მკერდის ანთება — მასტიტის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის სტრატეგიები

მკერდის ანთება ქალებში ერთ-ერთ ყველაზე  გავრცელებულ დაავადებად მიიჩნევა, ამ ჯანმრთელობის პრობლემას სამედიცინო სივრცეში მასტიტის სახელით იცნობენ. მკერდის ანთებისთვის დამახასიათებელია სარძევე სადინარების შეშუპება და შევიწროება, რაც ქალებს დიდ დისკომფორტს უქმნის.

 

განარჩევენ ლაქტაციურ და არალაქტაციურ მასტიტებს, რომელთა მთავარი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა სახის მიკრობებია. ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტი მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება, თუმცა განსხვავებული  დაავადების ხელშემწყობი ფაქტორი გააჩნია. ქვემოთ, დეტალურად განვიხილოთ თითოეული შემთხვევა.

 

ლაქტაციური მასტიტის სიმპტომები

 

ლაქტაციური მასტიტი სარძევე ჯირკვლის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელიც ქალებს მშობიარობის შემდეგ ემართებათ. მასტიტის წარმოქმნის მთავარი მიზეზი  სარძევე ჯირკვალში რძის  შეგუბება და მისი არასრული დაცლაა. ლაქტაციის დროს ქალებს მკერდზე ხშირად უჩნდებათ ნახეთქები და მცირე ზომის ჭრილობები. სწორედ ეს ხდება ინფექციის შეჭრის მთავარი ადგილი, ისეთი მიკრობები, როგორიცაა: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და კორინებაქტერია, ადვილად ხვდებიან ლიმფურ და სარძევე ჯირკვალში, სადაც ანთებით პროცესს, ანუ მასტიტს იწვევენ.

 

როგორც აღვნიშნეთ, ანთებითი მასტიტის დროს ხდება სარძევე სადინარების შეშუპება და მათი სანათურის შევიწროება. გამომდინარე იქიდან, რომ ინფექციური მასტიტი არ არის გადამდები, დაავადების მიმდინარეობისას  დედის რძით კვება ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა და არ საჭიროებს  დედის რძის რაიმე დამატებითი გზით სტერილიზაციას. 

 

მასტიტის სიმპტომები ამგვარია:

 

  • შეშუპება მშობიარობიდან 3-5 დღის შემდეგ  ე.წ „რძის ჩადგომის“  მიზეზით მკერდის შეშუპება ჩვეულებრივი მოვლენაა, იგი საკმაოდ მოკლევადიანია და მშობიარობიდან 9-10 დღემდე გაივლის.  თუმცა , მასტიტის განვითარების შემთხვევაში ეს სიმპტომი პირიქით -კლების მაგივრად  იზრდება.

 

  • გამაგრებული ადგილი მკერდზე, ანუ აბსცესი - ჩირქისა და ინფიცირებული სითხის შემცვლელი გამკვრივებული ადგილი, რომელიც დაგვიანებული ან არასათანადო მკურნალობის დროს ყალიბდება.

 

  • ტკივილი მკერდში, სარძევე სადინარების დახშობა - უახლესი ინფორმაციით ითვლება, რომ ანთების გამო ხდება  რძის სადინარების შევიწროება. ასეთ შემთხვევაში რძე სადინარებში თავისუფლად ვერ მიედინება, ცხიმის გლობულები ერთმანეთს ეკვრის და საცობს ქმნის. ამგვარად, დახშული სადინარები იწვევს მკერდის ტკივილს, გამკვრივებას და კანის გაუფერულებას.

 

  • გამონადენი - ძუძუს თავიდან  შესაძლოა შეამჩნიოთ თეთრი ან სისხლის შემცველი  გამონადენი.

 

მასტიტის უყურადღებობამ შეიძლება, ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორიცაა სეფსისი, ფლეგმონა, ლიმფადენიტი ან სარძევე ჯირკვლების განგრენა.

 

არალაქტაციურლი მასტიტი — როგორი სიმპტომებით ხასიათდება იგი  

 

არალაქტაციური მასტიტი ხშირად გვხვდება 30-50 წლის ქალებში, იშვიათად 20 წლამდე ასაკის გოგონებში. იგი მკერდში მიმდინარე  მწვავე ანთებითი პროცესია, რომელიც ლაქტაციური მასტიტისაგან განსხვავებით, დაკავშირებული არაა მშობიარობასთან და ლაქტაციასთან.

 

მისი წარმოქმნის მთავარი მიზეზია  ბაქტერიული ინფექცია, რომელიც    იმუნოკომპეტენტური უჯრედების დაგროვებით არის გამოწვეული  - ამ პროცესის მთავარი მონაწილეები კი მაკროფაგები, ლიმფოციტები და მაკროფაგები არიან.

 

არალაქტაციური მასტიტის სიმპტომები ლაქტაციური მასტიტის მსგავსია და ახასიათებს:

 

  • ჯირკვლის ზომაში მატება;
  • კანის სიწითლე;
  •  ლოკალური უბნის გამკვრივება;
  • კანის გასქელება;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ძლიერი  ტკივილი მკერდში.

 

არალაქტაციური მასტიტის გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ლიმფადენიტი, ფლეგმონა და ჯირკვლის განგრენა. შესაბამისად, იგი დროულ ყურადღებას საჭიროებს.

 

როგორ ვუმკურნალოთ მასტიტს — საჭირო რეკომენდაციები  

 

არსებობს მასტიტის მკურნალობის გარკვეული მეთოდები, რომლებიც ქალებს ეხმარება მასტიტის სიმპტომების შემსუბუქებაში.  

 

მკურნალობის რჩევები ასეთია:

 

ატარეთ კომფორტული ბიუსტჰალტერი, დაზიანებულ უბანზე მოათავსეთ ცივი კომპრესი, სასურველია მკერდზე ჩაიტაროთ ნაზი მასაჟი და შეადგინოთ ძუძუთი კვების ან რძის გამოწველის რეგულარული გრაფიკი. აუცილებლად, შეამცირეთ ძლიერი გამოსაწველი “ძუძუს ფარების” გამოყენება, სჯობს რძე გამოიწველოთ ხელით. მოერიდეთ მკერდის გათბობას და დატენიანებას აქტიური ნივთიერებებით.

 

რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, რეკომენდებულია გამოიყენოთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად.

 

ქალებში მასტიტის მიერ გამოწვეული  დისკომფორტი ძალზე დიდია და ძლიერ ტკივილს იწვევს. ლაქტაციური და არალაქტაციური სახის მასტიტმა შესაძლოა რიგი გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, დროული სამედიცინო დახმარების გაწევა და ექიმთან ვიზიტი, რათა აღმოიფხვრას ყველა სახის პრობლემა და თავიდან აირიდოთ გართულებები.