ტრიტიკო CR — პრეპარატი დეპრესიასა და უძილობასთან საბრძოლველად

ტრიტიკო CR გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით, იტალიაში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება ტრაზოდონის ჰიდროქლორიდს შეიცავს, რომელსაც ანტიდეპრესანტული და ანქსიოლიზური, შფოთვის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

გახანგრძლივებული გამოთავისუფლების თითოეულ ტაბლეტში ტრაზოდონის დოზა 150 მგ-ს შეადგენს. ტრიტიკო CR 150 მგ-ის ერთ შეკვრაში კი 20 ტაბლეტია. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში ექიმის რეცეპტით გაიცემა.

რას მკურნალობენ ტრიტიკო CR-ის დახმარებით?

ტრიტიკო CR სხვადასხვა წარმოშობის დეპრესიული დარღვევის დროს გამოიყენება, მათ შორის როდესაც აღნიშნულ მდგომარეობას შფოთვაც ერთვის. ხშირად დეპრესიას თან სდევს უძილობა, ტრიტიკო კი მის სამკურნალოდაც ეფექტიანია.

პრეპარატში შემავალი ტრაზოდონი სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ტვინში სეროტონინის რეაბსორბციას ბლოკავს. სინაფსურ ნაპრალში (ნეირონებს შორის სივრცე) სეროტონინის დონის გაზრდით ტრაზოდონი განწყობა აუმჯობესებს, ასევე დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს ამსუბუქებს.

გარდა ამისა, ტრაზოდონი 5-HT2A რეცეპტორის ანტაგონისტიცაა. ეს სეროტონინის რეცეპტორის სპეციფიკური ქვეტიპია, რომელიც შფოთვასთან, უძილობასთან და განწყობასთან არის დაკავშირებული. ამ რეცეპტორის ბლოკირებით, ტრაზოდონს დამამშვიდებელი და ძილის ხელშემწყობი ეფექტები აქვს, რის გამოც იგი ხშირად ინიშნება უძილობის დროს.

ტრიტიკო CR-ის ნელი გამოთავისუფლების ფორმულა სეროტონინის უკუმიტაცების სტაბილურად მოდულაციას უზრუნველყოფს, რაც სიმპტომების უწყვეტად მართვის შესაძლებლობას პრეპარატის ხშირი და დიდი დოზით მიღების გარეშე ქმნის.

როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი?

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის მიღება მხოლოდ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად არის რეკომენდებული. გარდა ამისა, ტრიტიკო CR მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.

პრეპარატი ორგანიზმში პერორალურად, პირის ღრუს გავლით უნდა მოხვდეს. დაშვებულია წამლის საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა მინიმუმ ერთ თვეს შეადგენს.

დოზის კორექციის გასაადვილებლად, ტრიტიკო CR-ის ტაბლეტები სამ ნაწილად იყოფა. დოზა კი პაციენტის სხეულის წონის, ასაკისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.

როდის, რა დოზით ინიშნება ტრიტიკო CR?

მოზრდილ პაციენტებში დღიური დოზა 75-150 მგ-ის შეადგენს. ის ერთჯერადად, საღამოს, ძილის წინ მიიღება. თუმცა, მიღებული შედეგის გათვალისწინებით, დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს და დღეში 300 მგ-მდე მიაღწიოს - იყოფა ორ დოზად.

დოზის კორექცია ზოგჯერ ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემთხვევაშიც არის აუცილებელი. ასეთ დროს ის თანდათანობით, დღეში 600 მგ-მდე იზრდება - მიიღება გაყოფილ დოზებად.

კახექსიური (დაუძლურებული) და ხანდაზმული პაციენტებისთვის უფრო დაბალი დოზებია რეკომენდებული. ის ინდივიდუალური ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

რეკომენდებული საწყისი დოზა დღეში 100 მგ-ს შეადგენს. ის რამდენიმე დოზად ან ერთჯერადი დოზის სახით საღამოს, ძილის წინ მიიღება. ექიმის მითითებით დოზა შესაძლოა, თანდათანობით გაიზარდოს, თუმცა 100 მგ-ზე მეტი ერთჯერადი დოზის გამოყენება სასურველი არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავს შემთხვევებში დღიური დოზის გაზრდა 300 მგ-ზე მეტად გაზრდა გახდეს საჭირო.

ტრიტიკო CR-ს გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს მართებთ. ვინაიდან პრეპარატი ღვიძლში მეტაბოლიზდება, მისმა მიღებამ შეიძლება ორგანოზე ტოქსიკურად იმოქმედოს ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა, მით უფრო მწვავე შემთხვევებში, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიარონ. ასევე უნდა მოიქცნენ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.

რა მოხდება, თუ პრეპარატის დოზას გადააჭარბებთ

ტრიტიკო CR-ის აქტიური ნივთიერება ტრაზოდონის დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად შემდეგი სიმპტომები ვლინდება: ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება.

შედარებით მწვავე შემთხვევებში შეიძლება კომა, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირის აჩქარება), კრუნჩხვები, ჰიპოტენზია, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება და რესპირატორული დარღვევები გამოვლინდეს. სიმპტომები, ძირითად, დოზის გადაჭარბებიდან 24 საათის განმავლობაში ან მოგვიანებით იჩენს თავს.

თუ ტრაზოდონის დოზას გადააჭარბეთ და პარალელურად სხვა ანტიდეპრესანტებიც გაქვთ მიღებულია, სეროტონინის სინდრომის რისკის წინაშე აღმოჩნდებით. ასეთ დროს პაციენტის კუჭი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიცალოს.

ტრიტიკო CR-ს დოზის გადაჭარბებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ პრეპარატის დოზა გამოგრჩათ, მის ანანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. 

რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ტრიტიკო CR-ს მიღებისას?

პრეპარატის უმეტესობის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება, ტრიტიკო CR-მაც გამოიწვიოს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ტრაზოდონით მკურნალობის დროს ან მისი შეწყვეტიდან მალევე პაციენტების ნაწილში სუიციდური აზრები და ქმედებები გამოვლინდა, რაც ყველაზე საყურადღებო გვერდითი ეფექტია.

რაც შეეხება ზოგად პოტენციურ გვერდით ეფექტებს, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა გამოვლენის სიხშირეზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. მათ შორისაა:

  • აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება), თრომბოციტოპენია (სისხლის თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (ეოზინოფილური ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა) და ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება).
  • ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, კანის ქავილი, ჭარბი ოფლიანობა.
  • ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (სითხის შეკავება).
  • სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება, წონის დაკლება, ანორექსია ან მადის მომატება.
  • დაბნეულობა, უძილობა, დეზორიენტაცია, შფოთვა, მანია, აღგზნებადობა, ბოდვა, აგრესიული ქცევა, ჰალუცინაციები, კოშმარები, მოხსნის სინდრომი, ლიბიდოს დაქვეითება.
  • სეროტონინის სინდრომი, კრუნჩხვები, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, წონასწორობის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოუსვენრობა, სიფხიზლის დაქვეითება, ტრემორი, მხედველობის დაბინდვა, მიოკლონია (კუნთების ხანმოკლე, ძლიერი შეკუმშვა), მეხსიერების დაქვეითება, ექსპრესიული აფაზია (გარკვეული სიტყვების წარმოთქმის უუნარობა), პარესთეზია (კიდურებში ჩხვლეტის, ტკივილის და დაბუჟების შეგრძნება), გემოს შეცვლა, სხეულის უნებლიე მოძრაობები.
  • გულის არითმიები, ბრადიკარდია (შენელებული გულის შეკუმშვათა სიხშირე), ტაქიკარდია, გადახრები ელექტროკარდიოგრაფიის  (QT ინტერვალის გახანგრძლივება).
  • ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის ვარდნა ფეხზე წამოდგომისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას ან სინკოპეს), ჰიპერტენზია, სინკოპე.
  • ცხვირის გაჭედვის შეგრძნება, სუნთქვის უკმარისობა, სისუსტე, დაღლილობა, შეშუპება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება.
  • გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა, ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა, გასტროენტერიტი, მუცლის ტკივილი, ნერწყვდენა, ნაწლავის პარალიზური ობსტრუქცია.
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ინტრაჰეპატური ქოლესტაზი, ღვიძლის ფერმენტების მატება.
  • კიდურების, ზურგის, კუნთების, სახსრების ტკივილი.
  • შარდვის დარღვევა, პრიაპიზმი (მტკივნეული, ხანგრძლივი ერექცია).

გვერდითი ეფექტების რისკი განსაკუთრებით იზრდება დოზის დარღვევისა და ექიმის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. ამიტომ ტრიტიკო CR-ის გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.