ესლოტინი — სეზონურ და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიებთან საბრძოლველად (H1)

ესლოტინი H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორია, რომელიც შემოგარსული ტაბლეტებისა და სიროფის ფორმით თურქეთში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება დეზლორატადინს შეიცავს.

ესლოტინის ტაბლეტში 5 მგ დეზლორატადინი, ასევე დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი შედის. ესლოტინის სიროფი 2,5 მგ დეზლორატადინს შეიცავს. მასში დამხმარე ნივთიერებების სახით ასევე შედის: გლიცერინი, საქაროზა, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, არომატიზატორი „ფორთოხალი“, ყვითელი სანსეტი (E 110) და გასუფთავებული წყალი.

PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი ორივე ფორმით ურეცეპტოდ გაიცემა.

რისთვის იყენებენ ესლოტინს? 

ესლოტინს ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს და არ იწვევს ძილიანობას. პრეპარატი ერთ-ერთი დანიშნულება სეზონური პოლინოზის სიმპტომების შემსუბუქებაა.

სეზონური პოლინოზი არის ალერგიული დაავადება, რომელიც სხვადასხვა მცენარის მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობითაა განპირობებული და სასუნთქი გზების, კონიუნქტივის, კანის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება ახასიათებს.

მედიკამენტს მიმართავენ წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის სამკურნალოდაც სიმპტომების მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით, რომელთა შორისაა: ცემინება, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფა, ცხვირის გაჭედვა და ქავილი, ცრემლდენა, თვალების ქავილი და სიწითლე.

ესლოტინს გამოიყენება ასევე ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს, კანის ქავილისა და გამონაყარის შემცირებისა და გაქრობის მიზნით.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ ტაბლეტები და სიროფი?

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ესლოტინის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აღენიშნებათ. გარდა ამისა, მისი გამოყენება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მათ კი, ვისთვისაც პრეპარატი დასაშვებია, ტაბლეტები კვების რეჟიმის გაუთვალისწინებლად, დოზით 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ უნდა მიიღონ. ტაბლეტი დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით უნდა გადაიყლაპოს.

რაც შეეხება პრეპარატის მეორე ფორმას, ესლოტინის სიროფი ბავშვებში ამგვარი დოზირებით გამოიყენება:

  • 6-დან 11 თვემდე: 1 მგ (სიროფის 2 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
  • 1-დან 5 წლამდე: 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
  • 6-დან 11 წლამდე: 2,5 მგ (სიროფის 5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
  • 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები (ასევე ზრდასრულები): 5 მგ (სიროფის 10 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დაავადების ხასიათიდან გამომდინარე განისაზღვრება. სეზონური პოლინოზის მკურნალობისას პრეპარატის მიღებას სიმპტომების გაქრობის შემდგომ წყვეტენ. წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის მკურნალობისას კი მას ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში იყენებენ.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები  

ესლოტინის მიღების შემდეგ, მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, შეიძლება, სხვადასხვა გვერდითი მოვლენა აღინიშნოს. მათ შორის, პაციენტების ნაწილში იმატებს დაღლილობა, ასევე ვლინდება პირის სიმშრალე და თავის ტკივილი.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია და გულისცემის შეგრძნების გამძაფრება აღინიშნოს. მცირე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ფერმენტების აქტივობა და ბილირუბინის კონცენტრაცია გაიზარდოს.

ასევე, ძალიან იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და გამონაყარის ჩათვლით.