ფოსფა-G — როდის იყენებენ პრეპარატს და რა უნდა ვიცოდეთ მასზე

 

ფოსფა-G არის ანტაციდური მედიკამენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაანეიტრალოს კუჭის წვენის მარილმჟავა და ჰქონდეს შემამსუბუქებელი ეფექტი. შესაბამისად, მედიკამენტი გამოიყენება გასტროენტეროლოგიასა (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების და მათი გართულებების მართვა) და ჰეპატოლოგიაში (ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებების და მათი გართულებების მართვა).

 

ფოსფა-G-ის ერთი პაკეტი (15 მლ) შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - ალუმინის ჰიდროქსიდს (525 მგ) და მაგნიუმის ჰიდროქსიდს (600 მგ) და დამხმარე ნივთიერებებს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ფოსფა-G წარმოადგენს ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის კომბინირებულ მედიკამენტს, მას აქვს კუჭის წვენის მარილმჟავის განეიტრალების უნარი და დამცავი (პროტექტორული) ფუნქცია.

 

შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მედიკამენტი აქტიურად გამოიყენება როგორც ანტაციდური საშუალება კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს.

ფოსფა-G რამდენიმე საათის განმავლობაში აყუჩებს ტკივილს საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილში.

 

როდის გამოიყენება ფოსფა ჯი? 

 

ფოსფა-G, როგორც ანტაციდური მედიკამენტი, აქტიურად გამოიყენება გასტროენტეროლოგიასა და ჰეპატოლოგიაში. კერძოდ, შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

 

  • მწვავე და ქრონიკული გასტრიტი;
  • მწვავე გასტროდუოდენიტი;
  • ქრონიკული გასტროდუოდენიტი, გამწვავების ფაზაში ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული ფუნქციით;
  • დიაფრაგმის საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი;
  • გასტროეზოფაგალური რეფლუქსი;
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • დიეტის დარღვევით, მედიკამენტების, ალკოჰოლის, ყავის ან ნიკოტინის მიღებით გამოწვეული მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია).

 

ფოსფა ჯის გამოყენება ბავშვებსა და ორსულებში  

 

აღსანიშნავია, რომ მკურნალმა ექიმმა ფოსფა-G შეიძლება დანიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, თუმცა ლაქტაციის პერიოდში ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ასევე 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

როგორია პრეპარატის უკუჩვენებები, დოზირება და მიღების წესი 

 

ფოსფა-G არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ასევე, მედიკამენტი არ გამოიყენება თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს.

როგორც წესი, ფოსფა-G ინიშნება საჭმლის მიღებიდან 1-1.5 სთ-ის შემდეგ ან ტკივილის დროს. მედიკამენტის მიღების წინ აუცილებელია პაკეტის შიგთავსის - სუსპენზიის - გაერთგვაროვნება, რისთვისაც საჭიროა თითებით პაკეტის კარგად დასრესა. 

 

პაკეტის შიგთავსის მიღება შესაძლებელია პირდაპირ პაკეტიდან ან კოვზის გამოყენებით. აუცილებლობის შემთხვევაში, წინა დოზის მიღებიდან ორი საათის გასვლის შემდეგ დასაშვებია დამატებითი დოზის მიღებაც. მაგრამ არ არის რეკომენდებული დღის განმავლობაში 6 პაკეტზე მეტის მიღება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოსფა G-ის გამოყენებისას არ არის აღწერილი დოზის გადაჭარბების შემთხვევები.



ფოსფა-G-ის  გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოების ზომები  

 

ფოსფა-G-ის  გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროქსიდთან. კერძოდ, ფოსფა-G-ის ხანგრძლივად და დიდი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიო ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.

 

მედიკამენტის მიღებამდე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მედიკამენტის დანიშვნის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და გვერდითი მოვლენების პირველივე გამოვლენისას მედიკამენტის მიღების შეწყვეტა.

 

მედიკამენტი ფოსფა-G ვარგისია წარმოებიდან 2 წლის განმავლობაში და ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

 

ფოსფა-G მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III  ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც.