ტენიკამი — პრეპარატი ტკივილის, ანთებისა და სიცხის წინააღმდეგ

ტენიკამი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც საინიექციო ხსნარის ფორმით - საქართველოში, ხოლო ტაბლეტების ფორმით თურქეთში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება ტენოქსიკამს შეიცავს.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ერთ ფლაკონში 20 მგ ტენოქსიკამი შედის. შეკვრაში ასევე 2 მლ საინიექციო წყალია. საინიექციო ხსნარი დამხმარე ნივთიერებების სახით მანიტოლს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, ტრომეტამოლს, ნატრიუმის მეტაბისულფიტსა და ნატრიუმის ედეტატს შეიცავს.

რაც შეეხება პრეპარატის მყარ ფორმას,  ტენიკამის ერთ ტაბლეტში 20 მგ ტენოქსიკამი შედის. დამხმარე ნივთიერებების სახით ის ასევე შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, მაგნიუმის სტეარატს, სიმინდის პრეჟელატინიზებულ სახამებელსა და ტალკს.

PSP-ის აფთიაქებში ტენიკამის ტაბლეტები რეცეპტის გარეშე, ხოლო საინიექციო ხსნარი ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რისთვის და როდის იყენებენ პრეპარატს? 

ტენიკამში შემავალ ტენოქსიკამს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ასევე სიცხის დამწევი თვისებები აქვს. პრეპარატის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, მისი ხანგრძლივი ეფექტიანობაა.

ამ თვისებების გამო, ტენიკამს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობისთვის აქტიურად იყენებენ. მათ შორის, პრეპარატით მკურნალობენ ოსტეოართროზის, რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის დროს.

ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, ტენიკამს მიმართავენ ისეთი დაავადებების ან მდგომარეობების მკურნალობისას, როგორიცაა ტენდინიტი, მიოზიტი, ბურსიტი, რადიკულიტი და პოლიართრიტი. ის ასევე ეფექტიანია ოსტეოქონდროზის, ხერხემლის ტკივილის, ნევრალგიისა და მიალგიის დროს.

ამასთან ერთად, მედიკამენტი ტრავმების შედეგად წარმოქმნილ ტკივილის სინდრომს ხსნის. ტენიკამი, ხშირად, მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს კუპირებისთვის გამოიყენება.

ტენიკამის მიღების წესი და დოზირება 

ტენიკამი, საინიექციო ხსნარის ფორმით, კუნთში ან ვენაში კეთდება, ტაბლეტები კი პერორალური გზით, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით მიიღება. სხვადასხვა დაავადების დროს, პრეპარატის დოზები და მკურნალობის რეჟიმი განსხვავებულია.

პოდაგრის მწვავე შეტევისას, ჩვეულებრივ, ინიშნება ინიექცია 20 მგ დოზით, დღეში 1-2-ჯერ გასაკეთებლად. მკურნალობის ეს ეტაპი 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება, ხოლო ამის შემდეგ პაციენტი უნდა გადავიდეს ტენოქსიკამის ტაბლეტის ფორმაზე - რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ მისაღებად. მკურნალობის ეს ეტაპი 5 დღის განმავლობაში გრძელდება.

რევმატოიდული ართრიტის დროს, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში რეკომენდებულია საინიექციო ხსნარის 20 მგ დღეში ერთხელ. ინიექცია 2 დღის განმავლობაში კეთდება, ამის შემდეგ კი ინიშნება ტენოქსიკამის ტაბლეტის ფორმა 20 მგ დოზირებით დღეში ერთხელ მისაღებად. ტაბლეტებით მკურნალობა ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

ტკივილის სინდრომის დროს, ჩვეულებრივ, ინიშნება 20-40 მგ დღეში ერთხელ, პარენტერალურად ან შიგნით მისაღებად. მკურნალობა ტკივილის შეწყვეტამდე გრძელდება.

ალგოდისმენორეის დროს რეკომენდებულია 20 მგ ტენოქსიკამი (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ მისაღებად. პრეპარატი მენსტრუალური ციკლის დაწყების წინ ან მიმდინარეობის პერიოდში უნდა გამოიყენოთ.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე დაავადებების შემთხვევაში მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში, თერაპია შესაძლოა 14 დღემდე გახანგრძლივდეს.

მედიკამენტის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

მედიკამენტების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ტენიკამის მიღების შემდეგაც აღინიშნოს.

პრეპარატის გამოყენებას ზოგჯერ თან ახლავს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, მეტეორიზმი, გასტრიტი, ეზოფაგიტი, სისხლდენა ეროზიიდან და წყლულიდან, ასევე რექტალური და ჰემოროიდული სისხლდენა.

გვერდითი მოვლენები ზოგჯერ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივაც იჩენს თავს, მათ შორის შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ტრემორი, აღგზნებადობა, ძილიანობა ან უძილობა და თავის ტკივილი.

პრეპარატის გვერდით ეფექტებს შორის არის ასევე: ალერგიული რეაქციები - ქავილი, ჭინჭრის ციება, ლაიელის და სტივენს-ჯონსონის სინდრომი; დერმატოლოგიური რეაქციები - ალოპეცია, ფრჩხილის შეცვლა და ფოტოსენსიბილიზაცია.

ტენიკამის უკუმოქმედება ზოგჯერ თვალის გაღიზიანებითა და შეშუპებითაც ვლინდება.