რა არის მელანქოლია და როგორ მივყავართ მას დეპრესიამდე

21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ და რთულად განკურნებადი დაავადებებს შორის შეხვდებით მელანქოლიასაც, რომელსაც თანამედროვე სახელწოდება — დეპრესია მეცნიერებმა XIX საუკუნეში უწოდეს. 

უძველესი დროიდან ეს დაავადება ცნობილი იყო სახელწოდებით მელანქოლია, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებით დათრგუნულ გუნება-განწყობილებას, სევდას და კაეშანს ნიშნავს. 

სამყაროს პროგრესულ განვითარებას თან სდევს დეპრესიით დაავადებული ადამიანების სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდაც. ზოგიერთ ქვეყანაში, ქალაქსა თუ რაიონში, სოციუმის დიდი ნაწილი მელანქოლიის განცდას პიროვნულ სისუსტედ მიიჩნევს, რის გამოც ხშირად დეპრესიისადმი მიდრეკილი ადამიანები წნეხის ქვეშ ექცევიან და იძულებულნი ხდებიან დამალონ საკუთარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. 

უმეტეს ჩვენგანს შეიძლება ეგონოს, რომ ავადმყოფობა მხოლოდ ჩვენს სხეულში არსებული ორგანოების დაზიანება და მათი ფუნქციის მოშლაა. თუმცა ამ დროს უნდა გვახსოვდეს ერთი უმნიშვნელოვანესი მოსაზრება, „ფსიქო და სომა“ (ანუ სული და სხეული) - ეს ერთი დიდი მთლიანობაა და როდესაც ერთს უჭირს, უჭირს მეორესაც. 

ამას ამტკიცებდა მედიცინის მამად წოდებული ჰიპოკრატე (ძვ.წ. 460-370წწ.) თუმცა მანამდეც, საუკუნეების წინანდელი ისტორიული წყაროები, უამრავი მხატვრული თუ მეცნიერული დასაბუთება გვინახავს მელანქოლიის შესახებ -  ყველაზე ადრეული აღწერა მოცემულია ბიბლიაში, კერძოდ, იუდეველების მეფის საულის ისტორიაში, რომელი  ძვ.წ. XI საუკუნეში ცხოვრობდა. მასზე წერდა ჰომეროსი, პითაგორა, დემოკრიტე, არისტოტელე და ა.შ.

მაშასადამე, ვიდრე დავიწყებთ იმ ადამიანთა განსჯას, რომლებიც მტანჯველი დეპრესიით წლები იტანჯებიან, მანამდე მოდი გავიგოთ თუ რა დაავადებაა მელანქოლია და როგორ გავლენას ახდენს ის ჩვენზე. 

რა არის მელანქოლია

მრავალი ფსიქო-სომატურ დარღვევათაგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული და საფრთხილო დაავადებაა დეპრესია. იგი მიეკუთვნება ფსიქიკური აშლილობის ისეთ კატეგორიას, რომელსაც შესწევს ძალა ადამიანის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გააუარესოს. 

თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონია სასოწარკვეთის ხანგრძლივი ეპიზოდი. ზოგიერთი ჩვენგანი ამგვარ რთულ პერიოდებს დამოუკიდებლად ართმევს თავს და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, ზოგიერთისთვის კი უბრალო სასოწარკვეთა შესაძლოა ხანგრძლივი მელანქოლიის მიზეზად იქცეს. ამ დაავადებას მრავალი სახე აქვს და ყველა ჩვენგანში სხვადასხვანაირად იჩენს თავს. იგი შეიძლება იყოს მსუბუქი და ხანმოკლე ან კიდევ მძიმე და ხანგრძლივი. ყოველივე ეს დამოკიდებულია როგორც გარემო-პირობებზე, ასევე პიროვნების გენეტიკურ წინასწარგანწყობასა და ოჯახურ ანამნეზზე (წარსულში მისი ოჯახის წევრებს ჰქონიათ თუ არა რაიმე ფსიქიკური დაავადება). 

რაც არ უნდა იყოს მთავარია გვახსოვდეს, რომ დეპრესია არ არის განაჩენი. რაც არ უნდა შეუძლებლად გვეჩვენებოდეს სასოწარკვეთის დროს ოპტიმიზმის შენარჩუნება, იგი საბოლოოდ მართვადია. 

რა არის დეპრესიის გამომწვევი მიზეზები?

ფსიქოლოგიისა და მეცნიერების დარგს რომ შეეძლოს მელანქოლიის კონკრეტული მიზეზების აღწერა დღეისათვის ცხოვრება ყველასთვის უფრო მარტივი იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. დეპრესია იმ მრავალფეროვან დაავადებათა შორისაა, რომელთაც თითოეული ინდივიდის შემთხვევაში განსხვავებული მოქმედების მექანიზმი და განსხვავებული გამომწვევი მიზეზები აქვთ. 

და მაინც ისმის შეკითხვა - რა შეიძლება იქცეს დეპრესიის მაპროვოცირებელ ფაქტორად? 

რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენივე წარმოდგენა და აზრია ცხოვრების შესახებ. შესაბამისად, ყველა ადამიანისთვის განსხვავებული მოვლენა შეიძლება იქცეს სტრესის მიზეზად. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში დეპრესია სეზონურ სახესაც კი იღებს (ყველაზე გავრცელებულია შემოდგომისა და ზამთრის დეპრესია). 

განსაკუთრებით საყურადღებოა მშობიარობის შემდგომი დეპრესია — ქალთა მელანქოლიის ყველაზე ხშირი მიზეზი. მათ ვისაც არ გქონიათ პირადი გამოცდილება, ალბათ გაგიკვირდებათ კიდეც, როგორ შეიძლება შვილის შეძენა იქცეს შენი ფსიქიკური სიჯანსაღის დარღვევის მიზეზად. თუმცა ხშირად ბავშვის გაჩენას თან სდევს ხანგრძლივი უგუნებობა, უენერგიობა, სისუსტე, ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილის დაკარგვა, მარტივად გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, საკუთარი სხეულისადმი უკმაყოფილების მწვავე შეგრძნება. 

თუკი ხართ ახალბედა დედა და ხვდებით, რომ თქვენს შვილთან ურთიერთობა სიხარულს არ გგვრით და მეტიც, მისი გამოჩენის შემდეგ დაკარგეთ სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება, ნუ შეშინდებით, თავს ნუ დაადანაშაულებთ იმაში, რომ ცუდი მშობელი ხართ. გახსოვდეთ, ყოველივე ეს მშობიარობის შემდგომ ეტაპზე ნორმალურია. 

ჰორმონალური დისბალანსი, ორსულობისა თუ მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები, ბავშვის გაჩენის შემდეგ სწორედ ამ სახით იჩენს თავს, რაც საბოლოოდ თვითმოგვარებადი პრობლემაა და ამას მხოლოდ გარკვეული დრო სჭირდება. 

საბოლოოდ, არ შეგვიძლია დავასახელოთ ის კონკრეტული ფაქტორი, რაც მელანქოლიის განვითარებას განაპირობებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, დეპრესიის წინაპირობა ძლიერი, ნეგატიური ფსიქო-ემოციური მდგომარეობაა, რომელიც ერთი მხრივ, შესაძლოა, მოულოდნელად დაატყდეს თავს ადამიანს და შოკურ მდგომარეობამდე მიიყვანოს ის, ხოლო მეორე მხრივ — ეს პროცესი დროში გაწელილი და შეუმჩნეველია. 

უმეტესწილად, დეპრესია სწორედაც რომ წლების განმავლობაში, ნელ-ნელა და შეფარულად ჩნდება, რაც ართულებს მისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობას.

მაშ ასე, როგორ ამოვიცნოთ ჩვენი ხასიათის ცვალებადობა - უბრალოდ სტრესულ გარემოზე უკუკავშირია, თუ საქმე გვაქვს ფსიქიკურ აშლილობასთან. 

მელანქოლიის სახეები

ქრონიკული მელანქოლია ცივილიზაციის თანმდევი დაავადებაა. ძირითადად იგი ხასიათდება მუდმივი დეპრესიული განწყობით, ასოციალურობით, კონფლიქტურობით და მარტივად აგზნებადობით. რაც კიდევ უფრო რთულს ხდის ცხოვრებას ასეთ ადამიანებისთვის. ამ დაავადების მქონე პირებს უჭირთ ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება, სამსახურის შენარჩუნება და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დამყარება. 

ქრონიკულ დეპრესიას ხშირად თან ახლავს უმადობა და ძილის რეჟიმის დარღვევა, ეს ყოველივე კი უენერგიობის კიდევ ერთ მიზეზად იქცევა. ზოგჯერ გადის დღეები, კვირები, თვეები ისე, რომ ადამიანი სახლიდან არ გადის არავის ესაუბრება და არაფერს აკეთებს. 

საკმაოდ შიშის მომგვრელია ამ ყველაფრის წაკითხვა, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მელანქოლიის ეს სახე ყველაზე რთული ფორმებითაც ვლინდება ადამიანებში. დაავადება ძირითადად განპირობებულია გენეტიკური წინასწარ განწყობით. ასეთ შემთხვევაში, თუ კი ერთხელ მაინც იჩენს თავს დეპრესიული ეპიზოდი იგი ქრონიკულ სახეს მიიღებს. 

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და რა სიმპტომები ახასიათებს მას? 

“ფსიქოს და სომას” მთლიანობის განმარტების შემდგომ, გასაკვირი არ უნდა იყოს რომ დეპრესია, ფსიქიკური აშლილობის ერთ -ერთი სახე, აზიანებს როგორც ჩვენს სულს, ასევე სხეულს. 

პირველ რიგში განვიხილოთ ემოციური სიმპტომატიკა: 

  • დაავადება საწყის ეტაპზე თავს იჩენს მუდმივი მოწყენილობით, გაღიზიანებადობითა და შფოთვით. თუკი ამჩნევთ, რომ დაკარგეთ მეგობრებთან ყოფნის, გართობის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სურვილი და საყვარელი საქმისადმი ინტერესი; თუკი სიამოვნებას აღარ განიჭებთ ის, რაც ჩვეულებრივ გაბედნიერებდათ, ეს სწორედაც რომ მელანქოლიის ძირითადი ნიშანია.
  • სავარაუდოდ, საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების და არასრულფასოვნების შეგრძნება ყველასათვის ნაცნობია. თუმცა, თუკი ეს  სისტემატურ სახეს იღებს, საბოლოოდ იგი ღრმა დეპრესიით სრულდება.
  • დეპრესიის მქონე პაციენტები ხშირად ფიქრობენ თვითდაზიანებაზე. ამ დროს შეიძლება ადამიანი ისეთ რისკზე წავიდეს, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. 

 

რაც შეეხება ფიზიკურ გამოვლინებებს:

 

  • დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა, მაშინაც კი თუ თქვენ დასვენებულ მდგომარეობაში ხართ;
  • კონცენტრაციის დეფიციტი;
  • შფოთვითი ეპიზოდები;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • მადის ცვალებადობა. შესაძლოა ამ დროს თქვენი მადა ჩვეულებრივთან შედარებით გაიზარდოს ან შემცირდეს;
  • ძილის რეჟიმის დარღვევა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს დეპრესიას.

საბოლოოდ ყველა ამ სიმპტომმა შესაძლოა მიგვიყვანოს გაურკვეველი წარმოშობის ტკივილთან სხეულის სხვადასხვა მიდამოში. 

როგორ დგინდება მელანქოლია — დეპრესიის ტესტი

მელანქოლიით დაავადდით თუ უბრალოდ ცუდ განწყობაზე ხართ? - ამის დიფერენცირებისთვის არსებობს დეპრესიის ტესტი, რომელიც შეიცავს განსხვავებული ტიპის კითხვებს. 

თუმცა თუ კი თქვენ ან თქვენს ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ გაქვთ დეპრესია, უმჯობესია მიაკითხოთ ფსიქიატრს და ფსიქოლოგს და მისი ზედამხედველობის ქვეშ გაიაროთ ტესტირება, რათა დიაგნოზი უფრო ზუსტი და სანდო იყოს. 

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

დეპრესიის 95% მართვადია, თუმცა ეს დამოკიდებულია ადამიანის მონდომებასა და თერაპიისადმი ღიაობაზე. ხშირად ჩვენ მოგვწონს ტრაგიკულ სიტუაციებში ყოფნა, რადგან ასე უფრო მეტ სიყვარულს, სითბოსა და ყურადღებას ვიღებთ გარშემო მყოფთაგან. ამიტომ უმეტესწილად სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანიც ეგუება ბედს და თავს აძლევს იმის უფლებას, რომ საკუთარი ცხოვრება იგლოვოს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა თავისით ნამდვილად ვერ გვარდება. 

დეპრესიისგან თავის დასაღწევად აუცილებელია, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ საკუთარ თავებზე და მივმართოთ შესაბამის სპეციალისტებს — ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ძილისა და კვების რეჟიმებს, დავკავდეთ აქტიური ცხოვრებით, ხშირად ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე და არ მოვდუნდეთ. 

ნუ მიეჯაჭვებით საწოლს. იცოდეთ რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი ცუდად ყოფნის პერიოდი უფრო და უფრო გახანგრძლივდება, ეს კი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც რთული ასატანი გახდება. 

გახსოვდეთ, რომ ხშირად დეპრესია მხოლოდ გარემო-პირობებით ან ფსიქიკური მდგომარეობებით არ არის განპირობებული, შესაძლოა, ამის მიზეზი თქვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები იყოს, მაგალითად ჰორმონალური დისბალანსი. 

სწორედ ამიტომ ხშირად საჭიროება მოითხოვს პროცესში ფსიქიატრის ჩართვას, შესაბამისი ანალიზების ჩატარებასა და მედიკამენტურ მკურნალობას. მაგალითად, დეპრესიის დროს ექიმები ხშირად იყენებენ მედიკამენტს ნერვოჰეელს, რომელიც სედაციური, ანტიდეპრესიული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატია და ამასთან აწესრიგებს ღამის ძილს.

საბოლოოდ გეტყვით, რომ დეპრესიისთვის მთავარი კვების წყარო არის დრო. რაც უფრო დიდხანს იქნებით უმოქმედოდ ამ დაავადების წინაშე, მით უფრო სერიოზულ ფორმას მიიღებს იგი და მით უფრო გაგიჭირდებათ თავის დაღწევა დეპრესიის საცეცებისგან. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დართეთ სპეციალისტებს ნება, თქვენი მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნონ.