ფერსინოლი — პრეპარატი რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის

ფერსინოლი (Fersinol) არის ანტიანემიური მედიკამენტი, რომელიც რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, ეს პრეპარატი განკუთვნილია შემდეგი სამედიცინო მდგომარეობებისთვის:

 

  • რკინის ფარული დეფიციტი;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • ნაწლავებში რკინის შეწოვის დარღვევები;
  • სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები;
  • ჰიპოვიტამინოზი და ავიტამინოზი (მდგომარეობები, რომლებიც ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტით არის გამოწვეული).

 

აღსანიშნავია, რომ ფერსინოლი სამი სახით — ამპულა, ტაბლეტი (ფერსინოლ-F) და კაფსული (ფერსინოლ-Z) — არის ხელმისაწვდომი და მედიკამენტის ფასიც სწორედ ამ ვერსიების მიხედვით განსხვავდება.

 

როგორია ფერსინოლის მოხმარების წესები და დოზირება?

 

ფერსინოლის ინსტრუქციის თანახმად, საინიექციო სუსპენზია განკუთვნილია ნემსის საშუალებით მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.

 

გაფრთხილება: პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა დაუშვებელია. ამასთან, მისი გაკეთება აკრძალულია მხარში ან კანის დაზიანებული საფარის მქონე უბნებში. პრეპარატის არასწორად შეყვანამ შეიძლება ინიექციის ადგილზე ტკივილის შეგრძნება და კანის შეფერადება გამოიწვიოს.

 

რაც შეეხება დოზირებას, მას ექიმი განსაზღვრავს პაციენტის საჭიროებების მიხედვით, თუმცა საორიენტაციო ცხრილი ფერსინოლიოს ანოტაციაშია მოცემული.

 

ფერსინოლ-F-ის შემთხვევაში, პაციენტმა აბი ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე უნდა დალიოს. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის დაყოფა ან ერთდროულად მიღება. დაშვებულია ტაბლეტების როგორც მთლიანად გადაყლაპვა, ისე — დაღეჭვა.

 

მედიკამენტის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ:

 

  • თუ პაციენტს, რომელიც რკინადეფიციტურ ანემიას მკურნალობს, ფოლის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილება აღენიშნება, მან დღე-ღამეში 2-3 ტაბლეტი უნდა მიიღოს.
  • ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევის შემდეგ, ორსულებისთვის, რკინის მარაგების შევსების მიზნით, რეკომენდებულია დღე-ღამეში 1 ტაბლეტის მიღება მინიმუმ ორსულობის ბოლომდე.
  • ანემიის გარეშე რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს, ფოლის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილების არსებობისას, რეკომენდებულია დღე-ღამეში 1 ტაბლეტის მიღება.

 

ფერსინოლის კაფსულებიც ჭამის დროს ან მისი დასრულებისთანავე მიიღება, დოზირება კი ასეთია:

 

  • რკინადეფიციტური ანემიის დროს — 1-2 კაფსული დღეში 2-ჯერ, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ზუსტი ხანგრძლივობა ანემიის სიმძიმეზეა დამოკიდებული).
  • რკინის ფარული დეფიციტის შემთხვევაში — 1-2 კაფსული დღეში ერთხელ 3-4 კვირის განმავლობაში.
  • ორსულობის მე-14 კვირიდან — დღეში 1 კაფსული, ყოველი ორი კვირის შემდეგ ერთკვირიანი შესვენებით, მშობიარობამდე.
  • ლაქტაციის პერიოდში — დღეში 1 კაფსული. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად, პლაზმაში რკინის დონის კონტროლით, განისაზღვრება.
  • სამედიცინო აბორტამდე — დღეში 1-2 კაფსული 10 დღის განმავლობაში.
  • გეგმურ ოპერაციამდე — დღეში 1-2 კაფსული 2-3 კვირის მანძილზე.
  • მენსტრუაციის პერიოდში — დღეში 1 კაფსული. მედიკამენტის მიღება უნდა დაიწყოთ ციკლის დაწყებამდე 2 დღით ადრე და დაასრულოთ მენსტრუაციის დამთავრებიდან 2 დღის შემდეგ. მედიკამენტის გამოყენების მთლიანმა ხანგრძლივობამ, მენსტრუაციის დღეების ჩათვლით, 10 დღეს არ უნდა გადააჭარბოს.
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას, ასევე ჰიპოვიტამინოზის და ავიტამინოზის დროს, რეკომენდებულია დღეში 1-2 კაფსულის მიღება. პროფილაქტიკისა და თერაპიის კურსი შეადგენს 10 დღეს.




რა უკუჩვენებები აქვს მედიკამენტს?

 

პრეპარატის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ:

 

  • ჰიპერმგრძნობელობა ფერსინოლის ინგრედიენტების მიმართ;
  • რკინის უტილიზაციის დარღვევები;
  • რკინით გადატვირთვა;
  • ანემიები, რომლებიც რკინის უკმარისობასთან არ არის დაკავშირებული.
  • ჰემოქრომატოზი (დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი საკვებიდან რკინას ჭარბი რაოდენობით იწოვს);
  • ჰემოსიდეროზი (ორგანიზმში რკინის ჭარბ დაგროვებასთან დაკავშირებული ავადმყოფობა);
  • ღვიძლის უკმარისობა.

 

გარდა ამისა, მედიკამენტის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული. ორსულობისა და ლაქტაციის დროს კი ფერსინოლის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მის მიერ გაცემული დანიშნულების მიხედვით. 

 

გაითვალისწინეთ: ფერსინოლის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, გარდა ამისა მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. 

 

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ფერსინოლს?

 

როგორც ყველა მედიკამენტს, ფერსინოლსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები. მნიშვნელოვანია, ისინი პაციენტებმა და ექიმებმა გაითვალისწინონ პრეპარატის დანიშვნისა და მიღების დროს. ფერსინოლის ანოტაციის თანახმად, მისი მოხმარებისას შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

 

  • გულისრევის შეგრძნება;
  • თავის ტკივილი;
  • შეკრულობა;
  • ღებინება;
  • დიარეა;
  • მუცლის ტკივილი;
  • განავლის შეფერადება — ეს ხშირია რკინის პერორალური მედიკამენტების მიღების დროს. ასეთი რეაქცია კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა და მის შესახებ ექიმისთვის მიმართვა ხშირად არ ხდება;
  • კბილების შეფერვა;
  • გასტრიტი;
  • ქავილი კანზე;
  • ჭინჭრის ციება;
  • გამონაყარი კანზე;
  • კუნთების სპაზმი;
  • ანაფილაქსიური რეაქცია.

 

ფერსინოლის გამოყენებისას შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდეს — ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს და მასთან გაიაროს კონსულტაცია.