
თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა უამრავი ადამიანის პრობლემაა, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. კენჭის გავლის პროცესი იწყება თირკმელებში, გრძელდება შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის გავლით, სანამ კენჭი საბოლოოდ არ გამოიდევნება გარეთ. ბუნებრივია, ეს საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია.
კენჭები შეიძლება გაჩნდეს თირკმელებში, შარდსაწვეთში და შარდის ბუშტში, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, დროული მკურნალობის შემთხვევაში, ეს წარმონაქმნები სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.
ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ თუ, რა შემთხვევებში არის ორგანიზმში კენჭის არსებობა პრობლემური, საიდან წარმოიქმნება იგი და როგორია მისი სიმპტომები.
როგორ ჩნდება კენჭები თირკმელებში - მისი წარმოქმნის რისკ-ფაქტორები
თირკმელებში კენჭების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი შარდში განსაზღვრული მინერალები: კალციუმი, ოქსალატი და ფოსფორია, რომლებიც შარდში მაღალი შემცველობითაა წარმოდგენილი.
თუ ადამიანს კენჭების წარმოქმნის რისკის ფაქტორიც აქვს და მათი ჩამოყალიბების ხელშემწყობ საკვებსაც ხშირად იღებს, შარდში მინერალების შემცველობა იმატებს შესაბამისად, იზრდება კენჭების წარმოქმნის რისკიც. თირკმელში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე კენჭი, თუმცა არ გამოიწვიოს რაიმე სახის ჩივილები და ტკივილი. არსებობს მისი წარმოქმნის რამდენიმე რისკ-ფაქტორები, იგი ამგვარია:
- მემკვიდრეობა;
- დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს);
- ჭარბწონიანობა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები;
- ცილოვანი დიეტა;
- საშარდე გზების ანთება;
- საშარდე გზების დაავადებები.
აღსანიშნია, რომ თირკმელში კენჭის გავლა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში საკმარისი სითხის არარსებობასთან. კენჭი, სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც შარდი კონცენტრირებულია, რა დროსაც მინერალები კრისტალიზდება და ერთმანეთს ეკვრის. სწორედ, ამიტომ აუცილებელია წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება.
დაავადება გარკვეული სიმპტომის სახით, მხოლოდ მაშინ იწყებს ორგანიზმის “გაფრთხილებას”, როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ამ დროს წელის არეში შეინიშნება საკმაოდ ძლიერი ტკივილი, რომელიც თანდათან უფრო აუტანელი ხდება.
ზოგადად, კენჭები ერთმანეთისგან ზომითა და ფორმით განსხვავდება. მათ, ძირითადად, ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობის, გლუვი ან უსწორმასწორო ფორმა აქვთ. შეიძლება იყოს ბადრის მარცვლისოდენა, ქვიშის მარცვლისოდენა ან გოლფის ბურთისოდენაც კი. სწორედ, დიდი კენჭი იჭედება საშარდე მილში და შარდის დინებას აფერხებს, რაც ძლიერ ტკივილსა და სისხლდენას იწვევს. ამ მდგომარეობას კი უწოდებენ “ კენჭის გავლას” იგივე თირკმლის ჭვალს.
როგორი სიმპტომებით ხასიათდება კენჭის გავლა - მკურნალობის მეთოდები
როგორც ზემოთ ვთქვით, თირკმელებში კენჭები უმეტესად უსიმპტომოდ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ისინი გარკვეული სახის ნიშანსაც გვაძლევს. თირკმელებში კენჭების არსებობაზე მიუთითებს ჩვენი ორგანიზმის შემდეგი სიმპტომები:
- შარდვის გახშირება;
- ტკივილი შარდვის დროს;
- სისხლიანი შარდი;
- გულის რევა, ღებინება;
- მუცლის შებერილობა;
- ტემპერატურის მატება;
- შარდის შეფერვა ვარდისფრად, წითლად ან ყავისფრად;
- ამღვრეული ან უსიამოვნო სუნიანი შარდი.
მსგავსი ჩვენებების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რაც შეეხება კენჭის მკურნალობას: მკურნალობის მეთოდს ზომის, ადგილმდებარეობისა და ტიპის გათვალისწინებით ადგენენ. მცირე ზომის კენჭის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება შესაძლოა, საერთოდ არ გახდეს საჭირო და ის თავისთავად გამოიდევნოს.
ამ შემთხვევაში მხოლოდ შარდის შენახვა და ლაბორატორიული გამოკვლევა არის საჭირო. რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება, რაც კენჭის შარდთან ერთად გამოდევნას უწყობს ხელს. დაავადება მკვეთრად მწვავდება თუ კენჭი დიდია, რადგან იგი საშარდე გზას ახშობს და ამავე დროს იწვევს ძლიერ ტკივილს, ასეთ დროს აუცილებელია ქირურგიული გზით მისი სასწრაფოდ ამოღება.
რა ჩვენებებით ხასიათდება კენჭის გავლა ნაღვლის ბუშტში — ვინ შედის მისი განვითარების რისკ-ჯგუფში
როგორც წესი, ნაღვლის კენჭები უწყინარია, თუმცა, თუ იგი სანაღვლე გზებში გაიჭედა და ნაღვლის სადინარი დაბლოკა, ბუშტი ვეღარ დაიცლება, ნაღველი დაგროვდება და ნაღვლის კოლიკას — მტკივნეულ ჭვალს გამოიწვევს. ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში იწყება და ზოგჯერ, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. მთავარია, დროულად დაიწყოთ მკურნალობა, რათა იგი უფრო მძიმე გართულებებში არ გადაიზარდოს.
ნაღვლის ბუშტში კენჭები ქოლესტეროლისა და ბილირუბინისგან წარმოიქმნება, უმეტესობა ქოლესტეროლისგან წარმოიქმნება, ამიტომაც კენჭებს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობა აქვთ. შედარებით იშვიათია პიგმენტური ქვები, რომლებიც ბილირუბინისგან წარმოიქმნება და მუქი ფერისაა.
რაც შეეხება ნაღვლის ბუშტში კენჭების განვითარების რისკ-ჯგუფს, მასში შედიან:
- ქალები - რომლებსაც, მომატებული ესტროგენების დონე აქვთ: ორსულობის, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გამო;
- ასაკოვანი პირები;
- ნაღვლის ბუშტის კენჭების ოჯახური ისტორიის მქონე პირები;
- ჭარბწონიანები;
- ისინი, ვინც წონა სწრაფად დაიკლეს.
ასევე, რისკ-ჯგუფში არიან ის ადამიანები, რომლებიც უმთავრესად რაფინირებული, ნახშირწყლებით მდიდარი მაღალკალორიული სურსათით იკვებებიან და მცირე რაოდენობით იღებენ ბოჭკოს.
როგორ ვუმკურნალოთ კენჭებს ნაღვლის ბუშტში
იმ შემთხვევაში, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები უსიმპტომოდ არის, იგი მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა შეტევის ან სხვა სიმპტომის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.
შესაძლებელია, სიმპტომები სრულიად გაქრეს, თუმცა იმის ალბათობა, რომ პრობლემა განახლდება და შეტევის რისკი მოიმატებს საკმაოდ დიდია. გამოუვალ მდგომარეობაში ერთადერთი გზა ნაღვლის კენჭებისგან გასათავისუფლებლად, ნაღვლის ბუშტის მთლიანად ამოღებაა.
ქოლესტეროლის ქვების შემთხვევაში, შესაძლოა არაქირურგიული მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდეს, მაგრამ პიგმენტური ქვების მოშორება ნებისმიერ შემთხვევაში ქირურგიული გზითაა მიზანშეწონილი.
ამრიგად, კენჭის გავლა ძალიან მტკივნეული პროცესია, რომელიც აქტუალურია, როგორც კაცებში, ისე ქალებში. ხშირად მისი ტკივილი იმდენად გაუსაძლისია, რომ პაციენტი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებას საჭიროებს. ამ და სხვა სახის საკითხებზე, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და იმოქმედოთ მისი რეკომენდაციების შესაბამისად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account