანალიზს. ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტული კვლევაა მუცლის ღრუს ექოსკოპია. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს მუცლის ღრუს კონტრასტული სკანირება და რენტგენოგრაფია. 

შესაბამისად, სწორედ ამ გამოკვლევების შეჯამების საფუძველზე იღებს ექიმი მკურნალობის ტაქტიკისა და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას.

რატომ ჭირს ზოგჯერ აპენდიციტის ამოცნობა?

აპენდიქსი მუცლის ღრუს სხვადასხვა ადგილას მდებარეობს. იგი ძირითადად მუცლის ქვედა მარჯვენა ნახევარშია მოთავსებული. მას ასევე აქვს ჯორჯალი, რომლითაც ის მუცლის ღრუს სხვა სტრუქტურებზეა მიმაგრებული. იმ შემთხვევაში, თუ ჯორჯალი გრძელია, არ არის გამორიცხული, აპენდიქსმა მდებარეობა შეიცვალოს.

გარდა ამისა, შეიძლება აპენდიქსი ჩვეულებრივზე გრძელი იყოს. ასეთ შემთხვევაში იგი ზოგჯერ მენჯის ღრუში აღმოჩნდება და იქ მდებარე ორგანოების პათოლოგიებს იწვევს ან კოლინჯს უკან მოექცევა და დიაგნოსტიკას ძალზე ართულებს. 

აპენდიციტის დიაგნოსტირების სირთულის გამო პაციენტს ჯერ აკვირდებიან, ვიდრე სიტუაცია თავისით განიმუხტება ან თავს იჩენს სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად არის დამახასიათებელი ან აპენდიციტისთვის, ან სხვა დაავადებისთვის.

რომელ დაავადებებს შეიძლება ჰქონდეს აპენდიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?

აპენდიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს: 

  • მეკელის დივერტიკულის ანთებას ან მის გახვრეტას - მეკელის დივერტიკული არის ნაწლავის კედლის მცირე ზომის გამობერილობა, რომელიც, ჩვეულებრივ, მოთავსებულია მუცლის ღრუს ქვედა მარჯვენა ნახევარში, აპენდიქსის მახლობლად. მეკელის დივერტიკულის პათოლოგიის დროს რეკომენდებულია ამ ორგანოს ამოკვეთა.
  • მენჯის ღრუს ორგანოების ანთებას - რადგან მარჯვენა ფალოპის მილი და საკვერცხე აპენდიქსის მახლობლად არის მოთავსებული, ქალებს, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამო, საშვილოსნოს დანამატებისა და საკვერცხეების დაზიანების გამო, აპენდიციტის სიმპტომები განუვითარდეთ.
  • მუცლის მარჯვენა ნახევრის დაავადებებს - მუცლის ღრუს ზედა მარჯვენა ნახევრის რომელიმე ორგანოს ანთების დროს გამოყოფილი სითხე ჩაიღვრება მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში, სადაც ის ანთებისა და აპენდიციტის სიმულირებას ახდენს. 
  • მარჯვენამხრივ დივერტიკულიტს - დივერტიკული უმეტესად მუცლის მარცხენა ნახევარში გვხვდება, იშვიათად - მარჯვენა მხარეს. იმ შემთხვევაში, თუ მარჯვენამხრივი დივერტიკული გაიხვრიტა, ვითარდება ანთება, რომლის სიმპტომები ძალიან ჰგავს აპენდიციტის სიმპტომებს.
  • თირკმლის დაავადებებს - მარჯვენა თირკმელი აპენდიქსთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ მისმა ანთებამ, შესაძლოა, აპენდიციტის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს.

როგორ მკურნალობენ “ბრმა ნაწლავს”?

თუ კომპლექსურმა გამოკვლევამ მწვავე აპენდიციტი დაადასტურა, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა - აპენდექტომია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ანთებადი აპენდიქსის ამოკვეთა მკურნალობის ერთადერთი გზაა. ოპერაციისთვის მომზადების დროს უნდა მოხდეს შარდის ბუშტის და, საჭიროებისამებრ, კუჭის დაცლა. ასევე ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია. თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან ასაცილებლად კი მიღებულია ქვედა კიდურების ელასტიკური კომპრესია, ხოლო ოპერაციის შემდეგ პაციენტი დროულად უნდა გააქტიურდეს. თუ საამისო წინაპირობა არსებობს, შესაძლოა ჩატარდეს მედიკამენტური პრევენციაც.

აპენდექტომია ორგვარად შეიძლება ჩატარდეს - ღია წესით და ლაპაროსკოპიულად. გაურთულებელ შემთხვევაში მუცელი ყრუდ უნდა დაიხუროს, ხოლო თუ აპენდიქსმა პერფორაცია განიცადა და განვითარდა ჩირქოვანი პერიტონიტი, მუცლის ღრუს დრენირება უნდა ჩატარდეს. დრენირების ჩვენებაა არადამაჯერებელი ჰემოსტაზიც (სისხლდენის შეჩერება).

რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ პერიოდს, საჭიროა დიეტის დაცვა: პირველი 24 საათის განმავლობაში – შიმშილი, ამის შემდეგ კი დამზოგველი კვება. პირველ დღეს პაციენტი უნდა იწვეს, ხოლო მეორე დღიდან, გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოძრაობა. 

როგორ შეიძლება გართულდეს აპენდექტომია?

აპენდექტომიის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ჭრილობის დაჩირქება. ამ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, მძიმე შემთხვევებს კი განმეორებითი ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ. 

აპენდექტომიის კიდევ ერთი გართულებაა აბსცესი - ჩირქის დაგროვება აპენდიქსის მიდამოში. ასეთ შემთხვევაში, ჩირქის გამოდევნისთვის ისევ ქირურგიულ გზას მიმართავენ.