თავის ტკივილი — რა იწვევს მას და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

თავის ტკივილი უსიამოვნო, დამთრგუნველი შეგრძნებაა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ განიცდის. 

თავის ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, ლოკალიზაციის, სიმძიმისა და სიხშირის მიხედვით. იგი შეიძლება გამოვლინდეს თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებულად ან ჰქონდეს გადაცემითი ხასიათი, იყოს მწვავე, მოპულსირე ან ყრუ, თანდათანობით განვითარებული ან უეცარი, იყოს ხანმოკლე ან გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში... და რაც ყველაზე საყურადღებოა, თავის ტკივილი შეიძლება სულაც არ იყოს გამოწვეული მარტივი მიზეზით და მის უკან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც იმალებოდეს. 

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ თავის ტკივილის ნაირსახეობებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებს. 

რა სახის თავის ტკივილი არსებობს?

თავის ტკივილი ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: პირველადი და მეორადი ტკივილი.

პირველადი თავის ტკივილი ნიშნავს, რომ უშუალოდ ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლის ერთ-ერთი ნიშანი არის თავის ტკივილი, მეორადი ნიშნავს, რომ თავის ტკივილი არის სხვა დაავადების ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება – სიმპტომი ან ნიშანი.

რა შეიძლება იყოს პირველადი თავის ტკივილის მიზეზები?

პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპებია:

დაძაბვის თავის ტკივილი - რომელსაც მოჭერითი ხასიათის ტკივილი ახასიათებს. მას ძირითადად სტრესი იწვევს. ასევე ხშირი მიზეზია მხრების, კისრის, თავის ქალასა და ყბის კუნთების დაჭიმულობა, რაც თავის მხრივ, შესაძლოა მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ჯდომით ან დგომით იყოს გამოწვეული.  

პირველადი თავის ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ. ასეთი ტიპის ტკივილის წარმოშობის რისკს ზრდის ძილის უკმარისობა, კვების გამოტოვება, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ვირუსული ინფექცია, მენსტრუაციული ციკლი და სხვა.

შაკიკის თავის ტკივილი - ამ ტიპის თავის ტკივილი არის არა სიმპტომი, არამედ თავად დაავადება. შაკიკს ახასიათებს ძლიერი, შეტევითი, მფეთქავი თავის ტკივილი, რომელიც შესაძლოა რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გაგრძელდეს. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია და ხშირად თან ახლავს გულისრევა ან ღებინება, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა.

მედიკამენტური თავის ტკივილი - ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ: ასპირინი, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, კოდეინი თუ სხვა, – ხანგრძლივი და ხშირი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თვითონვე იქცეს ტკივილის მიზეზად. თავის ტკივილის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს კოფეინის (ჩაი, ყავა, კოკა-კოლა, კოფეინის შემცველი ტაბლეტები და ა.შ.) ჭარბი მიღებაც. ამ ტიპის თავის ტკივილის ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა საყურადღებოა, რომ მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ტაბლეტების რაოდენობა, არამედ მიღების სიხშირე – თუ ტკივილგამაყუჩებელს კვირაში მხოლოდ 1-2 დღე იღებთ, წამლისმიერი თავის ტკივილის განვითარების ალბათობა ნაკლებია, ხოლო თუ მათ მიღებას 3 დღეზე მეტხანს გააგრძელებთ თავის ტკივილის ალბათობა მაღალია. 

კლასტერული თავის ტკივილი - ძირითადად 20-45 წლის მამაკაცებში გვხვდება და ძალიან ძლიერი, აუტანელი ნევრალგიური ტკივილის შეტევები ახასიათებს. ასეთი ტიპის თავის ტკივილი დაახლოებით 30-45 წუთი გრძელდება. შეტევები შეიძლება 10-14 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. კლასტერული თავის ტკივილის წარმოშობის მექანიზმი და მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის (შაკიკის მსგავსად). 

რა შეიძლება იყოს მეორადი თავის ტკივილის მიზეზი? 

მეორადი თავის ტკივილი აღმოცენდება, როგორც სხვა დაავადების თანმხლები სიმპტომი და თავისი კლინიკური მნიშვნელობით შეიძლება იყოს ძალიან საყურადღებო იმიტომ, რომ შეიძლება მეორადმა თავის ტკივილმა დამალოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.

ეს დარღვევები/დაავადებებია:

  • ინფექცია;
  • სისხლის მაღალი წნევა;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
  • თავის დაზიანება ან ტრავმა;
  • ინსულტი;
  • სიმსივნე;
  • ნერვული დარღვევები;
  • სინუსის შეშუპება;
  • სიმსივნე, აბსცესი, პარაზიტული ჩანართი, ანევრიზმა;
  • ნეიროინფექციების (მენინგიტი და ენცეფალიტი);
  • შფოთვითი აშლილობა. 

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

იმ შემთხვევაში, თუ  თავის ტკივილის სიმპტომი თვეში 3-ჯერ ან მეტჯერ გამოვლინდა, საჭიროა ექიმს მიმართოთ, რათა დროული დიაგნოსტიკით გამოირიცხოს რომელიმე სერიოზული დაავადების  არსებობა. თუმცა სანამ ექიმს მიმართავთ აუცილებელია საპროფილაქტიკო ღონისძიებების ჩატარება: ძილის რეჟიმის მოწესრიგება, სტრესის შემცირება, რაციონიდან კოფეინის შემცველი პროდუქტების შემცირება/ამოღება, ფიზიკური აქტივობა, წნევის კონტროლი და სხვა.

თავის ტკივილის მკურნალობა ძირითადად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებით ხდება. სამკურნალოდ მოწოდებულია სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ასპირინს, აცეტამინოფენს, იბუპროფენს ან ნაპროქსენს. ერთ-ერთი ასეთია მიგ-400, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებაა და სიცხის დამწევი მოქმედებაც აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტების მიღებამდე აუცილებელია თვალი გადაავლოთ მის ინსტრუქციას, გულდასმით გაეცნოთ გვერდით ეფექტებს და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებას.