
პრეპარატი ნოოფენი ტაბლეტების, კაფსულებისა და ფხვნილის სახით საქართველოში იწარმოება. ის ფსიქოსტიმულატორებისა და ნოოტროპული საშუალებების ჯგუფში შედის და აქტიურ ნივთიერება ფენიბუტს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, კალციუმის სტეარატსა და კარტოფილის სახამებელს შეიცავს.
ნოოფენის ერთი ტაბლეტი 250 მგ ფენიბუტს, ერთი კაფსული 500 მგ ფენიბუტს, ხოლო ერთი პაკეტი ფხვნილი 100 მგ ფენიბუტს შეიცავს. თითოეული ფორმის შემთხვევაში, თითო შეკვრაში 20 ტაბლეტი, 24 კაფსული და 15 პაკეტია. ნოოფენი აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რომელი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ნოოფენს?
ნოოფენი ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების სამკურნალო საშუალებაა. მათ ხშირად ახლავს თან შფოთვა, შიში და მღელვარება. პრეპარატი სწორედ ამ სიმპტომების სამართავად გამოიყენება.
მედიკამენტს აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდაც მიმართავენ. ასეთ ადამიანებს აკვიატებული იდეები და შიშები (ფობიები) აწუხებთ, რომლებთან გამკლავებაც უჭირთ.
ნოოფენი ასევე გამოიყენება ფსიქოპათიით დაავადებულთა სამკურნალოდ. ასეთი ადამიანები ანტისოციალური ქცევით გამოირჩევიან, აქვთ დანაშაულის განცდა და სხვებთან ურთიერთობის დამყარების უნარი.
ბავშვებში პრეპარატს ენაბლუობის, ტიკების, იმავე უნებლიე მოძრაობებისა და ენურეზის, იმავე შარდის შეუკავებლობის მკურნალობისას მიმართავენ.
ხანდაზმულ პაციენტებში ნოოფენი უძილობასა და ღამის შფოთვებთან გასამკლავებლად გამოიყენება.
მედიკამენტს ხშირად ურჩევენ ადამიანებს სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკისთვის, მაგალითად, ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ.
ნოოფენს მენიერის სინდრომის დროსაც იყენებენ. ეს შიდა ყურის პათოლოგიაა, რომელიც ვერტიგოს – ძლიერი თავბრუსხვევის ეპიზოდებს იწვევს. პრეპარატით მკურნალობას მიმართავენ ასევე ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციის დროს და კინეტოზის (ზღვის დაავადება) პროფილაქტიკისთვის. ვესტიბულური აპარატი შიგნითა ყურში განლაგებული ორგანოა. ის სხეულის მოძრაობის აღქმას, მდებარეობის და წონასწორობის შენარჩუნებას ემსახურება.
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მედიკამენტი ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის, ალკოჰოლური პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენება.
რა დოზებით გამოიყენება ტაბლეტები და კაფსულები?
ნოოფენის ტაბლეტები და კაფსულები პერორალურად, ჭამის შემდეგ მიიღება. წამლის მარტივად გადასაყლაპად წყლის მიყოლებაა შესაძლებელი. ასევე დასაშვებია მისი გაყოფა.
მოზრდილებში რეკომენდებულია 250-500 მგ, დღეში 3-ჯერ მისაღებად. შესაძლებელია დოზის 2.5 გ-მდე გაზრდა. 8 წლამდე ასაკის ბავშვებში დასაშვებია 50-100 მგ-ის დღეში 3-ჯერ მიღება, 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ინიშნება 250 მგ, ასევე დღეში 3-ჯერ მისაღებად.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზებია: მოზრდილები - 750 მგ; 60 წლის ასაკიდან ზემოთ - 500 მგ; 8-14 წლის ასაკის ბავშვები - 300 მგ; 8 წლამდე ასაკის ბავშვები - 150 მგ. როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-დან 6 კვირამდე მერყეობს.
რაც შეეხება დოზირებას დაავადებების მიხედვით, ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირებისთვის პირველ დღეებში მიიღება 250-500 მგ ფენიბუტი, დღის განმავლობაში 3-ჯერ, ღამით კი - 750 მგ.
მენიერის სინდრომისა და თავბრუსხვევის დროს, რომელიც ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციით არის გამოწვეული:
- მწვავე ფორმის დროს - 750 მგ, 3-4-ჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში.
- დარღვევების შემცირების შემთხვევაში - 250-500 მგ, 3-ჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში; შემდეგ - 250 მგ, ერთხელ დღეში, 5 დღის განმავლობაში.
- დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისას - 250 მგ, 2-ჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში; შემდეგ - 250 მგ, ერთხელ დღეში, 7-10 დღის განმავლობაში.
ზღვის დაავადების შემთხვევაში, კინეტოზის პროფილაქტიკისთვის, რეკომენდებულია 250-500 მგ, ერთჯერადად, მგზავრობის დაწყებამდე 1 საათით ადრე ან პირველი სიმპტომების გამოვლენისას.
საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული კინეტოზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია 250-500 მგ, ერთჯერადად, მგზავრობის დაწებამდე 1 საათით ადრე.
როგორ და რა დოზებით მივცეთ ბავშვებს ნოოფენის ფხვნილი?
ნოოფენი 100 მგ, ფხვნილის ფორმით, ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება და პერორალურად მიიღება.
პრეპარატი ბავშვებში ენაბლუობის და ტიკების სამკურნალოდ ინიშნება და, ჩვეულებრივ, შემდეგი დოზირებით გამოიყენება:
- 3-4 წელი – 100 მგ (1 პაკეტი) 2-ჯერ დღეში;
- 5-6 წელი – 100 მგ 2-3-ჯერ დღეში;
- 7-10 წელი – 100 მგ 3-4-ჯერ დღეში;
- 11-14 წელი – 200 მგ (2 პაკეტი) 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოსაყენებელი მაქსიმალური ერთჯერადი დოზებია: 3-დან 6 წლამდე – 100 მგ; 7-დან 10 წლამდე – 200 მგ; 11-დან 14 წლამდე – 300 მგ.
როდის შევიკავოთ თავი მედიკამენტით მკურნალობისგან?
ნოოფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ფენიბუტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა აღენიშნება.
მედიკამენტის მიღებისგან თავის შეკავებაა საჭირო გალაქტოზის აუტანლობის მემკვიდრეობითი ფორმების შემთხვევაში. წამალს უნდა მოერიდოთ ლაქტაზის უკმარისობისა და გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის დროსაც.
კლინიკური კვლევების სიმწირის გამო, ორსულობის პერიოდში ნოოფენის გამოყენება რეკომენდებული არ არის. გარდა ამისა, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატით მკურნალობის შემთხვევაში დაუშვებელია ჩვილის ძუძუთი გამოკვება.
ნოოფენი, ფხვნილის ფორმითაც კი, დაუშვებელია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. ამასთან, არ არის რეკომენდებული ნოოფენი 500 მგ-ის ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენება.
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები პრეპარატის გამოყენებისას
ჩვეულებრივ, ნოოფენი ორგანიზმის მიერ ადვილად აიტანება, თუმცა გვერდითი მოვლენები შეიძლება მისი მიღების შემდეგაც გამოვლინდეს. ნერვული სისტემის მხრივ ზოგჯერ, პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში, ძილიანობა აღინიშნება. პაციენტების ნაწილი თავბრუსხვევასა და თავის ტკივილის უჩივის.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ასევე მკურნალობის საწყის ეტაპზე, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გულისრევა გამოიწვიოს. მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში ზოგჯერ ჰეპატოტოქსიკურობა ვითარდება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ, იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი კანზე და ქავილი.
ნოოფენი მაღალი ტოქსიკურობით არ გამოირჩევა, ამიტომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ძირითადად მსუბუქი სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება ან თავბრუსხვევა ვლინდება. თუმცა მძიმე შემთხვევებში სიმპტომებიც შედარებით სერიოზულია და შეიძლება აღინიშნოს: ეოზინოფილია, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია ან თირკმლის უკმარისობა.
ამ პრეპარატის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ მძიმე შემთხვევების დროს კუჭის ამორეცხვას მიმართავენ, ასევე იყენებენ გააქტივებულ ნახშირსა და შემანარჩუნებელ და სიმპტომურ თერაპიას.
თუ ნოოფენის მიღების შემდეგ პაციენტს გამოუვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული, აუცილებელია მკურნალ ექიმთან ვიზიტი და მისი ინფორმირება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account