
ჰერპესი ახლო კონტაქტით გადამდები ვირუსული დაავადებაა, მასზე შეიძლება გაგვახსენდეს გაუხეშებული, დაზიანებული ტუჩები, რაც ხშირად ზამთრის სიცივესთან ერთად გვაწუხებს ხოლმე. თუმცა ჰერპესის ვირუსის ბევრი სხვა ფორმაც არსებობს.
ჰერპესის ვირუსის ასეულობით სახეობიდან მხოლოდ რამდენიმე აავადებს ადამიანს. ამ ბლოგში მათ ფორმებს, სიმპტომებსა და მკურნალობას განვიხილავთ.
მცდარი წარმოდგენები შეუმჩნეველი ვირუსის შესახებ
ჰერპესთან დაკავშირებული ბევრი უსარგებლო ან არასწორი ინფორმაცია არის დაგროვილი ჩვენს კოლექტიურ წარმოდგენაში, ვიმედოვნებთ, რომ აქ განხილული ინფორმაცია გამოსადეგი იქნება თქვენთვის ჰერპესის შესახებ სანდო ცოდნის მიღებისთვის.
მაგალითად ერთ-ერთი ცრუ შეხედულებაა, რომ ჰერპესი საკმაოდ იშვიათია, მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა.
მისი იშვიათობის შთაბეჭდილება შეიძლება დაკავშირებულია დაავადების ერთ განსაკუთრებულ თვისებასთან: ჰერპესის ვირუსის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის, რომ მას შეუძლია უსიმპტომოდ იარსებოს ჩვენს ორგანიზმში.
იმუნური სისტემა VS ჰერპესის ვირუსი — მოქმედების მექანიზმი
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მუშაობს, როგორც დეტექტივი, ხოლო ჰერპესის ვირუსები, როგორც ორგანიზებული საეჭვო პირები. ჰერპესის ვირუსები მათი გამოაშკარავების შემდეგ ცდილობენ თავიანთი კვალი მოიშორონ და მიიმალონ ორგანიზმის უჯრედებში. ასეთი ვირუსების უმეტესობა ინიღბება და თავს წარმოაჩენს, როგორც მორიგი მოლეკულა. დიდი ხნის განმავლობაში ვირუსული უჯრედები ასეთ უმოქმედო, ფარულ მდგომარეობაში არიან, შემდეგ კი კვლავ აქტიურდებიან.
ეს მოკლე მეტაფორა რომ განვავრცოთ უფრო ნათელი გახდება ჰერპესის მოქმედების მექანიზმი. ყველაზე გავრცელებული სახის ჰერპესის ვირუსები ადამიანებში ახლო კონტაქტის შედეგად, კანის ან ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებში (ზედა შრის უჯრედებში) მრავლდებიან. ვირუსი ამ დროს ძალიან აგრესიულია და აქტიურად იწვევს დაზიანებას, იმუნური სისტემისთვის ეს ინფექციური პროცესი მარტივი შესამჩნევია, შესაბამისად იწყებს პრობლემის აღმოფხვრას და ვირუსების განადგურებას.
ჰერპესის ვირუსები ზედა შრიდან აღწევენ პერიფერიულ ნერვულ უჯრედებში, სადაც უფრო პასიურები ხდებიან და მთლიანად წყვეტენ ვირუსული ნაწილაკების წარმოებას. ეს ცვლილება ინფექციური პროცესის შეწყვეტას იწვევს და შესაბამისად ვირუსები შეუმჩნეველი ხდებიან იმუნური სისტემისთვის.
ასე ახერხებენ ჰერპესის ვირუსები რომ გადარჩნენ. ნერვულ უჯრედებში ვირუსები რჩებიან დიდი ხნის განმავლობაში და შემდეგ სხვადასხვა სტიმულის შედეგად აქტიურდებიან. ჰერპესის ვირუსის გადარჩენის გეგმა საშუალებას აძლევს, რომ ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში შემორჩეს.
ინფექციური ჰერპესის ახლიდან გააქტიურება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფიზიკური ან მენტალური წნეხის, ჰორმონალური ცვლილების შედეგად. ჰერპესის ვირუსების რეაქტივაცია ასევე დაკავშირებულია იმუნური სისტემის ფუნქციის ცვლილებასთანაც, მაგალითად ასაკის მატებასთან თანმხლები იმუნიტეტის შესუსტებას ხშირად ემთხვევა ჰერპესის ვირუსების ახლიდან ამოქმედება.
ჰერპერსის ფორმები და მათი სიმპტომები
როგორც ვახსენეთ ჰერპესის ვირუსის უამრავი ფორმა არსებობს მათგან მხოლოდ 8 აინფიცირებს ადამიანს, აქ გთავაზობთ ჰერპესის ამ დაავადებების მოკლე მიმოხილვას. დაავადებები დალაგებულია ყველაზე გავრცელებულიდან ყველაზე იშვიათი შემთხვევების მიხედვით.
მარტივი ჰერპესი I და II ტიპი
მარტივი ჰერპესი (herpes simplex) ყველაზე გავრცელებული ჰერპესის ფორმაა. მარტივი ჰერპესის I ტიპი, იგივე ტუჩის ჰერპესი გამოიხატება ტუჩებთან აქერცლილი, დაზიანებული კანის სახით. მისი გავრცელება ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის შედეგად ხდება, ძირითადად კოცნის დროს. ტუჩის ჰერპესის სიმპტომები კანზე დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შუშდება. მისი სიმპტომები მოიცავს:
- წვისა და ქავილის შეგრძნებას ტუჩების არეში, რაც ძირითადად ფიქსირდება სიმპტომების გამოვლენის საწყის ეტაპზე. დაახლოებით ერთი დღის შემდეგ კი ფორმირდება გამონაყარი;
- კანზე გამონაყარის აქერცვლას (ზოგჯერ გამონაყარი შეიძლება წარმოიქმნას ცხვირის, ლოყების ან პირის ღრუს არეებშიც);
- აქერცლილი კანის დაწყლულებას.
გენიტალურ ჰერპესს იწვევს მარტივი ჰერპესის I და II ტიპი. გენიტალური ჰერპესი, მარტივი ჰერპესის I ტიპით შედარებით იშვიათად, თუმცა ორალური სექსის შედეგად შეიძლება გავრცელდეს, ხოლო მარტივი ჰერპესის II ტიპი უშუალოდ დაკავშირებულია გენიტალურ ჰერპესთან. ინფიცირება ხდება სქესობრივი გზით, კანთან კონტაქტის შედეგად, ამიტომაც გენიტალური ჰერპესის გადადება არაა აუცილებლად დაკავშირებული სექსის დროს დაცულობასთან ან სისუფთავესთან. გენიტალური ჰერპესი აზიანებს გენიტალიების ან ანუსის არეს. მისი სიმპტომები ვლინდება დაახლოებით 2-12 დღეში და მოიცავს:
- ტკივილის ან ქავილის შეგრძნებას გენიტალიების არეში;
- მცირე ზომის გამონაყარს გენიტალიების ან ანუსის არეებში;
- აქერცლილი კანის დაწყლულებას, შემდეგ კი კანზე ფუფხის წარმოქმნას;
- ტკივილის შეგრძნებას შარდვის დროს;
- ურეთრალურ ან ვაგინალურ გამონადენს.
ზოგადად მარტივი ჰერპესით პირველადი ინფიცირებისას სიმპტომები გარდა ლოკალიზებული დაზიანების არეებისა ასევე შეიძლება გამოვლინდეს მთელ სხეულზე. როგორც არის:
- სიცხე;
- თავის ან სხეულის ტკივილი;
- დაღლილობის შეგრძნება;
- მადის დაკარგვა.
ახლიდან ამოქმედებული მარტვი ჰერპესის სიმპტომები შედარებით სუსტი სახის არიან.
ვარიცელა-ზოსტერის ვირუსული დაავადება
ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის პირველადი ინფიცირების შედეგად ნაცნობი დაავადება ჩუტყვავილა ვლინდება, ხოლო მისი შემდგომი დაბრუნება, იწვევს ჰერპეს ზოსტერის სიმპტომებს. ჩუტყვავილას სიმპტომები ბევრისთვის ნაცნობია, რადგან ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული შემაწუხებელი დაავადებაა. მისი სიმპტომები მოიცავს:
- სისუსტის შეგრძნებას;
- სიცხეებს;
- გულისრევის შეგრძნებას;
- კუნთების ტკივილს და თავის ტკივილს.
ჩუტყვავილას მთავარი დამახასიათებელი სიმპტომი არის გამონაყარი, რომელიც მწვავე ქავილის შეგრძნებას იწვევს. გამონაყარის ხანგძლივობა დაახლოებით 5-10 დღეს მოიცავს.
ჰერპეს ზოსტერის შემთხვევაში იგივე სიმპტომები, რაც ახასიათებს ჩუტყვავილას უფრო ლოკალიზებულია და სხეულის რომელიმე კონკრეტულ არეს აზიანებს. ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც უკვე გაწაფულია ზოსტერის დამარცხებაში, ხელახლა გააქტიურებული ზოსტერის ვრიუსების მოქმედებას ახშობს და შედეგად ისინი ვეღარ ახერხებენ მთელი სხეულის დაზიანებას.
ეპშტეინ-ბარის ვირუსული დაავადება
ეპშტეინ-ბარის ვირუსი საკმაოდ გავრცელებულია და შესაძლებელია ის უსიმპტომოდ უკვე არსებობდეს თქვენს ორგანიზმში. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს მონონუკლეოზს ან მონონუკლეოზის მგავს სიმპტომებს. მონონუკლეოზს “კოცნის დაავადებასაც” უწოდებენ, რადგან ძირითადად თინეიჯერობის ასაკში ვლინდება და ერთი ადამიანიანიდან მეორემდე ნერწყვით, უმეტესად კოცნით, ვრცელდება.
ვირუსი ასევე საჭმლის ან სასმლის გაზიარებით ან სხვისი პირადი მოხმარების ნივთის გამოყენებით, მაგალითად კბილის ჯაგრისის გაზიარებით შეიძლება გავრცელდეს. დაავადების სიმპტომები მოიცავს:
- მძიმე დაღლილობის შეგრძნებას;
- ყელის ტკივილს;
- თავის და სხეულის ტკივილებს;
- გადიდებულ ლიმფურ კვანძებს;
- შეშუპებულ ღვიძლს ან ელენთას;
- გამონაყარს.
ეპშტეინ-ბარის ვირუსს იშვიათად, თუმცა ახასიათებს გართულებებიც და შესაბამისად უფრო მძიმე დაავადების გამოწვევაც შეუძლია. გართულებები შეიძლება იყოს დაკავშირებული ელენთის გადიდებასთან, რაც მძიმე შემთხვევაში მის გახეთქვას იწვევს. ასევე ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ანთებითი დაავადება (ჰეპატიტი).
გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მოიცავს ანემიას; გულის კუნთოვანი შრის ანთებას (მიოკარდიტი); თრომბოციტების ნაკლებობა სისხლში (თრომბოციტოპენია), რაც აფერხებს სისხლის შედედებას. ვირუსმა შეიძლება გართულებები გამოიწვიოს ნერვულ სისტემაშიც, როგორიც არის ტვინის ქსოვილის ანთება (ენცეფალიტი); ტვინის და ზურგის ტვინის მემბრანული შრეების ანთება (მენინგიტი) და გიიენ-ბარეს სინდრომი (ავტოიმუნური დარღვევა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნერვულ უჯრედებს). იშვიათ შემთხვევებში ეპშტეინ-ბარის ვირუსი დაკავშირებულია სხვადასხვა ფორმის სიმსივნეების გამოწვევასთან.
ეპშტეინ-ბარის სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია ვიზიტი ექიმთან შესაბამისი დიაგნოსტიკისთვის და სიმპტომების მონიტორინგისთვის.
ციტომეგალოვირუსი
ციტომეგალოვირუსი ასევე საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ძირითადად ის უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება. ციტომეგალოვირუსის გადადება ერთი ადამიანიდან მეორეზე სხეულის სითხეების გაცვლით ხდება (რძე, ნერწყვი, თესლი, შარდი, სისხლი).
ჯანსაღ ადამიანებში ვირუსის გამოხატული სიმპტომები ჰგავს მსუბუქ მონონუკლეოზის შემთხვევას (დაღლილობა, სიცხე, ყელის ან კუნთების ტკივილი). იმუნოდეფიციტურ ადამიანებში ვირუსმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს: თვალების; ფილტვების; საყლაპავი მილის; ღვიძლის; კუჭის; ნაწლავების ან ტვინის არეებს.
იშვიათ შემთხვევებში ციტომეგალოვირუსმა შეიძლება გართულებები გამოიწვიოს ორსულობის დროს და შემდეგ დაბადებული ბავშვის ჯანსაღი განვითარება შეაფერხოს. მისი გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული დედიდან ბავშვზე დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ, დედის რძით.
ციტომეგალოვირუსით დაბადებულ ბავშვებში ვლინდება: მცირე დაბადების წონის; ყვითელი კანისა და თვალების (ყვითელა); გადიდებული ელენთის; პნევმონიის; კრუნჩხვების ან ანორმალურად მცირე თავის ზომის სიმპტომები. შესუსტებული იმუნიტეტის დროს თუ შეამჩნევთ ციტომეგალოვირუსის სიმპტომებს, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ადამიანის ჰერპეს ვირუსი ტიპი 6 და 7
ადამიანის ჰერპეს ვირუსი ტიპი 6 და ზოგ შემთხვევაში ტიპი 7-ით ინფიცირების შედეგად იწვევს დაავადება როზეოლას. ეს დაავადება ძირითადად 2 წლის ასაკში ყალიბდება, ის ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე ჰაერწვეთოვანი გზით.
როზეოლას სიმპტომები ხშირად არ ვლინდება, მათი გამოვლენა ინფიცირებიდან დაახლოებით 9-10 დღის შემდეგ შეიძლება. როზეოლას სიმპტომები მოიცავს:
- მაღალ სიცხეებს, რაც მოულოდნელად ვლინდება და გრძელდება დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში.
- სიცხის შემდგომ გამონაყარს, რომელიც არც ქავილის შეგრძნებას იწვევს და არც ტკივილის.
- როზეოლას სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:
- მსუბუქ დიარეას;
- შეშუპებულ ქუთუთოებს;
- მადის ნაკლებობას.
სიცხის ჩაცხრობასთან ერთად 1 დღის შემდეგ ადამიანი უკვე აღარ არის გადამდები და სიმპტომებიც ძირითად შემთხვევაში თავისით იკურნება.
შედარებით პატარა, ჩვილ ბავშვებში როზეოლას დაავადება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სიმპტომების გამოვლენისთანავე უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია.
ადამიანის ჰერპესის ვირუსი ტიპი 8
ადამიანის ჰერპეს ვირუსი ტიპი 8 იშვიათია, თუმცა ვირუსი მეტად გავრცელებულია მისთვის ენდემური რეგიონებში (ხმელთაშუაზღვის, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე).
როგორც სხვა ჰერპესის ვირუსები ტიპი 8-ც ძირითადად უსიმპტომოა, თუმცა იმუნოდეფიციტურ ადამიანებში, ხშირად შიდსის ან სხვა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული (აივ) ინფექციების მქონე პაციენტებში დაკავშირებულია იშვიათი სიმსივნის კაპოშის სარკომას გამოწვევასთან.
ამ ტიპის სარკომას სიმპტომებია სიმსივნური გამონაყარი კანზე, რომლებიც იასამნისფერი, წითელი ან ყავისფერი შეფერილობისაა. წყლულოვანი გამონაყარი შეიძლება სხეულის შიგნითაც განვითარდეს.
როგორ ხდება ვირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ყველა სახის ჰერპესის გამოაშკარავება შესაძლებელია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (ინგლისურად - PCR) ლაბორატორიული კვლევის მეთოდით, რომელსაც შეუძლია ვირუსული დნმ-ს დადგენა უსიმპტომო ჰერპესით ინფიცირების შემთხვევაშიც.
ტუჩის და გენიტალური ჰერპესის შემოწმება გამოვლენილი სიმპტომების დროს შესაძლებელია წყლულოვანი გამონაყარიდან ნაციხს შეგროვებით და მათი შემოწმებით. მარტივი ჰერპესის მქონე ასიმპტომური ადამიანებისთვის გამოიყენება სისხლის ანალიზით გამოკვლევა. სისხლის ანალიზმა შეიძლება დააფიქსიროს წარსული ინფიცირების ნიშნები, თუმცა არა ინფიცირების კერა.
ორივე სახის ჰერპესის მკურნალობა მედიკამენტებით შეგვიძლია დავაჩქაროთ. ტუჩის ჰერპესის მკურნალობისთვის ექიმმა შეიძლება ანტივირუსული პრეპარატი აციკლოვირი დაგნიშნოთ. მკურნალობის გარეშე ტუჩის ჰერპესის სიმპტომები დაახლოებით 2-4 კვირის განმავლობაში რჩება.
გენიტალური ჰერპესის მკურნალობაშიც შეგვიძლია მოვიშველიოთ მსგავსი მედიკამენტები, მისი სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის მიერ გამოწვეული ჩუტყვავილას დადგენა შეიძლება უშუალოდ გამონაყარზე დაკვირვებით. მისი ლაბორატორიული კვლევა კი მოიცავს, სისხლის ანალიზს და დაზიანებული კანის ქსოვილების ლაბორატორიულ შემოწმებას. ჰერპეს ზოსტერის დადგენა ძირითადად გამონაყარის დაზიანებული ქსოვილების სინჯით ხერხდება.
ჩუტყვავილას მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა აქვე დავამატებთ, რომ მისი პრევენცია შესაძლებელია შესაბამისი ვაქცინით. ჩუტყვავილას სიმპტომები, მკურნალობის გარეშე დაახლოებით 4-7 დღის განმავლობაში რჩება.
ჰერპეს ზოსტერის განკურნების საშუალება არ მოიპოვება, თუმცა სიმპტომების შესამსუბუქებლად და განკურნების დასაჩქარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი აციკლოვირი. რადგან ჰერპეს ზოსტერს ახასიათებს მძაფრი ტკივილები, მათ საწინააღმდეგოდ, ექიმის დანიშნულებით, შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებლების მიღება.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის დიაგნოსტიკისთვის გამოხატული სიმპტომების შემდეგ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი სპეციფიკური ანტისხეულების დასადგენად (ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთგვარი იარაღია, რითაც ებრძვის ვირუსულ ან ბაქტერიულ ინფექციას, მათი დადგენა სისხლში მიანიშნებს ორგანიზმში წარსულ ან მიმდინარე ინფექციაზე).
ეპშტეინ-ბარის მიერ გამოწვეული მონონუკლეოზის დასადგენად ასევე შეიძლება მონონუკლეოზზე მიმართული ანტისხეულების ანალიზის (ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტის) მოშველიება.
უშუალოდ მონონუკლეოზისთვის სამკურნალო საშუალება არ არსებობს, მისი სიმპტომების გასამკლავებლად რეკომენდებულია სითხეების მიღება, კარგად დასვენება, ასევე ნებისმიერი ურეცეპტო სიცხის დამწევის და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღება. მონონუკლეოზის სიმპტომები ძირითადად 1-2 თვე გრძელდება.
ციტომეგალოვირუსის დადგენა შესაძლებელია სისხლის ან სხვა სხეულის სითხეების ანალიზით ანტისხეულების გამოვლენის შედეგად. მისი დადგენა ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ქსოვილების სინჯებიდან ვირუსის გენეტიკური მასალის შემოწმებით. ჯანსაღი ბავშვებისთვის და უფროსებისთვის ციტომეგალოვირუსის მონონუკლეოზის მკურნალობა არ არის საჭირო. შედარებით სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ექიმები ძირითადად ანტივირუსული მედიკამენტების თერაპიას ნიშნავენ.
ადამიანის ჰერპეს ვირუსის 6 და 7 მიერ გამოწვეული როზეოლას დადგენა შესაძლებელია უშუალოდ გამოვლენილ სიმპტომებზე დაკვირვებით. როზეოლას გამონაყარი ძირითადად იწყება ზურგის ან მკერდის არეებიდან. ზოგ შემთხვევაში სისხლის ანალიზი გამოიყენება დიაგნოზის დაზუსტებისთვის.
უშუალოდ როზეოლას განკურნების საშუალება არ არსებობს. ბავშვების უმეტესობა სიცხის სიმპტომის გამოვლენიდან ერთი კვირის ვადაში მთლიანად შუშდებიან. სიცხეებთან გასამკლავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სიცხის დამწევი ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომლის გამოყენებაც დასაშვებია ბავშვებისთვის.
ჰერპეს ვირუსი 8-ის მიერ გამოწვეული კაპოშის სარკომას დიაგნოსტიკა შესაძლებელია ფიზიკური გამოკვლევით, ასევე კანის ბიოფსიით (კონკრეტული ქსოვილის ან უჯრედების სინჯის ლაბორატორიული შემოწმება).
კაპოშის სარკომას განკურნების საშუალება არ არსებობს, თუმცა მისი გაკონტროლება შესაძლებელია. აივ ინფექციების მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის გეგმა შეიცავს სხვადასხვა მედიკამენტებს, რომლებიც გამიზნულია იმუნურ სისტემის დაზიანებების შემცირებისთვის. უშუალოდ სიმსივნის მენეჯმენტისთვის კი არსებობს სხვადასხვა მეთოდები მაგალითად: ქიმიოთერაპია, ქირურგიული ოპერაციები, სხივური თერაპია და სხვა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account