
სიმბიკორტი (Symbicort) ტურბუჰალერი არის კომბინირებული ინჰალაციური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბუდესონიდს და ფორმოტეროლს. პირველი მათგანი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას, ხოლო ფორმოტეროლი ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-აგონისტია, რომელიც აფართოებს ბრონქებს და სუნთქვას ამარტივებს. სიმბიკორტი ბრონქული ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომია ინჰალაციური ფხვნილის სახით. აქტიური ნივთიერებების — ბუდესონიდისა და ფორმოტეროლის კონცენტრაციის მიხედვით, სიმბიკორტის სამი განსხვავებული ვერსია არსებობს: სიმბიკორტი 80/4.5მკგ, სიმბიკორტი 160/4.5მკგ და სიმბიკორტი 320/9მკგ. მედიკამენტის ფასებიც სწორედ მათ მიხედვით არის განსხვავებული. აღსანიშნავია, რომ ამ სამი ვერსიიდან პირველი 6-12 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი ორი — ზრდასრულებისთვის.
სიმბიკორტი შეიძლება იყოს როგორც შვედური, ისე თურქული წარმოების.
როგორია სიმბიკორტის მოხმარების წესები?
ეს მედიკამენტი ყოველთვის ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით უნდა იქნას გამოყენებული. სიმბიკორტის სწორი მოხმარების ინსტრუქცია კი ასეთია:
- მოხრახნეთ და მოხსენით თავსახური.
- ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭირეთ ისე, რომ წითელი დოზატორი ქვემოთ აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ უკანასკნელის დატრიალებისას ინჰალატორი მუნდშტუკით არ უნდა დაიჭიროთ. დოზის მოსამზადებლად დოზატორი ჯერ ერთი, ნებისმიერი, მიმართულებით გადაატრიალეთ მიბჯენამდე, შემდეგ კი საწინააღმდეგო მხარეს ასევე მიბჯენამდე.
- ამოისუნთქეთ, მაგრამ არა მუნდშტუკიდან.
- მუნდშტუკს ტუჩებითა და კბილებით ფრთხილად მოუჭირეთ (არ დაღეჭოთ), პირით ღრმად და ძლიერად ჩაისუნთქეთ.
- ამოსუნთქვამდე ინჰალატორი პირიდან გამოიღეთ.
- თუ ერთზე მეტი დოზის ინჰალაცია გჭირდებათ, 2-5 საფეხურები გაიმეორეთ.
- ბოლოს ინჰალატორს თავსახური დაახურეთ და დარწმუნდით, რომ ის კარგად არის მოჭერილი.
- პირში წყალი გამოივლეთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ.
არ სცადოთ მუნდშტუკის მოხსნა, რადგან ის მყარად არის მიმაგრებული ინჰალატორზე და არ იხსნება. მართალია, ის ტრიალებს, მაგრამ მისი საჭიროების გარეშე დატრიალება რეკომენდებული არ არის.
მედიკამენტის გამოყენებისას შესუნთქული ფხვნილის რაოდენობა მცირეა, ამიტომ, შესაძლოა, ინჰალაციის შემდეგ მისი გემო ვერ იგრძნოთ. თუმცა, თუ ინსტრუქციას სწორად მიჰყვებით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ საჭირო დოზა მიღებული გაქვთ. ამასთან, თუ სიმბიკორტის გამოყენებამდე ინჰალატორის ჩატვირთვის პროცედურას რამდენჯერმე არასწორად გაიმეორებთ, ინჰალაციისას ერთი დოზა მაინც მოგეწოდებათ.
როგორ გავიგოთ, რომ ინჰალატორი შესაცვლელია?
დოზის ინდიკატორის საშუალებით შეგიძლიათ, ინჰალატორში დოზების მიახლოებული რაოდენობა გაიგოთ. ის არა თითოეულ დოზას, არამედ აჩვენებს ინტერვალს 10 დოზაში. ინჰალატორის ყოველი გამოყენების შემდეგ შეიძლება დოზის ცვლილება ვერ შეამჩნიოთ ინდიკატორის ფანჯარაში. ამ უკანასკნელში წითელი ფონის გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ სიმბიკორტის მხოლოდ 10 დოზაა დარჩენილი. ხოლო როდესაც ინდიკატორის ფანჯრის ცენტრში წითელ ფონზე ციფრი „0” გამოჩნდება, ინჰალატორი აღარ გამოიყენება და მისი შეცვლაა საჭირო.
გაითვალისწინეთ: მუნდშტუკი გარედან რეგულარულად, კვირაში ერთხელ, მშრალი ტილოთი უნდა გაასუფთაოთ — ამისთვის წყალი ან სხვა სითხე არ გამოიყენოთ.
როგორია სიმბიკორტის სწორი დოზირება?
სიმბიკორტის დოზა განსხვავებული იქნება სხვადასხვა პაციენტისთვის. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია მხოლოდ საშუალო დოზებს მოიცავს და, შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულება მათგან განსხვავებული იყოს.
გარდა ამისა, ყოველდღიურად მიღებული დოზების მოცულობა, მათ შორის დაცული ინტერვალები და პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სამედიცინო მდგომარეობაზე, რომლის სამკურნალოდაც მას იყენებთ.
ასთმის შეტევის თავიდან ასაცილებლად საშუალო დოზირება ასეთია:
- მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები — 2-2 შესუნთქვა დილით და საღამოს (ყოველი ინჰალაცია შეიცავს 80 ან 160 მიკროგრამ (მკგ) ბუდესონიდს და 4,5 მკგ ფორმოტეროლს).
- 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები — 2-2 შესუნთქვა დილით და საღამოს (ყოველი ინჰალაცია შეიცავს 80 მკგ ბუდესონიდს და 4,5 მკგ ფორმოტეროლს).
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შეტევების მკურნალობისა და პრევენციის მიზნით:
- ზრდასრულები — 2-2 შესუნთქვა დილით და საღამოს (ყოველი ინჰალაცია შეიცავს 160 მკგ ბუდესონიდს და 4,8 მკგ ფორმოტეროლს).
- ბავშვები — დოზა ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს.
რა უკუჩვენებები აქვს ამ მედიკამენტს?
სიმბიკორტის ანოტაციაში ვკითხულობთ, ეს პრეპარატი არ უნდა მოიხმარონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ. ამასთან, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გარდა ამისა, სიმბიკორტი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების მქონე პაციენტებში:
- ფილტვების ტუბერკულოზი (როგორც აქტიური, ისე არააქტიური ფორმა);
- სასუნთქი გზების ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები;
- თირეოტოქსიკოზი (მდგომარეობა, რომელსაც ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა იწვევს);
- ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლების ქრომაფინური უჯრედებიდან წარმოქმნილი სიმსივნე);
- შაქრიანი დიაბეტი;
- არაკონტროლირებადი ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა);
- იდიოპათური ჰიპერტროფული სუბაორტული სტენოზი (გულთან დაკავშირებული დაავადება);
- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მყარი და ხანგრძლივი მომატება);
- ნებისმიერი ლოკალიზაციის ანევრიზმა ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მძიმე დაავადება;
- QT-ინტერვალის გახანგრძლივება (გულის რითმის დარღვევა, რომელმაც შეიძლება სწრაფი და ქაოსური გულისცემა გამოიწვიოს).
ორსულობის პერიოდში სიმბიკორტის აქტიური ნივთიერებების, ბუდესონიდისა და ფორმოტეროლის, კომბინაციის გამოყენების შესახებ საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ლაქტაციის შემთხვევაში კი უცნობია, გადადის თუ არა ეს ნივთიერებები დედის რძეში. ამიტომ, ორივე შემთხვევაში, სიმბიკორტის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი ბავშვისთვის პოტენციურ რისკს აღემატება.
ამასთან, ეს მედიკამენტი არ გამოიყენება ბრონქული ასთმის მკურნალობის პირველ ეტაპზე.
საგულისხმოა, რომ რეკომენდებულია სიმბიკორტის დოზის თანდათან შემცირება და არა — მედიკამენტის მოხმარების უეცრად შეწყვეტა.
გაითვალისწინეთ: სიმბიკორტის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, გარდა ამისა, მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს სიმბიკორტს?
სიმბიკორტის, ისევე, როგორც სხვა მედიკამენტების, გამოყენებას თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ხშირი და მსუბუქი, ხოლო სხვები — იშვიათი და უფრო სერიოზული.
ხშირი:
- თავის ტკივილი;
- ტრემორი (უნებლიე რხევითი მოძრაობა, რომელიც მთელ სხეულზე ან მის რომელიმე ნაწილზე ვრცელდება);
- ტაქიკარდია (გულის რითმის დარღვევა);
- ყელის გაღიზიანება;
- ხველა;
- პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზი (სოკოს ერთ-ერთი სახეობის — კანდიდას მიერ გამოწვეული ინფექცია).
ნაკლებად ხშირი:
- ფსიქომოტორული აგზნებადობა;
- კრუნჩხვები;
- მოუსვენრობა;
- თავბრუსხვევა;
- გულისრევა;
- ძილის დარღვევა.
იშვიათი:
- ქავილი;
- ეგზანთემა (წინწკლოვანი გამონაყარი კანზე);
- ჭინჭრის ციება (ორგანიზმის ალერგიული რეაქცია);
- დერმატიტი (კანის ანთების ზოგადი ტერმინი);
- ანგიოედემა (კანისა და მის ქვეშ არსებული ქსოვილების ალერგიული რეაქცია);
- ბრონქოსპაზმი (ბრონქების გლუვი კუნთების შევიწროება გარემო ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ);
- ჰიპოკალიემია;
- სუპრავენტრიკულური (პარკუჭზედა, წინაგულოვანი) ტაქიკარდია;
- წინაგულების ფიბრილაცია (არარეგულარული და სწრაფი გულისცემა, რომელიც სხეულის სისხლით არასაკმარის მომარაგებას იწვევს);
- ექსტრასისტოლა (გულის ნაადრევი, რიგგარეშე შეკუმშვა, რასაც გახანგრძლივებული პაუზა მოჰყვება).
ძალიან იშვიათი:
- ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე);
- ქცევის დარღვევა (ძირითადად ბავშვებში);
- დეპრესია;
- გემოვნების დარღვევა;
- არტერიული წნევის ცვლილება;
- სტენოკარდია, ანუ გულის ანგინა (გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდების შემცირებისას გამოვლენილი ტკივილი გულმკერდის არეში).
შესაძლებელია, პრეპარატის გამოყენებისას სხვა გვერდითი მოვლენებიც გამოვლინდეს. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ორგანიზმის რეაქციებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account