
სორბიფერ დურულესის (Sorbifer Durules) ტაბლეტები გამოიყენება რკინის დეფიციტისა და რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით ორსულებში და სისხლის დონორებში.
სორბიფერ დურულესის შეფუთვაში მოთავსებულია 30 ან 50 ტაბლეტი და მედიკამენტის ფასებიც, შესაბამისად, აბების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება.
როგორია სორბიფერ დურულესის გამოყენების წესი და დოზირება?
პრეპარატის ანოტაციის თანახმად, ზრდასრულმა და მოზარდმა პაციენტებმა დილა-საღამოს თითო ტაბლეტი უნდა მიიღონ. საჭიროების შემთხვევაში, რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული ადამიანებისთვის შეიძლება დოზა დღეში 3-4 ტაბლეტამდე გაიზარდოს — ამ შემთხვევაშიც პაციენტმა მედიკამენტი დილით და საღამოს უნდა მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ სორბიფერ დურულესი ასევე გამოიყენება ორსულებში როგორც პროფილაქტიკური, ისე — სამკურნალო მიზნით. პირველ შემთხვევაში დოზა დღეში 1 ტაბლეტს შეადგენს, ხოლო მეორეში — თითო აბს დილა-საღამოს.
პაციენტმა სორბიფერ დურულესის აბებით მკურნალობა ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის მიღწევამდე უნდა განაგრძოს.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით და არა — თვითნებურად.
გაითვალისწინეთ, რომ აბების დაღეჭვა ან გაყოფა არ შეიძლება — ისინი მთლიანად უნდა გადაყლაპოთ და არანაკლებ ნახევარი ჭიქა სითხე დააყოლოთ. გარდა ამისა, პაციენტი, ტაბლეტის მიღებისას, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება პაციენტებს გამოუვლინდეთ შემდეგი სიმპტომები:
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- გაუწყლოება;
- ფაღარათი (ხანდახან სისხლით);
- ძილიანობა;
- შოკი.
შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა უსიმპტომო პერიოდიდან 6-24 შემდეგ გამოვლინდეს:
- გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი;
- კოაგულოპათია;
- ჰიპოგლიკემია;
- ჰიპერთერმია;
- ღვიძლის დაზიანება;
- კუნთების კრუნჩხვები;
- თირკმლის უკმარისობა;
- კომა.
ასეთი სიმპტომების გამოვლენის დროს პაციენტს უნდა მივცეთ რძე და, რაც შეიძლება სწრაფად, გამოვიწვიოთ ღებინება. ასევე შეიძლება ავადმყოფისთვის საჭირო გახდეს კუჭის ამორეცხვა.
გაითვალისწინეთ:
სორბიფერ დურულესის დანიშვნა არ შეიძლება შემდეგ მედიკამენტებთან კომბინაციაში: დოქსიციკლინი, ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი და ნორფლოქსაცინი.
რა უკუჩვენებები აქვს სორბიფერ დურულესს?
სორბიფერ დურულესის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული ცვლილებები და/ან საყლაპავი მილის სტენოზი;
- ჰემოსიდეროზი (ორგანიზმში რკინის ჭარბ დაგროვებასთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობა).
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ამასთან, გაითვალისწინეთ — შესაძლოა, ზოგადად რკინასთან დაკავშირებულმა პრეპარატებმა ბავშვებში მოწამვლა გამოიწვიოს.
როგორია მედიკამენტის გვერდითი ეფექტები?
სორბიფერ დურულესის გამოყენებისას პაციენტს შეიძლება ხშირ შემთხვევაში აღენიშნებოდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- ფაღარათი;
- შეკრულობა.
გარდა ამისა, შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდეს:
- საყლაპავი მილის სტენოზი;
- საყლაპავი მილის წყლულოვანი დაზიანება;
- გამონაყარი კანზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account