
ექოსკოპია თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გავრცელებული და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელსაც სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკასა და დაკვირვებაში აქტიურად იყენებენ. ამ ბლოგში გთავაზობთ ექოსკოპიის და მისი დიაგნოსტიკური გამოყენების მოკლე მიმოხილვას.
რა არის ექოსკოპია?
ექოსკოპია ექიმს საშუალებას აძლევს, უმეტეს შემთხვევაში, არაინვაზიური (ზედაპირული, სხეულში შეჭრის გარეშე) სახით დააკვირდეს სხეულის შინაგან ორგანოებს, განსაკუთრებით რბილს ქსოვილებს, რომლებიც არ აისახებიან რენტგენის საშუალებით.
ექოსკოპია სხვადასხვა დაავადებების ან ორგანოთა პრობლემების გამოვლენისთვის გამოიყენება. ის ეხმარება ექიმებს უფრო ზუსტი დიაგნოზის გამორკვევაში და შესაბამისად, უკეთესი მკურნალობის გეგმის შემუშავებაში.
როგორ მუშაობს გამოკვლევის ეს მეთოდი
ექოსკოპიის აპარატი გამოსცემს ულტრაბგერებს (მაღალი სიხშირის ბგერებს, რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აფიქსირებს), რომლებიც ქსოვილებთან შეხების შემდეგ მას ექოს სახით უბრუნდება. გაცემული ბგერებისა და უკან დაბრუნებულ ექოებს შორის მანძილის გამოთვლით მოწყობილობა აგენერირებს რბილი ქსოვილებისა და ორგანოების გამოსახულებას.
რადგან აპარატი განუწყვეტლივ აახლებს გამოსახულებას, ის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რეალურ დროში დავაკვირდეთ შიდა ანატომიას. ექოსკოპიის დიაგნოსტიკური აპარატის, თუნდაც ხშირი, გამოყენება არ ავლენს არანაირ რისკებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ყველაზე ცნობილი გამოყენება — გინეკოლოგიური ექოსკოპია
ექოსკოპიის ალბათ ყველაზე ცნობილი გამოყენება გვხვდება გინეკოლოგიაში, კერძოდ კი ფეხმძიმობის დროს. რეგულარული ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ საშვილოსნოს და ვნახოთ თუ, როგორ ვითარდება ნაყოფი. გარდა ამისა, ექოსკოპია გვეხმარება შევამჩნიოთ ნაყოფში რამე სახის უჩვეულობები, ან სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები.
ექოსკოპიის საშუალებით ექიმს, პირველ რიგში, შეუძლია დაადასტუროს ფეხმძიმობა, ასევე დაადგინოს ბავშვის გაჩენის სავარაუდო თარიღი, გამოავლინოს ტყუპების ყოლა, ან ბავშვის სქესი. ექოსკოპიით შეიძლება ფეხმძიმობის მწვავე პრობლემების შემჩნევა, როგორიც არის: ექტოპიური ორსულობა (როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუს გარეთ ინერგება) ან სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა).
მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია
მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია, იგივე ტრანსაბდომინური ექოსკოპია, სხვადასხვა გინეკოლოგიური მონიტორინგისთვის გვესაჭიროება. ამ სახის ექოსკოპიას ძირითადად მოიშველიებენ საშვილოსნოს და საკვერცხეების ზომის, ფორმისა და პოზიციის შესამოწმებლად; ასევე ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი გარსი, რომელიც მენსტრუაციული ციკლის დროს იშლება), საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილის, ან მენჯის ღრუს სისხლის მიმოქცევის მონიტორინგისთვის.
ტრანსვაგინალური ექოსკოპია
გინეკოლოგიური შემოწმებისთვის, მათ შორის ორსულობის პერიოდში, ექიმმა შეიძლება ტრანსვაგინალური ექოსკოპიური გამოკვლევა დაგინიშნოთ. ამ სახის ექოსკოპია ინტერნალურ (საშოს გავლით) შემოწმებას გულისხმობს. ტრანსვაგინალური ექოსკოპია შეიძლება გახდეს საჭირო მუცლის ან მენჯის ტკივილის მიზეზის, ატიპიური ვაგინალური სისხლდენის, კისტებისა და საშვილოსნოს ფიბრომის დასადგენად.
რა უნდა ვიცოდეთ მუცლის ღრუს ექოსკოპიის შესახებ -
მუცლის ღრუს ექოსკოპიას, იგივე აბდომინური ექოსკოპიას, იყენებენ მუცლის სხვადასხვა პრობლემების მიზეზების დასადგენად. ექოსკოპიით ექიმს შეუძლია დააკვირდეს: სისხლძარღვებს მუცლის არეში; ნაღვლის ბუშტს; ნაწლავებს; თირკმლებსა და სხვა ორგანოებს.
ორგანოებზე ექოსკოპიით დაკვირვება ექიმს ეხმარება გამოიკვლიოს, თუ რატომ გვაწუხებს სხვადასხვა სიმპტომები, მაგალითად შებერილობა, ან მუცლის ტკივილი. ყველაზე ხშირად მუცლის ღრუს ექოსკოპია რეკომენდებულია, მაშინ, როდესაც აორტის ანევრიზმის დაავადების სარისკო ასაკში ვართ, რადგან ხშირად ეს დაავადება უსიმპტომოდ ვითარდება.
როდის გამოიყენება პროსტატის ექოსკოპია
პროსტატის ექოსკოპია, იგივე რექტალური ექოსკოპია, ინტერნალურ (სწორი ნაწლავის გავლით) შემოწმებას გულისხმობს. ის ძირითადად გამოიყენება პროსტატის ჯირკვლის ზომის, მდებარეობის და ფორმის შესამოწმებლად. ექოსკოპიამ შეიძლება გამოავლინოს პროსტატის სიმსივნე ან სწორი ნაწლავის სხვა დაავადებები. რეგულარული ექოსკოპია შეიძლება გახდეს საჭირო პროსტატის სიმსივნის მკურნალობის მონიტორინგისთვის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account