ენდომეტრიუმი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ენდომეტრიუმი საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი გარსია, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის დროს.

ენდომეტრიუმი, ყოველთვიურად, ჰორმონალური ცვლილებების საპასუხოდ სქელდება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად ემზადება. თუ განაყოფიერება არ მოხდება, მენსტრუაციის დროს ენდომეტრიუმის ზედა ფენა იშლება.

ენდომეტრიუმის ნორმა

ენდომეტრიუმის სისქე მენსტრუალური ციკლის დღეზეა დამოკიდებული. ექიმები სისქის მიხედვით ენდომეტრიუმის ნორმას შემდეგნაირად განსაზღვრავენ:

  • ციკლის მე-5-მე-7 დღე – ენდომეტრიუმი 3 მმ-6 მმ.
  • მე-8-მე-10 დღე – ენდომეტრიუმი 5 მმ-10 მმ.
  •  მე-11-მე-14 დღე – ენდომეტრიუმი 7 მმ-14 მმ.
  • მე-15-მე-18 დღე – ენდომეტრიუმი 10 მმ-16 მმ.
  • მე-19-23-ე დღე – ენდომეტრიუმი 10 მმ-18 მმ.
  • 24-ე-27-ე დღე – ენდომეტრიუმის საშუალო სისქე 12 მმ.

თუ ენდომეტრიუმის სისქე ნორმას აჭარბებს ან ჩამორჩება, შესაძლოა ქალი სხვადასხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი ენდომეტრიუმის სისქე ნორმას, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. 

სქელი ენდომეტრიუმი

ნორმაზე სქელი ენდომეტრიუმი ზოგჯერ იწვევს დაავადებას, რომელსაც ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ეწოდება. ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ქალის ორგანიზმის პათოლოგიების განვითარებას და გადაიზარდოს კიბოს წინარე დაავადებებში ან კიბოში. ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ხშირად ვლინდება პათოლოგიური სისხლდენით.

საინტერესოა, რა იწვევს ენდომეტრიუმის გასქელებასა და ჰიპერპლაზიის ჩამოყალიბებას? მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი: მოჭარბებული ესტროგენი და არასაკმარისი პროგესტერონი.

ოვულაციის დროს ესტროგენი ასქელებს ენდომეტრიუმს, პროგესტერონი კი საშვილოსნოს ორსულობისთვის ამზადებს. პროგესტერონის დონის დაცემა და ესტროგენის ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება საშვილოსნოს შიდა შრის უჯრედების არარეგულარულ ზრდას იწვევს.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის რისკის ფაქტორებს შორის არის ასევე სიმსუქნე, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), გარკვეული ჰორმონალური თერაპიები და არარეგულარული მენსტრუალური ციკლის ისტორია.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სამი ტიპი არსებობს:

  •  მარტივი ჰიპერპლაზია: უჯრედები მრავლდება, თუმცა სტრუქტურა შედარებით ნორმალური რჩება.
  •  რთული ჰიპერპლაზია: გადაჭარბებული პროლიფერაცია (ქსოვილის ზრდა უჯრედების გამრავლების შედეგად) და უფრო არარეგულარული სტრუქტურა.
  • ატიპიური ჰიპერპლაზია: უჯრედების არანორმალური სტრუქტურა, რაც კიბოს პროგრესირების მაღალ რისკს შეიცავს.

როგორ გავითხელოთ ენდომეტრიუმი?

ენდომეტრიუმის გათხელება შესაძლებელია ჰორმონალური თერაპიის დახმარებით. პროგესტინით, პროგესტერონის ადამიანის მიერ შექმნილი ვერსიით მკურნალობა ხელს უწყობს ჰორმონების დონის დაბალანსებას და ენდომეტრიუმის სისქის შემცირებას.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს გასქელებული ენდომეტრიუმის ქსოვილის მოცილება.

ზოგჯერ კი ენდომეტრიუმის გასათხელებლად მიმართავენ ჰისტერექტომიას, რაც მძიმე ან მაღალი რისკის შემთხვევაში, საშვილოსნოს მოცილებას გულისხმობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ატიპიური ჰიპერპლაზიასთან გვაქვს.

ჰისტერექტომიის რეკომენდაციას ექიმები იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ სიმსივნური უჯრედები იზრდება და პროგესტინით მკურნალობა არაეფექტიანია. ასევე ურჩევენ იმ პაციენტებს, რომლებიც პოსტმენოპაუზურ ასაკში არიან ან ფერტილურობის შენარჩუნება აღარ სურთ.

აქვე აღსანიშნავია, რომ პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალების ნაწილს ესტროგენის სეკრეციის შემცირების გამო სხვადასხვა სიმპტომი უვითარდებათ, მათ შორის წამოხურება, ხასიათის ცვალებადობა, ვაგინალური სიმშრალე და ძვლების დასუსტება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ხშირად ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას (HRT) მიმართავენ.

თუმცა მხოლოდ ესტროგენით ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ შესაძლოა, ენდომეტრიუმის გადაჭარბებული ზრდა, ჰიპერპლაზიის და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკიც გამოიწვიოს. მედიკამენტი Femoston Conti (ფემოსტონი კონტი), რომელიც ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში მის თანმდევ სიმპტომებთან საბრძოლველად გამოიყენება, ორ ჰორმონს: ესტრადიოლს (ესტროგენის ფორმა) და დიდროგესტერონს (პროგესტოგენის ფორმა) შეიცავს. პროგესტოგენი ენდომეტრიუმის გასქელებას უშლის ხელს და, შესაბამისად, ჰიპერპლაზიის განვითარების შანსს ამცირებს.

თხელი ენდომეტრიუმი და ორსულობა

ნორმაზე თხელ ენდომეტრიუმს შეუძლია გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებასა და დაორსულების უნარზე. ის საკმარისად სქელი უნდა იყოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის წარმატებით იმპლანტაციისთვის. თხელი ენდომეტრიუმი ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის სწორად მიმაგრებას საშვილოსნოს კედელზე. იმ შემთხვევაშიც თუ მისი მიმაგრება მაინც მოხდება, თხელი ენდომეტრიუმის გამო მუცლის მოშლის მაღალი რისკი იარსებებს.

ორსულობისთვის ენდომეტრიუმის იდეალური სისქე ჩვეულებრივ არის დაახლოებით 7-8 მმ ან მეტი, განსაკუთრებით მენსტრუალური ციკლის შუა ლუტეალური ფაზის (გრძელდება დაახლოებით 14 დღე) დროს. ხშირად 6 მმ-ზე თხელი ენდომეტრიუმი ორსულობისთვის წარმატების დაბალ ალბათობასთან ასოცირდება.

რაც შეეხება ენდომეტრიუმის დათხელების მიზეზებს, მათ შორისაა ესტროგენის დაბალი დონე (ესტროგენი პასუხისმგებელია ენდომეტრიუმის ზრდის სტიმულირებაზე), საშვილოსნოს ნაწიბურები (მაგ; აშერმანის სინდრომი), რიგი მედიკამენტები, საშვილოსნოში სისხლის ნაკადის შემცირება და ა.შ.

როგორ გავისქელოთ ენდომეტრიუმი

თხელი ენდომეტრიუმის შემთხვევაში, მისი გასქელების მიზნით ხშირად მიმართავენ ესტროგენის თერაპიას, რა დროსაც ორგანიზმში მისი დამატება ხდება. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ ესტროგენით ჰორმონჩანაცვლებითმა თერაპიამ შესაძლოა ენდომეტრიუმის ნორმაზე მეტად ზრდა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მსგავსი თერაპიების დროს სიფრთხილეა საჭირო.

გარდა ამისა, ენდომეტრიუმის სისქის ზრდას შესაძლოა ხელი შეუწყოს სისხლის ნაკადის გაუმჯობესებამ. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ენდომეტრიუმის სისქის გასაზრდელად ზოგჯერ L-არგინინისა და ვიტამინი E-ის მიღების რეკომენდაციასაც გასცემენ.

ყოველთვის გახსოვდეთ, სწორი დიაგნოზის დასასმელად და შესაბამისი მკურნალობის კურსის შესარჩევად ექიმთან ვიზიტი საუკეთესო გზაა.