სუპრასტინის ტაბლეტი და ამპულა — საჭირო ინფორმაცია მედიკამენტის გამოყენებამდე

სუპრასტინი ანტიჰისტამინური, ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგო პრეპარატია. ის შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი ალერგიების წინააღმდეგ, როგორიცაა სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე ან კანის ქავილი. ასევე, სუპრასტინი გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპიისთვის.

როგორ მიიღება პრეპარატი? 

მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე მისი მიღება და თვითმკურნალობა რეკომენდებულია. ნებისმიერი ჩივილის დროს უმჯობესია სწორედ ექიმმა გვირჩიოს, გამოვიყენოთ თუ არა კონკრეტული პრეპარატი.

მოზრდილებში სუპრასტინის ტაბლეტების რეკომენდებული დოზა არის 75-100 მგ, ანუ დაახლოებით 3-4 ტაბლეტი დღეში.  ხოლო ამპულების შემთხვევაში — 1 ან 2 ამპულა დღეში.

ტაბლეტი პერორალურად, საკვების შემდეგ მიიღება — უმჯობესია მისი დაღეჭვის გარეშე გადაყლაპვა, შესაბამისი რაოდენობის წყალთან ერთად.  ტაბლეტზე არსებული ღარით შესაძლებელია მისი ორად გაყოფაც. ხოლო სუპრასტინის ამპულებით ინიექცია კუნთში კეთდება.

ვინ უნდა მიიღოს სიფრთხილით? 

სუპრასტინი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ხანდაზმულებში, დასუსტებულ ადამიანებში ღვიძლისა თუ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. 

ხანდაზმულებსა და დასუსტებულ პაციენტებში სუპრასტინმა, შესაძლოა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვიოს.

თუკი პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, შესაძლოა, საჭირო გახდეს სუპრასტინის დოზის შემცირება, რადგან პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერება მეტაბოლიზმს აქვეითებს ღვიძლის დაავადებების დროს.

ხოლო რაც შეეხება თირკმლის პრობლემებს — ამ შემთხვევაშიც შეიძლება სუპრასტინის დოზის შემცირება და მედიკამენტის მიღების რეჟიმის შეცვლა გახდეს აუცილებელი, რადგან აქტიური კომპონენტი სწორედ თირკმელებით გამოიყოფა.

თუკი პრეპარატის მიღება დაიწყეთ მწვავე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკის დროს/შემდეგ, მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მედიკამენტის ფრთხილი, ნელი ინტრავენური ინექციით. შემდგომში ის შეიძლება გაგრძელდეს კუნთშიდა ინექციებით, ან პერორალური მიღებით.

სუპრასტინის მიღება არცერთი ფორმით არ არის რეკომენდებული, თუკი სატრანსპორტო საშუალების მართვა ან ისეთი პოტენციურად საშიში სამუშაოს შესრულება გიწევთ, რომელიც სწრაფ რეაქციასა და გამართულ ფსიქომოტორულ ქცევას მოითხოვს. სუპრასტინს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა და ფსიქომოტორული ფუნქციის დარღვევა. მკურნალობის პროცესში შეზღუდვის ხარისხი ყოველ პაციენტში ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია მის მიერ პრეპარატისადმი გამოვლენილ ტოლერანტულობაზე.

აქტუალური კითხვები მედიკამენტის შესახებ 

აქტუალურია კითხვა, უნდა მივიღოთ თუ არა მედიკამენტი სხვადასხვა არაალერგიული ავადობის დროს. მაგალითად, გავრცელებულია შეხედულება, რომ ე.წ. ჩუტყვავილას მიმდინარეობისას, როცა პაციენტებს კანის ქავილი აღენიშნებათ, ამ მედიკამენტის მიღებაა აუცილებელი. 

რეალურად, გამოვიყენებთ თუ არა სუპრასტინს ჩუტყვავილას დროს სრულად მკურნალ ექიმსა და პაციენტის ჩვენებაზეა დამოკიდებული. ამიტომაც რთული მიმდინარეობის მქონე ავადმყოფობისას თვითნებურად მედიკამენტების მიღება არ არის რეკომენდებული.

ასევე, გავრცელებულია აზრი, რომ ნოშპა და სუპრასტინი ხველის დროს უნდა მივიღოთ. შესაძლოა, მოისმინოთ ისიც, რომ ერთად მიღებული ნოშპა და სუპრასტინია ხველის დროს ჩვენი მხსნელია. ყოველივე ამის შესახებ რეკომენდებულია გაესაუბროთ მკურნალ ექიმს — სწორედ მან იცის ყველაზე უკეთ თქვენი სიმპტომები და შეუძლია დაგინიშნოთ შესაბამისი პრეპარატები. 

უმჯობესია, სპეციალისტმა გადაწყვიტოს, მიიღოთ თუ არა სუპრასტინი და ნოშპა ერთად — თვითმკურნალობა და გავრცელებულ შეხედულებებს აყოლა, ცხადია, არ არის სწორი მიდგომა.

ხშირად ისმევა კითხვა, რომელი უნდა გამოიყენოს პაციენტმა — ტავეგილი თუ სუპრასტინი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს ორი მედიკამენტი ერთმანეთის შემცვლელად შესაძლოა არც გამოიყენებოდეს. ამიტომაც, თუკი ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნულია სუპრასტინი, უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი და თვითნებურად არ შეცვალოთ ის მკურნალობის კურსის მიმდინარეობისას.

სააფთიაქო ქსელებში მომხმარებელს სუპრასტინი ორივე ფორმით — ტაბლეტის და ამპულის სახით დახვდება. 

ტაბლეტი 20მგ-იანია და შეფუთვაში ორი ბლისტერია მოთავსებული, თითო - 10 ტაბლეტიანი. რაც შეეხება ამპულას — შეფუთვაში 1მლ-იანი 5 ცალი ამპულა დევს.

სუპრასტინი ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში

გამოვიყენოთ თუ არა სუპრასტინი ბავშვებისთვის? — ეს ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვაა. ეს მედიკამენტი ბავშვებში პატარა ასაკიდანვე გამოიყენება, თანაც ორივე ფორმით — როგორც ტაბლეტები, ისე ამპულები.

თუმცა, ცხადია, ბავშვებსა და მოზარდებში განსხვავებულია მისი დოზირება და მიღების ხანგრძლივობა, ასევე, მიღების სიხშირე. უმჯობესია, ბავშვისათვის შესაბამისი სიმპტომების გათვალსიწინებით, ეს ყველაფერი ექიმის რეკომენდაციით შევასრულოთ. 

როგორც წესი, ბავშვებსა და მოზარდებში სუპრასტინის ტაბლეტები ასეთი დოზირებით ინიშნება:

  • 1-დან 12 თვემდე: 1/4 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში;
  • 1-დან 6 წლამდე: 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში;
  • 6-დან 14 წლამდე: 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

რაც შეეხება ამპულებს, დოზირება შემდეგნაირია:

  • 1-12 თვის ასაკში: ¼ ამპულა კუნთში; 
  • 1-6 წლის ასაკში: ½ -1 ამპულა კუნთებში.

დოზის გაზრდის, შემცირებისა თუ შემდგომი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა. ამ დროს გასათვალიწინებელია პაციენტის რეაქციის, გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობებიც. თუმცა, დოზა არასდროს უნდა აღემატებოდეს სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე 2მგ პრეპარატს.

რაც შეეხება ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებს — კლინიკური კვლევები ორსულობისა თუ ლაქტაციის დროს სპურასტინის მიღების შესახებ არ არსებობს. ამიტომაც, რეკომენდაციაა, რომ არცერთ შემთხვევაში სუპრასტინი არ იქნას გამოყენებული.

გარდა ამისა, აღწერილია შემთხვევები, როცა დედების მიერ ორსულობისას ანტიჰისტამინური საშუალებების მიღების შემდეგ ახალშობილებში რეტროლენტალური ფიბროპლაზია განვითარდა. ამის შესახებაც ვალიდური სამედიცინო კვლევები არ არსებობს, თუმცა აღწერილი შემთხვევების გამო რეკომენდაცია ასეთია — პრეპარატის ორსულობაში გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

სუპრასტინის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან 

სუპრასტინის, ისევე როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებისას, სიფრთხილე გვმართებს კიდევ ერთი მიზეზით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელი პრეპარატები შეიძლება მივიღოთ მასთან ერთად და როგორ მოქმედებს ეს სუპრასტინის ან სხვა მედიკამენტის ეფექტიანობაზე

მაგალითად, მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, მოკლობემიდი ან სელეგილინი, აძლიერებენ და ახანგრძლივებენ პრეპარატ სუპრასტინის ანტიქოლინერგულ მოქმედებას. 

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სუპრასტინის მიღებას ბარბიტურატებთან, საძილე საშუალებებთან, სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკურ საშუალებებთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ატროპინთან და სხვა მუსკარინულ პარასიმპათოლიტურ საშუალებებთან. ამ შემთხვევაში ეს პრეპარატები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს.

ცნობილია ისიც, რომ ანტიჰისტამინური საშუალებები (და მათ შორის, სუპრასტინი) თრგუნავს კანის ალერგიული სინჯების საპასუხოდ რეაქციებს, ამიტომ ამ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს კანის ასეთი სინჯების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე.

სუპრასტინის მიღების პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, რადგან ის აძლიერებს პრეპარატის ცნეტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ ეფექტს.

მედიკამენტის შედგენილობა და გვერდითი ეფექტები 

სუპრასტინის მთავარი, აქტიური ნივთიერება ქლოროპირამინია. მისი თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25მგ ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს, ხოლო ყოველი 1 მლ ამპულა – 20 მგ-ს.

გარდა ამისა, შედგენილობაში შედის ლაქტოზას მონოჰიდრატი (116მგ თითოეულ ტაბლეტში), კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპის), ტალკი, ჟელატინი, სტეარინის მჟავა.

სუპრასტინის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური კვლევები, რა სიხშირისაა გვერდითი რეაქციები, შემთხვევებზე დაყრდნობით ის შეიძლება იყოს:

  • იშვიათ შემთხვევებში: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სხვა დისკრაზია სისხლის სისტემის მხრივ.
  • დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ — ალერგიული რეაქციები.
  • დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ — სედატიური ეფექტი, დაღლილობა, ცენტრალური ტიპის თავბრუსხვევა (ვერტიგო), ატაქსია, ტრემორი, ნერვული აგზნებადობა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია.
  • დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ — თვალშიგა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევები, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
  • დარღვევები გულის მხრივ — არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია. 
  • დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ — უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, ტკივილი, სიმშრალე პირში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში.
  • დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ — სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
  • დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ — მიოპათია.
  • დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ — გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასურველია სუპრასტინის მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. სწორედ მან უნდა შეაფასოს, ეს კონკრეტული პრეპარატი გჭირდებათ თუ სხვა.