
სხეულიდან თმის მოსაცილებლად ყველა იმ მეთოდს ირჩევს, რომელიც მისთვის ესთეტიკურად და ფინანსურად ყველაზე მისაღები და ხელსაყრელია.
ეს არჩევანი არცთუ ისე დიდია მაგალითად, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, რადგან დიოდური ლაზერი, ალექსანდრიტის ლაზერი თუ ელექტროეპილაცია ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის, თმის მოსაცილებლად კი მხოლოდ რამდენიმე ალტერნატივა რჩება: პარსვა, ცვილით დეპილაცია და შუგარინგი.
რა არის შუგარინგი და როგორ ტარდება?
შუგარინგი თმის მოშორების უძველესი მეთოდია, რომელიც თმის მოსაცილებლად ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული წებოვანი მასის გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული მასა თმის ღერებს ძირიანად აძრობს და კანი სიგლუვეს 4-6 კვირის განმავლობაში ინარჩუნებს.
როგორ მზადდება მასა, რომელსაც შუგარინგისთვის იყენებენ?
წებოვანი მასა, რომელსაც შუგარინგისთვის იყენებენ, ლიმონის, შაქრისა და წყლის ნაზავისგან არის დამზადებული. იგი არავითარ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს და, შესაბამისად, სრულიად უვნებელია კანისთვის და ზოგადად, ორგანიზმისთვის.
მომზადების წესი: 1 კგ შაქარი ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ 7 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 8 სუფრის კოვზი წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, დაახურეთ თავსახური და პერიოდულად ურიეთ. შაქარი ჯერ გადნება, შემდეგ აქაფდება, ბოლოს გაყავისფრდება. ამ დროს თავსახური უნდა მოხადოთ. პერიოდულად მორევა არც ამ დროს დაგავიწყდეთ. როდესაც შაქარი კარამელს დაემსგავსება, გადაიღეთ სუფთა ჭურჭელში და მასა გააგრილეთ, მაგრამ არა გაქვავებამდე. მომზადებული თბილი მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, დაახლოებით კვერცხისოდენა, და კარგად მოზილეთ, გაციებამდე.
თუ ბურთი კანზე ზედმეტად გეწებებათ, ესე იგი ჯერ საკმარისად არ არის გაგრილებული. თუ მეტისმეტად მაგარია, რამდენიმე წვეთი წყალი დაუმატეთ. თუ მასა ძალიან მაგარია და უცბად ქვავდება, ჭურჭელი ცხელი წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ და 1 სუფრის კოვზი წყალი დაუმატეთ. ამის შემდეგ მასა გააცხელეთ კვლავ გადნობამდე, კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
როგორ ტარდება პროცედურა?
პროცედურის დაწყებამდე კარგად იწმინდება სხეულის ის ნაწილი, რომელზეც შუგარინგი უნდა ჩატარდეს. შემდეგ ამ ადგილას აყრიან პუდრს, რომელიც ქმნის კანსა და შუგარინგის მასალას შორის თხელ ბარიერს. შუგარინგის თბილ მასას კანზე უსვამენ მთელ სიგრძეზე, თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით. როგორც კი მასა კანზე ოდნავ შეშრება, თმის ზრდის მიმართულებით აძრობენ.
შუგარინგის პროცედურის დროს ღერები იმსიგრძე უნდა იყოს, რომ წებოვანი მასა კარგად მოეჭიდოს და ძირიანად ამოიღოს.
როგორია შუგარინგის უპირატესობები
შუგარინგი ეპილაციის ყველაზე უსაფრთხო მეთოდია, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ბავშვებიც, ორსულებშიც და ლაქტაციის პერიოდშიც.
იგი არ აბრუნებს და არ წყვეტს თმას, არ აზიანებს კანს, არ იწვევს ალერგიას, კანი მაშინვე პრიალდება და ხდება გლუვი, ეფექტი ხანგრძლივია და 3-4 კვირის მანძილზე გრძელდება, გააჩნია მსუბუქი პილინგის ეფექტი.
პროცედურის რეგულარულად ჩატარების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ფოლიკულები სუსტდება, თმა ნელ-ნელა თხელდება, მცირდება და დროთა განმავლობაში საერთოდ წყვეტს ზრდას.
შუგარინგის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ მასა არ ეწებება კანს და არ აცილებს მას ცოცხალ უჯრედებს. შუგარინგის დროს ასევე გამორიცხულია თმის ღერების ჩაბრუნება.
სხეულის რა ნაწილზე შეიძლება შუგარინგის ჩატარება?
როგორც მოგახსენებთ, შუგარინგი არ აზიანებს კანს, ამიტომ მისი ჩატარება შეგიძლიათ სხეულის ნებისმიერ ადგილას: მუცელზე, ბიკინის ზონაში, ფეხებზე და სახეზეც კი. თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ კანის დაავადება გაქვთ, პროცედურამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან.
აქვე უნდა აღინიშნოს პროცედურის სისწრაფეც, მაგალითად: იღლიის ზონის გასუფთავება შუგარინგით სულ რაღაც 5 წუთს, ხოლო ორივე ხელის სრული დეპილაცია დაახლოებით 30 წუთს მოითხოვს.
რამდენად მტკივნეულია პროცედურა?
შუგარინგი გაცილებით ნაკლებად მტკივნეულია ვიდრე თმის მოცილების სხვა ბევრი პროცედურა, მაგალითად: ცვილით დეპილაცია. თუმცა, რასაკვირველია, 100%-ით უმტკივნეულო პროცედურას არ უნდა ელოდოთ, რადგან თმის მოშორება სხეულიდან მაინც მექანიკურად ხდება. თუმცა ის ტკივილი, რომელიც პროცედურას ახლავს, ნამდვილად ასატანია.
როგორ მოვუაროთ კანს შუგარინგის შემდეგ?
შუგარინგის პროცედურის ჩატარების შემდეგ, სასურველია ჩაიცვათ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული და თავისუფალი ტანსაცმელი. პირველ დღეს მოერიდეთ აუზს, საუნას, სოლარიუმს, აქტიურ ვარჯიშს და აცადეთ კანს, დამშვიდდეს და ნორმაში ჩადგეს.
ბანაობა ნებადართულია იმ დღესვე, თუმცა პირველი 24 საათის განმავლობაში არ უნდა ჩაიტაროთ კანის ამქერცლავი პროცედურები, არ უნდა გაიხეხოთ კანი ღრუბლით, ნეჭით ან ჯაგრისით. 24 საათის გასვლის შემდეგ კი კანი ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა აიქერცლოთ, ჩაიტაროთ ექსფოლიაციის პროცედურები, თმის ჩაბრუნებისა და არასწორი მიმართულებით ზრდის თავიდან ასაცილებლად.
კანის დასატენიანებლად სასურველია E ვიტამინის შემცველი დამატენიანებელი კრემების წასმა, რადგან დატენიანებული კანი უფრო ნაკლებად გაღიზიანდება და ინფექციის რისკიც იკლებს.
რა რისკებს შეიცავს შუგარინგის პროცედურა?
შუგარინგის პროცედურა სარისკოა მხოლოდ მაშინ, თუ არასწორად და არაპროფესიონალურად ჩატარდა. მაგალითად:
ვინაიდან წებოვანი მასა პროცედურამდე ცხელდება, შესაძლოა თუ მას სათანადო ტემპერატურამდე არ გააგრილებთ, კანი დაიწვათ.
თუ პროცედურა არასწორად და უხეშად ჩატარდა, შესაძლოა, კანი დაგილურჯდეთ.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ შუგარინგის პროცედურა იკრძალება, თუ:
- კანზე ისვამთ C ვიტამინის ან რეტინოლის შემცველ საშუალებებს;
- იღებთ სტეროიდებს;
- მკურნალობთ როაკუტანით;
- გაქვთ მზის ან სხვა სახის დამწვრობა;
- გაქვთ ჩალურჯებული ადგილები ან გამონაყარი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, თუ შუგარინგი ჯერ არ გაგიკეთებიათ, უმჯობესია, მის მოსინჯვამდე კონსულტაცია დერმატოლოგთან გაიაროთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account