
ჰეპტრალი (Heptral) არის პრეპარატი, რომელიც შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ გამოიყენება:
- ღვიძლშიდა ქოლესტაზი (ნაღვლის დინების შემცირება ან შეჩერება);
- ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დისფუნქცია, რომელიც ღვიძლის მოქმედების დარღვევით არის გამოწვეული);
- ღვიძლის ციროზი (მუდმივი ნაწიბური, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ხელს უშლის მის ფუნქციონირებას);
- დეპრესიული სინდრომები;
- ქრონიკული ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება, რომელიც, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გრძელდება);
- აბსტინენციის სინდრომი (ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები, რომლებიც ვლინდება მაშინ, როდესაც ინდივიდი ამცირებს ან წყვეტს იმ ნივთიერების გამოყენებას, რომელზეც მას დამოკიდებულება განუვითარდა).
ჰეპტრალი 400მგ-იანი ტაბლეტების ან საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით არის ხელმისაწვდომი — ფასი პრეპარატის ვერსიის მიხედვით განსხვავებულია. ჰეპტრალის ფხვნილის და ტაბლეტების შეძენა შესაძლებელია პსპ-ს აფთიაქებში.
როგორია ჰეპტრალის მიღების წესები და დოზირება?
ინსტრუქციის თანახმად, ლიოფილიზირებული ფხვილი, უშუალოდ ინიექციამდე, თანმხლებ სპეციალურ გამხსნელში უნდა გახსნათ, რის შემდეგაც სუსპენზია ორგანიზმში ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად უნდა შეიყვანოთ. გაითვალისწინეთ, რომ ინტრავენური ინიექციის პროცედურა ძალიან ნელა უნდა ჩატარდეს.
სადღეღამისო დოზა 400მგ-ს შეადგენს, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა — 15-20 დღეს.
გაფრთხილება: თუ ფხვნილი ფერს შეიცვლის, ის აღარ უნდა გამოიყენოთ.
რაც შეეხება ტაბლეტს, ის ბლისტერიდან ბლისტერიდან უშუალოდ დალევამდე უნდა ამოიღოთ და პერორალურად, დაუღეჭავად მიიღოთ. რეკომენდებული დღიური დოზა 2-3 აბს შეადგენს.
გაფრთხილება: თუ ტაბლეტი ფერს შეიცვლის, ის აღარ უნდა მიიღოთ.
გაითვალისწინეთ: რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ჰეპტრალის პარენტერული შეყვანით და კურსის ტაბლეტების საშუალებით გაგრძელება. თერაპიის მთლიანი ხანგრძლივობა, რომელიც ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება, დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზე.
რა უკუჩვენებები აქვს პრეპარატს?
ჰეპტრალის ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ ის არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ამასთან, სპეციფიკური სამედიცინო მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში ჰეპტრალის გამოყენება შეიძლება ორსულობის პერიოდში, დედასა და ნაყოფზე რაიმე ზეგავლენის გარეშე.
გაფრთხილება: ბავშვებში ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
გაითვალისწინეთ: ჰეპტრალი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, მედიკამენტის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.
როგორი გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს?
ჰეპტრალის ანოტაციის თანახმად, მედიკამენტის ხანგრძლივი დროით მაღალი დოზების მიღებისას სერიოზული გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება. ამასთან, პაციენტების მიერ ჰეპტრალის მიღებისას პრეპარატზე დამოკიდებულება არ განვითარებულა. თუმცა, ძალიან იშვიათად, ზოგიერთ პაციენტში ეს პრეპარატი შეიძლება დღე-ღამური რიტმის დარღვევის მიზეზი გახდეს. შესაძლოა, ასეთ შემთხვევებში ძილის წინ სედაციური საშუალებების (პრეპარატები, რომლებსაც ფსიქიკაზე დამამშვიდებელი მოქმედება აქვს) მიღების საჭიროება დადგეს.
გარდა ამისა, ჰეპტრალის აბების მიღების შემდეგ, ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა გულძმარვა, ასევე უსიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიულ არეში (მუცლის ზედა ცენტრალური ნაწილი, რომელიც ნეკნების ქვემოთ მდებარეობს). თუმცა საგულისხმოა, რომ ეს სიმპტომები არასერიოზული ხასიათის იყო და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებდა.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account