ფარკოსოლვინი — ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატი

ფარკოსოლვინი (Farcosolvin) არის მედიკამენტი, რომელიც ხველისა და გაციების საწინააღმდეგო, მუკოლიზური საშუალებების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მედიკამენტი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

 

  • სხვადასხვა გენეზის ტრაქეობრონქიტი და ბრონქიტი;
  • ასთმური ბრონქიტი;
  • ბრონქოექტაზია;
  • პნევმონია;
  • ბრონქოპნევმონია;
  • ატელექტაზი;
  • ემფიზემა.

 

აღსანიშნავია, რომ ფარკოსოლვინი ხელმისაწვდომია როგორც სიროფის, ისე — კაფსულების სახით. 

 

როგორია ფარკოსოლვინის მიღების წესი და დოზირება? 

 

ფარკოსოლვინის ინსტრუქციის თანახმად, 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღეში 3-4-ჯერ ½-1 ჩაის კოვზი სიროფის დალევა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებისთვის მიზანშეწონილი დოზა 1-2 ჩაის კოვზს შეადგენს, ასევე დღეში 3-4 ჯერ.

 

12 წელზე უფროსმა ბავშვებმა და ზრდასრულმა პაციენტებმა კი ფარკოსოლვინის 1-3 ჩაის კოვზი სიროფი ან 1-2 ტაბლეტი უნდა მიიღონ, დღეში 3-ჯერ.

 

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ის მაქსიმალურად ჩქარა აანაზღაურეთ. მაგრამ, თუ შემდეგი მიღების დრო მოახლოებულია, გამოტოვებულ დოზას ნუღარ აღადგენთ და რეგულარულ რეჟიმს დაუბრუნდით. გაითვალისწინეთ, რომ დოზები არ უნდა გააორმაგოთ. მედიკამენტის ჭარბი რაოდენობით მიღება თქვენს სიმპტომებს არ გააუმჯობესებს, პირიქით, ამან შეიძლება გვერდითი ეფექტები ან მოწამვლა გამოიწვიოს. ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია, უახლოესი სამედიცინო დაწესებულების სასწრაფო დახმარების განყოფილებას მიმართოთ.

 

გაფრთხილება: ნებისმიერ შემთხვევაში, ფარკოსოლვინი ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მიიღოთ და არა — თვითნებურად. გარდა ამისა, ამ მედიკამენტის საშუალებით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს აცნობეთ ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც მოიხმართ, იქნება ეს რეცეპტით გაცემული წამლები, ურეცეპტო საშუალებები, თუ მცენარეული პროდუქტები.

 

რა უკუჩვენებები აქვს ფარკოსოლვინს? 

 

ფარკოსოლვინის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გააჩნიათ. 

 

გარდა ამისა, თეოფილინის შემცველი სხვა მედიკამენტების მსგავსად, ექიმი ფარკოსოლვინსაც სიფრთხილით უნიშნავს იმ პაციენტებს, რომლებსაც შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები აღენიშნებათ:

 

  • ჰიპერტენზია;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • გულის, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე დაავადებები.

 

აღსანიშნავია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფარკოსოლვინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ პაციენტს მკაფიო ჩვენებები აღენიშნება.

 

როგორია მედიკამენტის გვერდითი მოვლენები? 

 

ფარკოსოლვინი უსაფრთხო წამალია და ადამიანის ორგანიზმი მას კარგად იტანს. შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში ტრანზიტორული გულისრევა ან ღებინება განვითარდეს. 

 

ზემოთ ნახსენები ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.


გაითვალისწინეთ: ფარკოსოლვინის შემცველობაში არსებულ თეოფილინს შეუძლია, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კოფეინის შემცველი საკვების ან სასმლის (მაგალითად: კაკაო, ყავა, შოკოლადი, ჩაი და კოლა სასმელები) მასტიმულირებელი ეფექტი გააძლიეროს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მედიკამენტის მოხმარების პერიოდში ასეთი პროდუქტების მიღებას მოერიდოთ.