ფილტვების ანთება - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ფილტვების ანთება, იგივე  პნევმონია არის ცალი ან ორივე ფილტვის ინფექცია, რომელსაც ფილტვში ისეთი მიკროორგანიზმები მოხვედრა იწვევს, როგორიცაა : ბაქტერია, ვირუსი, სოკო და სხვა. ფილტვების ანთების სიმპტომები განსხვავდება მისი გამომწვევი მიზეზების - მიკროორგანიზმის  მიხედვით. ჩვეულებრივ, განარჩევენ ფილტვების ანთების სახეებს, ესენია:  

 

  • ბაქტერიული პნევმონია – სწრაფად იწყება,ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და მძიმე ხველა.

  • ვირუსული პნევმონია –  შედარებით  ნელა ვითარდება და გრიპის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.

  • სოკოვანი პნევმონია –  იშვიათი ფორმა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნოსუსტებზე.

 

როგორც წესი, პნევნონია შეიძლება იყოს შეძენილი დაავადებული პირებისაგან ან გარემოდან.

 

როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება - მისი  ჩვენებები

 

პნევმონიის სიმპტომები განსხვავდება მისი სიმძიმის მიხედვით — იგი შეიძლება იყოს, როგორც მსუბუქი, ისე სიცოცხლისთვის საშიში. ეს ძირითადად  ფილტვების ანთების ტიპთან ერთად, პაციენტის ასაკსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

ჩვეულებრივ, ფილტვების ანთების სიმპტომები უფრო სერიოზულად ჯანმრთელობის პრობლემის ან სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში და მოხუცებში ვლინდება. მაგალითად, 65 წელს გადაშორებულ ადამიანებში პნევმონიის დროს ხშირია დაბნეულობა, ცვლილებები ცნობიერებაში, სხეულის ნორმალურზე დაბალი ტემპერატურა და სხვა. პნევმონიის ზოგადი სიმპტომები კი შემდეგია:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • ცხელება;
  • Ჰაერის უკმარისობა;
  • ხველება;
  • სუნთქვის ან ხველების დროს გულმკერდის არეში ტკივილი;
  • მადის დაკარგვა;
  • ძლიერი ოფლიანობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • დიარეა;
  • დაღლილობა და საერთო სისუსტე;
  • ფრჩხილებისა და ტუჩების გალურჯება;
  • ყვითელი, მომწვანო ან სისხლიანო ლორწოს ამოხველება.

Რაც შეეხება ფილტვების ანთებას  ბავშვებში, ზოგ შემთხვევაში,  ანთების სიმპტომები მათ საერთოდ არ აღენიშნებათ ან შეიძლება შემდეგი იყოს — მაღალი ტემპერატურა, ხველება, ღებინება და მოუსვენრობა.

არის თუ არა პნევმონია გადამდები?

ფილტვების ანთების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი მიკროორგანიზმით გამოწვეულ პნევმონიასთან გვაქვს საქმე.

როგორც წესი, ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია ჰაერ-წვეთოვანი გზით ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება. ის მიკრობები, რომლებიც  ფილტვების ანთების სიმპტომების მთავარი გამომწვევნი არიან, ძირითადად, ხველების დროს ვრცელდება. ბაქტერიის ან ვირუსის შემცველი წვეთები შეიძლება მოხვდეს სხვა ადამიანის სხეულზე ან ზედაპირზე.

რაც შეეხება ფილტვის სოკოვან ანთებას, ასეთ შემთხვევაში დაინფიცირება მხოლოდ გარემოდანაა შესაძლებელი. 

ასევე  ხაზგასასმელია, რომ პაციენტი ანტიბიოტიკების დაწყებიდან დაახლოებით 24-48 საათის განმავლობაში კვლავ გადამდებად ითვლება.  

ვისთვის არის საშიში ფილტვების ანთება — ვინ შედის მის რისკ ჯგუფში?

 

ზემოთ უკვე ნაწილობრივ აღვნიშნეთ, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ჯანმრთელობის პრობლემის ან სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები. ქვემოთ, უფრო დეტალურად გამოვყოთ ვინ შედის რისკ-ჯგუფში:

  • 65 წელს გადაცილებული ადამიანები;
  • მცირეწლოვანი ბავშვები (განსაკუთრებით, ჩვილები);
  • მწეველები;
  • ორსულები;
  • თანდაყოლილი დაავადების (ასთმა, გულის დაავადებები, დიაბეტი და სხვა) მქონე ადამიანები;
  • ონკოპაციენტები და სხვა პაციენტები, რომლებიც იმუნიტეტის დამთრგუნავ პრეპარატებს იღებენ.

რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე გარემო. მაგალითად, იმ ადამიანის ფილტვები, რომელსაც გამუდმებით ქიმიკატების, დაბინძურებული ჰაერის ან ტოქსიკური გამონაბოლქვის სუნთქვა უწევს სამსახურში, დაზიანებულია. ასეთები კი ინფექციის მიმართ უფრო დაუცველები არიან. 

ამრიგად, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ. ფილტვების ანთების სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. 

როგორ ვუმკურნალოთ ფილტვების ანთებას?

ფილტვების ანთება, ერთი შეხედვით, იოლად დასამარცხებელი დაავადება ჩანს, თუმცა მან  შესაძლოა, სხვადასხვა მძიმე გართულებას დაუდოს სათავე. ამიტომ დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ერთადერთი გამოსავალია.  

 

ფილტვების ანთების მედიკამენტებიდან ბაქტერიული პნევმონიის სამკურნალო ყველაზე ეფექტიან საშუალებად დღემდე ანტიბიოტიკები მიიჩნევა, მაგრამ თუ გამომწვევი ვირუსია, მას მხოლოდ და მხოლოდ ანტივირუსული მკურნალობა დაამარცხებს. მიკროორგანიზმის გამანადგურებელ პრეპარატებთან ერთად ექიმები ხშირად ნიშნავენ სიცხის დამწევ და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.

 

პნევმონია, როგორც წესი, ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთს მაინც უხდება საავადმყოფოში დაწოლა. სახელდობრ, მათ, ვისი ასაკიც აღემატება 65 წელს, ვისაც აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და უქვეითდება არტერიული წნევა

 

რამდენიმე რჩევა პნევმონიის მკურნალობისთვის

 

როგორც უკვე გავარკვიეთ, ფილტვების ანთება საკმაოდ საფრთხილო და საყურადღებოა, რომლის მკურნალობა დროულ რეაგირებას საჭიროებს. ამიტომ, ქვემოთ გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ პნევმონიის დროს. 

 

ფილტვების ანთების შემთხვევაში:

 

  • ერიდოთ ფიზიკურ აქტიურობას;
  • მეტად  დაისვენეთ;
  • თუ სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობთ, ერიდეთ შინიდან გასვლას;
  • დალიეთ მეტი სითხე;
  • არ შეწყვიტოთ მკურნალობა – თუ ანტიბიოტიკების მიღება შუა გზაზე მიატოვეთ, ბაქტერიების რეზისტენტული (წამალგამძლე) ფორმები ჩამოყალიბდება და შემდგომი მკურნალობა ფუჭად ჩაივლის.

 

პნევმონიის ალბათობა შემცირდება თუ:

 

  • აიცრებით გრიპზე;
  • აიცრებით პნევმოკოკზე –  თუ ამგვარი ვაქცინა თქვენს ქვეყანაში არსებობს;
  • ხშირად დაიბანთ ხელებს – თუ თქვენს სამუშაო გარემოში ამის საშუალება იშვიათად გეძლევათ, გამოიყენეთ სპეციალური ჟელე-სანიტაიზერი, რომელიც ეფექტიანად სპობს მიკროორგანიზმებს;
  • ერიდეთ სიგარეტს;
  • ივარჯიშეთ;
  • უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.

 

ზოგიერთ პაციენტში ფილტვების ანთების სიმპტომები შეიძლება მხოლოდ მსუბუქად იყოს გამოხატული – ეს მდგომარეობა ძალზე საფრთხილოა. 


ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად მიმართეთ ექიმთ, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან სიმპტომები გაუარესდა. სწორი მკურნალობა დაგეხმარებათ სწრაფად გამოჯანმრთელებაში.