ოტრივინი (Otrivin) არის ნაზალური პრეპარატი, რომელიც ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნის მიზნით გამოიყენება. მედიკამენტის საერთაშორისო დასახლებაა ქსილომეტაზოლინი (xylometazoline) და ის ხელმისაწვდომია როგორც სპრეის, ისე წვეთების სახით.
ოტრივინი ხელს უწყობს ცხვირის სისხლძარღვების შეკუმშვას, რის შედეგადაც მცირდება შეშუპება და იხსნება სასუნთქი გზები. როგორც წესი, ოტრივინი გამოიყენება გაციების, სინუსიტის, ალერგიული რინიტისა და მსგავსი მდგომარეობების დროს. თუმცა მისი ხანგრძლივად ან ზედმეტი დოზებით გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება ან ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
საგულისხმოა, რომ ხელმისაწვდომია ოტრივინის სამი ვერსია: მენთოლისა და ევკალიპტის სპრეი, საბავშვო წვეთები და დამატენიანებელი სპრეი. ამგვარი არჩევანი კი სხვადასხვა საჭიროების პაციენტისთვის მეტ თავისუფლებას იძლევა.
მენთოლისა და ევკალიპტის სპრეი, საბავშვო წვეთები და დამატენიანებელი სპრეი — რა განსხვავებაა მათ შორის?
განვიხილოთ თითოეული ვერსიისთვის დამახასიათებელი თვისებები.
ოტრივინი სპრეი: მენთოლისა და ევკალიპტის
- აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი 0.1%
- ფორმა: ცხვირის სპრეი
- დანიშნულება: ამ ვერსიის დამატებითი ინგრედიენტები — მენთოლი და ევკალიპტოლი უზრუნველყოფს სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესების პარალელურად. გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
- აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი 0.05%
- ფორმა: ცხვირის წვეთები.
- დანიშნულება: საბავშვო ოტრივინი გამოიყენება ბავშვებში ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემსუბუქებისთვის გაციების, სინუსიტის ან ალერგიული რინიტის დროს.
ოტრივინის დამატენიანებელი სპრეი
- აქტიური ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი 0.1%.
- ფორმა: ცხვირის სპრეი
- დანიშნულება: ოტრივინი დიდებისა (მოზრდილების) და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში; ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესების პარალელურად ხელს უშლის ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.
როგორია ოტრივინის გამოყენების წესები და დოზირება?
ცხადია, დოზირება დამოკიდებულია კონკრეტულ ჩვენებებზე, საჭიროებებსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, თუმცა ზოგად რეკომენდაციებს აქვე გაგიზიარებთ.
ოტრივინი 0.05%-იანი წვეთები ბავშვებისთვის:
ოტრივინის საბავშვო წვეთები ჩვილ და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ძირითადად, ამ დოზირებით ინიშნება: 1-2 წვეთი თითო ნესტოში 1-2-ჯერ დღეში (არაუმეტეს 3-ჯერ დღეში). 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 2-3 წვეთი თითო ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
ცხვირის სპრეი (0.1%-იანი):
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში — 1 შესხურება თითო ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამეორება). როგორც წესი, დღეში 3-4 შესხურება საკმარისია.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან. ამასთან, მედიკამენტი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა გამოიყენოთ, რადგან შესაძლოა ხანგრძლივი გამოყენების შედეგი მედიკამენტოზური რინიტი იყოს.
გაითვალისწინეთ, რომ ქსილომეტაზოლინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (მაგ., ძილიანობა, კომა) ჰიპერტონია ან ჰიპოტონია, ტაქიკარდია და ბრადიკარდია, ასევე გულისრევა, ღებინება, სიფერმკრთალე, ჭარბი ოფლიანობა, ჰიპოთერმია, გუგის შევიწროება, სუნთქვის დათრგუნვა, ატაქსია და შფოთვა.
როგორია ოტრივინის მოქმედების მექანიზმი?
ოტრივინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მის აქტიურ ინგრედიენტს — ქსილომეტაზოლინს, რომელიც სიმპატომიმეტურ საშუალებას წარმოადგენს. ის მოქმედებს ალფა-ადრენერგულ რეცეპტორებზე, რომლებიც ცხვირის ლორწოვანში სისხლძარღვების კედლებში მდებარეობს.
ქსილომეტაზოლინი ცხვირის ლორწოვანის ალფა-ადრენერგულ რეცეპტორებს ააქტიურებს. მედიკამენტი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შეკუმშვას, რის შედეგადაც ლორწოვან გარსში სისხლის ნაკადი მცირდება. ეს ხსნის ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას. შედეგად ცხვირით სუნთქვა მარტივდება.
ქსილომეტაზოლინი სწრაფად იწყებს მოქმედებას, ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში. მისი ეფექტი კი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გრძელდება.
რა ძირითადი გვერდითი ეფექტები ახასიათებს ოტრივინს?
როგორც ყველა პრეპარატს, ოტრივინსაც აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან იშვიათად ვლინდება:
- ყელისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება — ქსილომეტაზოლინის ხშირმა და/ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, წვის შეგრძნება, დისკომფორტი, მედიკამენტოზური რინიტი;
- თავის ტკივილი — ასევე, ხშირად პაციენტებში, ოტრივინის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი;
- გულისრევა — რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, პაციენტებს ღებინება აღენიშნებოდეს;
- გულისცემის დარღვევა — ოტრივინმა შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული ან მომატებული გულისცემა, არითმია, ჰიპერტონია, რაც უკავშირდება პრეპარატის გავლენას სისხლძარღვებზე;
- ალერგიული რეაქციები — იშვიათ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, ან ანგიონევროზული შეშუპება;
- მხედველობის დროებითი გაუარესება — ეს ძალიან იშვიათი და ხანმოკლე გვერდითი ეფექტია.
როგორია ოტრივინის ძირითადი უკუჩვენებები?
თუ პაციენტს აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა ოტრივინის აქტიური ნივთიერების (ქსილომეტაზოლინი) ან სხვა კომპონენტების მიმართ, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ამასთან, ოტრივინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოფიზის ტრანსფენოიდალური მოცილება (ან ტრანსნაზალური ან ტრანსორალური ქირურგიული ჩარევა ტვინის მაგარი გარსის გაშიშვლებით); ან აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხოვანი გლაუკომა (როდესაც თვალის ფერადი გარსი სადრენაჟო სისტემას ბლოკავს), ატროფიული რინიტი, მშრალი რინიტი.
აღსანიშნავია, რომ სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებების გამო, ორსულობის პერიოდში ოტრივინი არ უნდა გამოიყენოთ. გარდა ამისა, არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძეში, ამიტომ ამ მედიკამენტის ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის შესაძლებელი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account