რა არის დისბაქტერიოზი — დაავადების ტიპები და სიმპტომები

ბაქტერიები და სხვა მიკრობები საშიშ და არასასურველ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა მათ არსებობაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა. 

 

ადამიანის სხეულში ტრილიონობით სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი, სოკო და სხვა მიკრობები ბინადრობენ, სანაცვლოდ კი ეს მიკროორგანიზმები გვეხმარებიან, რომ ჩვენმა სხეულმა, ორგანოებმა გამართულად შეასრულონ თავიანთი საქმე. მიკრობების უმეტესი ნაწილი ჩვენ კუჭ-ნაწლავის სისტემაში იმყოფებიან, რადგან მათთვის იქ არსებული თბილი, სტაბილური და ნუტრიენტებით სავსე გარემო ხელსაყრელია. 

 

როდესაც ჩვენს სხეულში არსებული მიკრობიომი (მიკრობთა ერთიანობა) არ არის დაბალანსებული, მაგალითად თუ შემცირდება სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა და მოიმატებს პათოგენები (მიკრობები, რომლებიც იწვევენ დაავადებებს), მაშინ ვითარდება დისბაქტერიოზი, იგივე დისბიოზი.

 

დისბაქტერიოზის საკმაოდ გავრცელებული მიზეზი არის ანტიბიოტიკების გადამეტებული გამოყენება, ექიმს ამ შემთხვევაში შეუძლია ანტიბიოტიკებთან ერთად პრობიოტიკური საკვები დანამატების დანიშვნა. დისბაქტერიოზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღად კვებამ, ალკოჰოლის გადამეტებით მიღებამ ან სტრესის მაღალმა დონემ.

 

როგორია დაავადების ტიპები და სიმპტომები 

დისბაქტერიოზის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელ ნაწილში დაირღვევა მიკროორგანიზმთა ბალანსი, ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ის, თუ რა ტიპის ბაქტერიების მოცულობაა ნორმებს აცდენილი. აქ გთავაზობთ დისბაქტერიოზის ტიპებს მათი ეპიცენტრის მიხედვით და მათი სიმპტომების მოკლე მიმოხილვას.  

 

ნაწლავური დისბაქტერიოზი 

დისბაქტერიოზი ყველაზე ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემაში ვითარდება. აქ არსებული მიკრობიომი მთელ სხეულთან არის დაკავშირებული.

მიკროორგანიზმების მთავარი როლი არის საჭმლის გადამუშავებაში მოხმარება. ისინი ასევე ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ახალი კვლევების მიხედვით, მათ ჩვენს ტვინზე და ნერვულ სისტემაზეც კი აქვთ დადებითი გავლენა. შესაბამისად კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზი ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ნაწლავური დისბაქტერიოზის სიმპტომები მოიცავს: 

  • გაზების დაგროვებას და შებერილობას; 
  • უსიამოვნო სუნს პირიდან; 
  • დიარეას ან შეკრულობას; 
  • განავალში გამოვლენილ ლორწოს; 
  • ტკივილებს მუცლის არეში. 

 

მკურნალობის გარეშე უსიამოვნო ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს და უფრო მწვავე დისბაქტერიოზი განვითარდეს. დისბაქტერიოზის მიერ ჯანმრთელობის გაუარესებამ შეიძლება წაახალისოს: ნაწლავების ანთებითი დაავადებები; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; ანთებითი ართრიტი ან ტიპი 2 დიაბეტი.  

 

ორალური დისბაქტერიოზი

ჩვენი პირის ღრუს ხშირად უწევს შეხება ახალ და უცხო მიკრობებთან, დენტალური პრობლემები ხშირად კავშირშია ორალური მიკრობიომის ცვლილებებთან. ორალური დისბაქტერიოზი მთავარი ეჭვმიტანილი შეიძლება გახდეს პირის ღრუს ისეთ დაავადებებში, როგორიც არის კბილის კარიესი ან პერიოდონტიტი (მძიმე სახის ღრძილების ინფექცია, რომელიც იწვევს ანთებით პროცესს კბილების ირგვლივ).  

 

კანის დისბაქტერიოზი 

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. ის, როგორც კუჭ-ნაწლავის სისტემა, ასევე ბევრ მიკროორგანიზმს მოიცავს. კანის დისბაქტერიოზი დაკავშირებულია სხვადასხვა კანის არაინფექციურ დაავადებებთან, მათ შორის: აკნე, დერმატიტი და ფსორიაზი.  

 

საშოს დისბაქტერიოზი — რა უნდა ვიცოდეთ 

საშოს მიკრობიომის ბალანსი მნიშვნელოვანია პათოგენებისგან თავის დასაცავად. საშოს დისბაქტერიოზის ყველაზე გავრცელებული შედეგი არის დაავადება ბაქტერიული ვაგინოზი. ამ დაავადების დროს ვაგინაში კონკრეტული მიკროორგანიზმები მრავლდებიან და იწვევენ ინფექციურ პროცესს. ბაქტერიული ვაგინოზი ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება. გამოვლენილი სიმპტომები კი მოიცავენ:

  • თხელ ვაგინალურ გამონადენს, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ნაცრისფერი ან მწვანე; 
  • უსიამოვნო სუნს ვაგინიდან; 
  • ქავილს და წვის შეგრძნებას შარდვის დროს.

საშოს დისბაქტერიოზმა, მკურნალობის გარეშე, შეიძლება უფრო მწვავე იმუნური პრობლემებიც წაახალისოს.

 

როგორ ვლინდება და მიმდინარეობს დისბაქტერიოზი ბავშვებში 

მიკრობების დაბალანსებული ვარიაცია და რაოდენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. კუჭ-ნაწლავის მიკრობიომი ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება და ვითარდება. შესაბამისად, მისი ბალანსი აუცილებელია ბავშვის ზრდისთვის, რადგან მას გავლენა აქვს ზრდის ჰორმონის წარმოებაზე. 

 

ბავშვებში მალნუტრიციის (არასწორი კვების) ან სხვადასხვა ინფექციების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავური დისბაქტერიოზი. მან შეიძლება შეაფერხოს ბავშვის მოსალოდნელი წონის მომატება. ბავშვებში ასევე ხშირია ანტიბიოტიკების გადამეტებული მოხმარების მიერ გამოწვეული დისბაქტერიოზიც.  პედიატრიული დისბაქტერიოზის სიმპტომები მოიცავს:

  • დიარეას ან შეკრულობას;
  • შებერილობას;
  • წონის შემცირებას, სათანადო კვების მიუხედავად.

 

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა 

ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა დისბაქტერიოზის ანალიზის ჩატარება, რადგან გამოვარკვიოთ ორგანიზმში კონკრეტული ბაქტერიული ბალანსის დარღვევები. 

 

გამოსაკვლევად ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ შარდის ანალიზი, რომელიც ლაბორატორიული კვლევით გამოავლენს ეჭვმიტანილი ბაქტერიების ბალანსის დარღვევას. ექიმს ასევე შეუძლია დაგინიშნოთ განავლის ანალიზი, რომელიც შემოწმდება სხვადასხვა მიკრობების შემცველობაზე. ეს ლაბორატორიული კვლევა ეხმარება ექიმს, დაადგინოს დისბაქტერიოზის ზოგადი ნიშნები. გარდა ამისა, მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ წყალბადის სუნთქვითი ტესტი. ეს ტესტი გულისხმობს შაქრის ხსნარის დალევას და შემდეგ ამოსუნთქვით ბუშტის გაბერვას. ბუშტში არსებული ჰაერი შემდეგ გაანალიზდება ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი აირების შემცველობაზე. 

რადგან დისბაქტერიოზი ხშირად ანტიბიოტიკების მიერ არის გამოწვეული, უმჯობესია ექიმს თქვენ მიერ ანტიბიოტიკების გამოყენებაზე მიაწოდოთ ინფორმაცია.

 

დისბაქტერიოზის მკურნალობა დამოკიდებულია კონკრეტულ დიაგნოზზე. ძირითადად შემთხვევებში, ექიმი ნიშნავს პრობიოტიკების, მაგალითად ენტეროლს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეინიშნება დიარეის სიმპტომებიც. 

 

ექიმმა ასევე შეიძლება დაგინიშნოთ პრებიოტიკების ან ანტიბიოტიკების თერაპიაც.  

როგორც უკვე ვახსენეთ, დისბაქტერიოზი დიეტის ფორმითაც შეიძლება იყოს გამოწვეული; ამიტომ, მის თავიდან ასარიდებლად რეკომენდებულია ვუზრუნველყოთ საკვების მრავალფეროვნება ჩვენს ყოველდღიურ კვებით რაციონში.