ფემინიტი — ვაგინალური სანთელი ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ

ფემინიტი ანტიბიოტიკების შემცველი, ადგილობრივი გამოყენების პრეპარატია. ის არგენტინაში იწარმოება და ვაგინალური სანთლების ფორმით არის ხელმისაწვდომი.

ფემინიტის ვაგინალური სუპოზიტორია მეტრონიდაზოლს (300,00 მგ), მიკონაზოლის ნიტრატს (100,00 მგ), ნეომიცინის სულფატს (48,80 მგ), აზიურ ცენტელასა (15,00 მგ) და პოლიმიქსინის B სულფატს (4,40 მგ) შეიცავს.

ერთ შეფუთვაში ფემინიტის 6 ან 12 ვაგინალური სანთელია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რისთვის იყენებენ ფემინიტს?

ფემინიტი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. მას ასევე აქვს ტრიქომონაციდური, ამებიციდური და ლამბლიოზის საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატი ვაგინალური ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის აღდგენის პროცესის დაჩქარებისთვისაც ეფექტიანია.

ფემინიტის სანთლები სპეციფიკური და არასპეციფიკური ვულვოვაგინიტის მკურნალობის დროს გამოიყენება, როდესაც ვაგინის ლორწოვანი გარსი სხვადასხვა მიკროორგანიზმით არის დაზიანებული, მათ შორის სოკოებით, ბაქტერიებითა და ტრიქომონადებით.

ვულვოვაგინიტი გარე სასქესო ორგანოების, ვულვისა და საშოს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესია.

პრეპარატს ასევე მიმართავენ დისბაქტერიოზისა და ბაქტერიული ვაგინოზის დროსაც.

გასათვალისწინებელია, რომ ფემინიტის ვაგინალური სანთლები არ იცავს მის მომხმარებელს სექსუალური გზით გადამდები დაავადებისაგან.

ვაგინალური სანთლების გამოყენების წესი და დოზირება 

ფემინიტის სანთლები ინტრავაგინალურად გამოსაყენებელი პრეპარატია. ერთი სუპოზიტორია ძილის წინ, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს.

ფემინიტით მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 6­დან 10 დღემდე გრძელდება. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი მისი ეფექტიანობისა და შედეგის შეფასების შესაბამისად განსაზღვრავს.

რაც შეეხება ფემინიტის გამოყენების წესს, ბლისტერიდან ერთი ვაგინალური სუპოზიტორია უნდა ამოიღოთ და, მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად, საშოში ღრმად მოათავსოთ. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას

ნუ გამოიყენებთ ფეინიტს, თუ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ. მას უნდა მოერიდოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრსა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ფემინიტის ვაგინალური სანთლების გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლის დისკრაზიის დროს, ეპილეფსიის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევების შემთხვევაში.

მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ფემინიტის გამოყენებიდან არანაკლებ 48 საათის გასვლის შემდეგ არის დასაშვები.

ფემინიტით მკურნალობის დროს ვაგინალური გამორეცხვა ან ტამპონების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებმა, ასევე ადამიანებმა ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევებით. მას უნდა მოერიდონ პირები, რომლებსაც სისხლის მწვავე დისკრაზია აქვთ.

მეტრონიდაზოლის შემცველობის გამო და ვაგინალურად მისი აბსორბციის შედეგად შესაძლოა ალკოჰოლთან ურთიერთქმედება და დისულფირამის მსგავსი ეფექტების გამოვლენა. პერორალური ანტიკოაგულანტების პარალელურად გამოყენებისას ანტიკოაგულანტური ეფექტის გაზრდა აღინიშნება.

ფენიტოინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში პლაზმაში შეიძლება ამ უკანასკნელის დონე გაიზარდოს, ხოლო მეტრონიდაზოლის დონე შემცირდეს.

ფენობარბიტალის პარალელურად გამოყენების შემთხვევაშიც პლაზმაში მეტრონიდაზოლის დონის შემცირება აღინიშნება.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ფემინიტით მკურნალობის პერიოდში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, თუმცა პრეპარატების დიდი ნაწილის მსგავსად, მსუბუქი უკუმოქმედება შეიძლება მისი გამოყენების შემდეგაც აღინიშნოს.

მათ შორის, სუპოზიტორიის შემადგენლობაში შემავალმა მეტრონიდაზოლმა ძალიან ხშირად შეიძლება თავისა და მუცლის ტკივილი, კანის ქავილი, გულისრევა, დისმენორეა, გამონაყარი, ვულვოვაგინალური წვა, დიარეა, მასტალგია, საშვილოსნოდან სისხლდენა გამოიწვიოს.

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი ალერგიული რეაქციები, ასევე ზურგის ტკივილი და გაციების მსგავსი სინდრომი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ზოგჯერ ანორექსია, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, გინგივიტი და ღებინება აღინიშნება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეიძლება დეპრესია, თავბრუსხვევა და უძილობა გამოვლინდეს. სასუნთქი სისტემის მხრივ კი ბრონქული ასთმა ან რინიტი.

ამას გარდა, ფემინიტის გვერდით მოვლენებს შორის შევხვდებით აკნეს, ოფლიანობასა და ჭინჭრის ციებას.

მან შეიძლება პრობლემები შარდ­სასქესო სისტემის მხრივაც გამოიწვიოს, მათ შორის დიზურია, ლეუკორეა, ლაბიალური შეშუპება, თირკმლის ინფექცია, უხვი მენსტრუაცია, სალპინგიტი, საშარდე გზების ინფექცია და ხშირი შარდვა.