ქლამიდიოზი — სიმპტომები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციის გზები

ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა (სგგი), რომელსაც იწვევს ბაქტერია ქლამიდია (Chlamydia Trachomatis). ქლამიდია არის ბაქტერია, რომელსაც თანაბრად შეუძლია დააავადოს როგორც ქალი, ასევე კაცი; შესაბამისად, როდესაც პარტნიორებიდან ერთ-ერთს უდგინდება ქლამიდიოზი, მეორემაც აუცილებლად უნდა გაიკეთოს ანალიზი.

 

სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად ქლამიდიოზის დაახლოებით 1,5 მილიონი შემთხვევა აღირიცხება. თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალია, რადგან ქლამიდიოზის შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოა - არ ვლინდება ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევებიდან ბევრი შეუძლება შეუმჩნეველი დარჩეს.

 

ინფექციის გადაცემის გზები და გამომწვევი მიზეზები 

 

ქლამიდიოზი ყველაზე ხშირად ვრცელდება დაუცველი სექსუალური კავშირით (ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსით).  

 

გარდა ამისა, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს არასაკმარისად გასტერილირებული საზიარო სექს-სათამაშოების გამოყენებითა და დაინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან (სპერმა, ვაგინალური სითხე) კონტაქტით. 

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორსულობის შემთხვევაში ქლამიდიოზი შეიძლება გადავიდეს დედიდან ბავშვზე.

 

რა არ იწვევს ქლამიდიოზს — მითები და რეალობა

 

როგორც ყველა ინფექციის შემთხვევაში, ქლამიდიოზთანაც არის დაკავშირებული მითები. თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ქლამიდიოზს არ გადაეცემა: 

  • კოცნით;
  • საკვების ან სასმელის გაზიარებით;
  • ჩახუტებით ან ხელით კონტაქტით;
  • საპირფარეშოს ან სააბაზანოს გამოყენებით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • ჰაერ-წვეთოვანი გზით.

 

რამ უნდა დაგვაეჭვოს — როგორია ინფექციის სიმპტომები

 

ხშირ შემთხვევაში ქლამიდიოზი ასიმპტომურია, თუმცა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ის ადრეულ სტადიაზეც შეიძლება იწვევდეს რამდენიმე სიმპტომს.

ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს.

ქალებში ქლამიდიოზის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • თეთრი ან ყვითელი გამონადენი სასქესო ორგანოდან, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი;
  • შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება;
  • ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას;
  • სისხლდენა მენსტრუაციებს შორის;
  • ტკივილი სექსის დროს;
  • ქავილი ან წვის შეგრძნება სასქესო ორგანოზე;
  • ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

რაც შეეხება მამაკაცებს, ქლამიდიოზის სიმპტომები შეიძლება შემდეგი სახით გამოვლინდეს:

  • ლორწოს მსგავსი ან გამჭვირვალე გამონადენი სასქესო ორგანოდან;
  • ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას;
  • ტკივილი, დისკომფორტი, სისხლდენა ან ლორწოსმაგვარი გამონადენი ანალური ხვრელიდან;
  • ერექციის დარღვევა;
  • სათესლე ჯირკვლის ტკივილი;
  • ყელის ტკივილი;
  • თვალის ინფექციები - ქუთუთოს შიგნითა სიწითლე და გაღიზიანება. 

უმეტეს შემთხვევაში ქლამიდიოზის სიმპტომები ვლინდება დაუცველი სექსუალური კავშირის შემდეგ - 1 კვირიდან 3 თვემდე ვადაში. მაგრამ სიმპტომების გამოვლენას შეიძლება სამ თვეზე მეტი დროც კი დასჭირდეს.

 

ვინ არის ინფიცირების რისკ-ჯგუფში?

 

ქლამიდიოზით ინფიცირების რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც:

 

  • სქესობრივ ცხოვრებას იწყებენ 25 წლამდე;
  • ხშირად იცვლიან პარტნიორს ან ჰყავთ მრავალი პარტნიორი;
  • არ იყენებენ თავდაცვის საშუალებებს;
  • ორსულები;
  • გადატანილი აქვთ სექსუალური გზით გადამდები სხვა ინფექციები.



რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ქლამიდიოზს?

 

დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში ქლამიდიოზის მკურნალობა მარტივია და მისგან სრულად განკურნებაც შესაძლებელი, თუმცა დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.

 

ქლამიდიოზის უყურადღებოდ დატოვებამ ქალებსა და მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ჯანმრთელობის გართულებები.

 

ქალებში: 

  • მცირე მენჯის ორაგნოების ანთებითი დაავადება (PID)
  • ორსულობის გართულებები - ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ორსულობის დროს მუცლის მოშლა, მუცლადყოფნის პერიოდში ახალშობილზე ბაქტერიის გადაცემა, უნაყოფობა.

 

მამაკაცებში:

  • ეპიდიდიმიტი - სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება
  • უნაყოფობა.

 

როგორ ხდება ამ ინფექციის დიაგნოსტირება 

 

ქლამიდიოზის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ანალიზი - ქლამიდია ტრაქომატისი (Cl. Trachomatis-ის განსაზღვრა პჯრ(PCR)-ით).

რეკომენდებულია, რომ ანალიზის გაკეთებისას:

  • მამაკაცებში გამოყენებული იყოს დილის შარდის პირველი ნაწილი;
  • ქალებში ტესტირებისთვის ოპტიმალურ მასალად აღიარებულია უროგენიტალური ნაცხი.

საერთაშორისო პრაქტიკაში ქლამიდიოზის ყველაზე გავრცელებულ ტესტს ეწოდება ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT), რომლის დროსაც სითხის ნიმუშის აღება ქლამიდია ტრაქომატისის ანალიზის მსგავსად ხდება ვაგინალური/საშვილოსნოს ყელის ნაცხის ანალიზით ან შარდის ნიმუშის შეგროვებით. 

 

როფორ ხდება ქლამიდიოზის მკურნალობა და რა რეკომენდაციები არსებობს ინფიცირებულთათვის?

 

ქლამიდიოზი სრულად განკურნებადი ინფექციაა და მისი მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მეთოდს ანტიბიოტიკოთერაპის კურსი წარმოადგენს.  ქლამიდიოზი შეიძლება გაიკურნოს ანტიბიოტიკების გამოყენებით დაახლოებით 1-2 კვირაში. 

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის ნაწილს შეადგენს ისეთი სექსუალური აქტივობების თავიდან აცილებაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ხელახალი ინფიცირება.

 

ქლამიდიოზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

 

  • შეატყობინეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს ინფიცირების შესახებ,  რათა მანაც დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
  • თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან, სანამ ინფექცია არ გაქრება. მკურნალობის დაწყება არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ხართ. 
  • განმეორებითი ტესტი ჩაიტარეთ მკურნალობის დასრულებიდან 3 თვეში.
  • ორსულობის შემთხვევაში ქლამიდიოზის მკურნალობა უნდა განხორციელდეს მეან–გინეკოლოგისა და ინფექციონისტის ერთდროული მეთვალყურეობით.
  • რეგულარულად გაიარეთ სკრინინგი ქლამიდიოზზე. გარდა ამისა, რეგულარულად გაიარეთ ტესტირება სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზეც.

 

როგორ შეგვიძლია ქლამიდიოზის პრევენცია?

 

ქლამიდიოზის პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გქონდეთ დაცული სექსუალური კონტაქტი. ასევე, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

 

  • მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ პარტნიორებს;
  • მოერიდეთ რამდენიმე პარტნიორის ყოლას ერთდროულად;
  • ყოველთვის გამოიყენეთ თავდაცვის საშუალებები;
  • არ ისარგებლოთ საზიარო სექს-სათამაშოებით;
  • დაიცავით ინტიმური ჰიგიენა;
  • წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.