
პრეპარატი როტიკოქსი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, სლოვენიაში იწარმოება. ის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფში შედის და აქტიურ ნივთიერება ეტორიკოქსიბს შეიცავს, რომელიც სახსრებსა და კუნთებში ტკივილსა და შეშუპებას ებრძვის.
როტიკოქსის ტაბლეტებში ეტორიკოკსიბის დოზირება განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 60მგ, 90მგ და 120 მგ ეტორიკოქსიბის შემცველი აბებია ხელმისაწვდომი. როტიკოქსი 60მგ-ისა და როტიკოქსი 90 მგ-ის ერთ კოლოფში 28 ტაბლეტია, როტიკოქსი 120 მგ-ის ერთ კოლოფში კი — 7 ტაბლეტი.
როტიკოქსი II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია, რომელიც ფორმა №3 რეცეპტით გაიცემა. პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია გულდასმით გაეცნოთ ინსტრუქციას, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი მიმართოთ ექიმს.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი როტიკოქსი?
როტიკოქსი სახსრებსა და კუნთებში ტკივილისა და შეშუპების შესამსუბუქებლად შეიქმნა, რაც თავს, ძირითადად, შემდეგი დაავადებების დროს იჩენს: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი და პოდაგრა.
ოსტეოართროზი პაციენტებს სახსრებში ხრტილის, ძვლის რბილი საყრდენის გაცვეთის შედეგად უვითარდებათ. ამ დაავადების დროს ისინი ხშირად უჩივიან შეშუპებას (ანთება), ტკივილს, სიმყიფესა და სახსრის მოძრაობის შეზღუდვას. მოსალოდნელია, რომ ოსტეოართროზმა ანთებითი პროცესები სხეულის სხვა ნაწილებშიც გამოიწვიოს.
რაც შეეხება რევმატოიდულ ართრიტს, ეს სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადებაა, რომელიც ტკივილით, რიგიდულობით (გაშეშება), შეშუპებითა და სახსრებში მოძრაობის უნარის დაქვეითებით ხასიათდება. ოსტეოართრიტის მსგავსად, ანთებითი პროცესები სხეულის სხვა ნაწილებში შესაძლოა, ამ დაავადების დროსაც განვითარდეს.
კიდევ ერთი დაავადება, რომლის მკურნალობისთვისაც როტიკოქსს მიმართავენ, მაანკილოზირებელი სპონდილიტია. ეს ხერხემლისა და დიდი სახსრების ანთებაა, რომელსაც ხშირად ბეხტერევის დაავადების სახელით მოიხსენიებენ.
როტიკოქსს პოდაგრათი დაავადებული პაციენტების მკურნალობისასაც იყენებენ. ის უეცარი, რეციდივული ძლიერი მტკივნეული ანთებითა და სახსრის არეში სიწითლით ხასიათდება. პოდაგრას სახსრებში კრისტალების დაგროვების შედეგად განვითარებული ინფექცია იწვევს.
როტიქოსი სტომატოლოგიაშიც გამოიყენება. მას, ხანმოკლე მკურნალობის სახით, სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევებისას ტკივილის შესამსუბუქებლად მიმართავენ.
როტიკოქსის გამოყენების ინსტრუქცია
როტიკოქსი ზემოხსენებული დაავადებების დროს 16 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებს ენიშნებათ. ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება. ის ორალური გზით, პირის ღრუს გავლით, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიიღება. პრეპარატის გამოყენება როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე შეიძლება. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღება. თუკი შემთხვევით დოზას მაინც გადააჭარბებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
საყურადღებოა, რომ ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია. გარდა ამისა, როტიკოქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი ეტორიკოქსიბის ან პრეპარატში შემავალი სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიულია.
ექიმები მედიკამენტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ მათ, ვისაც კუჭის წყლული აწუხებს ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა აღენიშნება. როტიკოქსი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც ღვიძლისა და თირკმელების დაავადება რთულ ფორმაში აქვთ, ასევე დაუდგინდათ ნაწლავების ანთებითი დაავადება, მათ შორის კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი.
როტიკოქსის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს. მედიკამენტის მიღება არ შეიძლება მათთვისაც, ვისაც მაღალი წნევა, გულის უკმარისობა და სტენოკარდია ან პერიფერიული არტერიების ჩაკეტვა აწუხებს. პრეპარატი არ უნდა მიიღონ ასევე პაციენტებმა, რომლებსაც, თუნდაც ერთხელ მაინც, გადატანილი აქვთ გულის ინფარქტი ან ინსულტი და კორონარული დაავადებისას გაკეთებული აქვთ შუნტირება.
როტიკოქსის მიღების წესი და დოზირება
სხვადასხვა დაავადების დროს როტიკოქსის დოზირება განსხვავებულია. გარდა ამისა, ექიმის მიერ დოზა შესაძლოა, შერჩეული იყოს ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმიდან და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
პაციენტებისთვის, რომლებსაც ოსტეოართროზი აწუხებთ, რეკომენდებულია 30 მგ ეტორიკოქსიბის შემცველი ტაბლეტის დღეში ერთხელ მიღება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დღიური დოზის 60 მგ-მდე გაზრდა შეიძლება.
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს 60 მგ ეტორიკოქსიბის შემცველ ტაბლეტს დღეში ერთხელ მისაღებად უნიშნავენ. დღიური დოზის გაზრდა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუმცა მაქსიმუმ 90 მგ-მდე.
მაანკილოზირებელი სპონდილიზის მქონე პაციენტებისთვის ექიმები დღეში ერთხელ 60 მგ ეტორიკოქსიბის მიღების რეკომენდაციას გასცემენ. აუცილებლობის შემთხვევაში, ისინი დღიურ დოზას არაუმეტეს 90 მგ-მდე ზრდიან.
პოდაგრას დაავადების მქონე პაციენტებს დღეში 120 მგ ეტორიკოქსიბს უნიშნავენ. გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტის მიღება მხოლოდ მწვავე ტკივილის დროს, მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაშია რეკომენდებული.
სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევების შემდგომი ტკივილებისას დღეში ერთხელ 90 მგ ეტორიკოქსიბის მიღებაა დაშვებული. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
როდისაა როტიკოქსის მიღება უკუნაჩვენები და რა გვერდითი მოვლენები აქვს პრეპარატს?
ისევე როგორც მედიკამენტების უმეტესობას, უკუჩვენება როტიკოქსსაც ახასიათებს. თუმცა, თუ გვერდით მოვლენებს შორის ქოშინი, მკერდის არეში ტკივილი ან ხელის გულების შეშუპება, კანისა და თვალების გაყვითლება, კუჭის ძლიერი ან ქრონიკული ტკივილი და მუქი ფერის განავალი აღგენიშნებათ, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ და ექიმს მიმართოთ.
როტიკოქსის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა გააგრძელოთ ასევე, თუ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის პრობლემები, როგორიცაა დაწყლულება ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რაც სუნთქვის გართულებას იწვევს.
რაც შეეხება სხვა უკუჩვენებებს, როტიკოქსის მიღებისას ძალიან ხშირად ვლინდება კუჭის ტკივილები. მედიკამენტის მომხმარებელი 10-დან 1 პაციენტი შეიძლება შეაწუხოს თავბრუსხვევამ, თავის ტკივილმა, გულისცემის გახშირებამ, სითხის შეკავებით გამოწვეულმა ფეხების და/ან ტერფების შეშუპებამ.
როტიკოქსის გამოყენებისას ასევე ხშირია, სისხლის წნევის მომატება, სუნთქვის გაძნელება, სისხლჩაქცევები, სისუსტე და დაღლილობა. ამასთან ერთად, მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის ყაბზობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გულძმარვა, დიარეა და ღებინება.
100-დან 1 პაციენტს შეიძლება აღენიშნოს გასტროენტერიტი. ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც მოიცავს, როგორც კუჭს, ასევე წვრილ ნაწლავს. პრეპარატის გამოყენებისას მომხმარებლების მცირე ნაწილში ვლინდება ზედა სასუნთქი გზების დარღვევები, საშარდე გზების ინფექციები, უმადობა ან, პირიქით, მადიანობა, ამ უკანასკნელის შედეგად კი წონაში მატება.
როტიკოქსის არახშირ გვერდით მოვლენებს შორის არის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები, ჰიპერმგრძნობელობა, რაც ალერგიულ რეაქციებში ვლინდება, ასევე შფოთი, დეპრესია და ფსიქიკური გართულებები, მაგალითად ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაცია.
მედიკამენტის მიღებისას შეიძლება პაციენტს აღენიშნოს მხედველობის დაბინდვა, თვალების სიწითლე, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა, გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, სტენოკარდია, გულის შეტევა ან ინსულტი.
როტიკოქსი ზოგჯერ იწვევს უძილობას ან ძილიანობას, დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნებას, სახის შეშუპებას, სიწითლეს, გამონაყარსა და ქავილს. მისი მიღებისას შეიძლება წარმოიქმნას კუნთების სპაზმი ან ტკივილი მკერდის არეში. ზოგი პაციენტის შემთხვევაში ამ მედიკამენტით მკურნალობისას სისხლში კალიუმის დონე იმატებს, ასევე ვითარდება თირკმელების ფუნქციის დარღვევები.
როტიკოქსის მომხმარებლებში იშვიათად, თუმცა მაინც შეუნიშნავთ ანგიო-შეშუპება. ეს არის ალერგიული რეაქცია, რომელიც პირის, ენის და/ან ყელის შეშუპებაში ვლინდება. ამ დროს შესაძლოა, პაციენტი სუნთქვისა და ყლაპვის გართულების წინაშე აღმოჩნდეს და პრობლემის მოსაგვარებლად სამედიცინო ჩარევაც გახდეს საჭირო.
გარდა ამისა, როტიკოქსის მიღებისას, 1000-დან 1 პაციენტში ვლინდება გონების დაბინდვა, მოუსვენრობა, ღვიძლის პრობლემები, მათ შორის ჰეპატიტი, ასევე სისხლში ნატრიუმის დონე დაბლა იწევს. ამავე ალბათობით შესაძლოა, განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, კანის და/ან თვალების სიყვითლე და კანთან დაკავშირებული სხვა უფრო სერიოზული ალერგიული რეაქციები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account