ფურადონინი — საშარდე გზების ინფექციების სამკურნალო პრეპარატი

            

საშარდე გზების ინფექცია თირკმლების, შარდის ბუშტის ან შარდსადენი მილის ინფექციურ დაავადებას წარმოადგენს. იგი ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიით, რომელიც შეიძლება მოხვდეს ტრაქტში შარდსადენიდან, ან იშვიათად, სისხლით.

ქალებს საშარდე გზების ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე კაცებს, რაც საშარდე გზების ანატომიურ თავისებურებას – შარდსადენის სიმოკლეს – უკავშირდება.

საშარდე გზების ინფექციის სიმპტომებია: 

  • მტკივნეული შარდვა;
  • წელის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე; 
  • გულისრევა; 
  • ღებინება; 
  • ცხელება; 
  • მუცლის ტკივილი; 
  • შემცივნება; 
  • ოფლიანობა. 

ხანშიშესულ და დასუსტებულ პაციენტებში აღინიშნება გულისცემის აჩქარება, წნევის დაქვეითება, გონების დაბინდვა, სითხის კარგვა.

საშარდე გზების ინფექცია კარგად ექვემდებარება მკურნალობას, თუმცა მნიშვნელოვანია დროულად დავიწყოთ თერაპია.

საშარდე გზების ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად დანიშნვადი პრეპარატია ფურადონინი, რომელზეც ამ ბლოგში ვისაუბრებთ.

ფურადონინი წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთების, ცისტიტის, პიელიტის, პიელონეფრიტისსამკურნალოდ, ასევე საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკისთვის ოპერაციის წინ.  

ფურადონინი და ცისტიტი — მედიკამენტის როლი ინფექციის მკურნალობაში 

ცისტიტი — შარდის ბუშტის ყველაზე გავრცელებულია დაავადებაა, რომელიც თითქმის ყველა ქალს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს გადატანილი. 

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფი გზების ანატომიური წყობის გამო, ცისტიტის დროს შარდის ბუშტის ანთებას თან ერთვის შარდსადინარის ანთება — ურეთრიტი.

ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ასევე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც ხშირად ხდება ინფექციის მთავარი მიზეზი.

ცისტიტის სამკურნალოდ საჭიროა სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება. 

ცისტიტის სამკურნალოდ არაერთი პრეპარატი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად დანიშნვადია — ფურადონინი, ბისეპტოლი და ლევომიცეტინი. ისინი სხვადასხვა ტიპის ანტიბიოტიკებია და მათი გამოყენება ექიმის მითითებით უნდა მოხდეს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ეფექტები და მივიღოთ მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი.


როგორ მივიღოთ ფურადონინი — წესები და დოზირება 


ფურადონინის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

მწვავე ინფექციების დროს, მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში.

ფურადონინი ბავშვებისთვის, რომლებიც 12-14 წლამდე ასაკისები არიან, რეკომენდებულია 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 4-7 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ინფექციების დროს, მოზრდილებში საჭიროა ხანგრძლივი თერაპია, 1-2 კაფსულა დღეში. ბავშვებში — 5-7 მგ/კგ წონაზე დღეში, დოზა უნდა გაიყოს 4 მიღებაზე. 2.5-3 მგ/კგ წონაზე დოზა საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის. 

3 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ ინიშნება. ფურადონინი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.


რა გვერდითი მოვლენები აღინიშნება ფურადონინით მკურნალობისას? 

 


ფურადონინით მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი (თუ პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში);
  • პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება (ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება, ეგზანთემა, ეოზინოფილია, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ანაფილაქსიური შოკი;
  • ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტიან ავადმყოფებში) და აგრანულოციტოზი;
  • თმის დროებითი ცვენის შემთხვევები;
  • სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები.

 

ვისთვის არ შეიძლება ფურადონინის მიღება? 

ფურადონინის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ პრეპარატის მიმართ მგრძნობელობა; ანურია, თირკმელების უკმარისობა; გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ნევრიტები; ელექტროლიტური დისბალანსი; D ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი; ჰამოლიზური ანემია, დიაბეტი, ალკოჰოლიზმი.

პრეპარატის მიღება ასევე არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ახალშობილებში.

ინიშნება თუ არა ფურადონინი მამაკაცებში? 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამაკაცებს ქალებთან შედარებით საშარდე გზების ანთების უფრო ნაკლები რისკი აქვთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინიც ავადდებიან ცისტიტით, ურეთრიტითა და სხვა საშარდე გზების ინფექციურ-ბაქტერიული დაავადებებით. 

ფურადონინით მკურნალობა მამაკაცებშიც ეფექტიანია. შესაბამის დოზას და პრეპარატის ხანგრძლივობას ამ შემთხვევაშიც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.