სოლარიუმი — გარუჯვის წესები და რისკები

ადამიანები გარუჯვისთვის ხშირად იყენებენ სოლარიუმს. თუმცა სანამ სოლარიუმზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას მოიაზრებს გარუჯვის პროცესი. 

 

კანის ზედა ფენა ეპიდერმისი შეიცავს სპეციალურ უჯრედებს, რომელთაც მელანოციტები ეწოდებათ. ულტრაიისფერი სხივების (UV გამოსხივების) გავლენით მელანოციტებში წარმოიქმნება ცილოვანი პიგმენტი - მელანინი. რუჯი არის კანის დამცველობითი რეაქცია ულტრაიისფერი (UV-B) სხივების ზემოქმედების საპასუხოდ.

რაც შეეხება სოლარიუმს, იგი არის ულტრაიისფერი ნათურებით აღჭურვილი მოწყობილობა/კაბინა, რომელიც მუშაობისთვის უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებს. 

 

კაბინის ტიპების მიხედვით არსებობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური სოლარიუმები. ჰორიზონტალური ტიპის სოლარიუმში ადამიანი დაწოლილ მდგომარეობაში ირუჯება, ვერტიკალურში კი ფეხზე მდგომი. შესაბამისად,  ვერტიკალური სოლარიუმის რუჯი უფრო თანაბარია, ვიდრე ჰორიზონტალურის. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სოლარიუმის ნათურები 12-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე მზის ულტრაიისფერი გამოსხივება. აქიდან გამომდინარე, სოლარიუმის რუჯის დროს ადამიანები ულტრაიისფერ გამოსხივებას გაცილებით დიდი რაოდენობით იღებენ, ვიდრე სანაპიროზე გარუჯვისას. 

 

სოლარიუმის კლასიფიკაცია და მარკირება (ეტიკეტი) 

 

სოლარიუმის აპარატები კლასიფიცირდება II კლასის სამედიცინო მოწყობილობებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები.

გარდა ამისა, მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სოლარიუმის აპარატზე დატანილი იყო ეტიკეტი, რომელიც მომხმარებელს ამცნობს ინფორმაციას სოლარიუმის აპარატის გამოყენების მავნე ზეგავლენის შესახებ.

სოლარიუმის აპარატის მარკირება/ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მომხმარებლებს აწვდიდეს დეტალურ ინფორმაციას სოლარიუმის გამოყენების რისკების შესახებ;
  • მომხმარებელს აფრთხილებდეს, რომ სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივებით ხშირი გარუჯვის შემთხვევაში, რეგულარულად გაიარონ კანის კიბოს სკრინინგი;
  • მომხმარებლებს აფრთხილებდეს, რომ სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

 

რა შეიძლება გამოიწვიოს სოლარიუმის გამოყენებამ? 

 

სოლარიუმის გამოყენება ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც დერმატოლოგები აქტიურად საუბრობენ მის მავნებლობასა და საყურადღებო უკუჩვენებებზე.

სოლარიუმის მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს:

  • კანის კიბო - სოლარიუმის გამოყენება დაკავშირებულია კანის კიბოს გაზრდილ რისკთან. სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები იწვევს კანის დნმ-ის ცვლილებას/მუტაციას, რაც ზრდის მელანომას (კანის კიბოს) რისკს. კანის კიბო ეწოდება ნებისმიერ ავთვისებიან წარმონაქმნს ადამიანის კანის ზედაპირზე, ლორწოვან გარსზე, თვალის ბადურაზე, ფრჩხილებზე და ა.შ. კანის კიბო უმეტესწილად გავრცელებულია ქალებში.
  • მხედველობის პრობლემები - სოლარიუმში ვიზიტისას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თვალების დასაცავად გაძლევენ სპეციალურ სათვალეს, თუმცა აღნიშნული სათვალე საკმარისი არ არის მხედველობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად. სოლარიუმის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს თვალებისა და ქუთუთოების შიდა სტრუქტურა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მხედველობას და გამოიწვიოს კატარაქტა ან თვალის მელანომა.
  • კანის ნაადრევი დაბერება - ადამიანების უმეტესობა გარუჯვას კანის სტრუქტურის გაჯანსაღებისთვის და ლამაზი შეფერილობისთვის მიმართავს, თუმცა გრძელვადიანად გარუჯვა, მათ შორის სოლარიუმშიც, კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. 

 

როგორ იღებენ რუჯს სოლარიუმში?  

 

თუკი სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების რისკების მიუხედავად, მაინც გადაწყვეტთ გაირუჯოთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ და დაიცვათ გარკვეული წესები:

  • სოლარიუმში წასვლამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სოლარიუმში რუჯის მიღება აკრძალულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხეულზე ხალები აქვთ. როგორც ზემოთ ვნახეთ, სოლარიუმის გამოყენებას შეუძლია ხალის ავთვისებიან მელანომად გადაქცევის პროვოცირება. გარდა ამისა, სოლარიუმის რუჯი რეკომენდებული არ არის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ანტიდეპრესანტებს, არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებს, ტრანკვილიზატორებსა და რეტინოიდებს იღებენ. აღნიშნული მედიკამენტები ზრდიან კანის ფოტომგრძნობელობას და შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგია.
  • სოლარიუმში გარუჯვა დასაშვებია 48 საათში ერთხელ. გარდა ამისა, სოლარიუმით სარგებლობიდან 48 საათის განმავლობაში აღარ უნდა გაირუჯოთ.
  • სოლარიუმით სარგებლობისას აუცილებელია რუჯის რეჟიმის სწორად შერჩევა. რუჯის რეჟიმი ოპერატორმა უნდა მოარგოს თქვენი კანის ტიპს, რადგან რუჯის მიღება დამოკიდებულია კანის ტიპზე.
  • სოლარიუმში მისვლისას იკითხეთ აპარატის ნათურები ბოლოს როდის შეცვალეს. სოლარიუმის აპარატის ნათურების ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა არის 540 საათი. თუ ნათურა არის ახალი გამოცვლილი, მნიშვნელოვანია შეამციროთ პროცედურის ხანგრძლივობა რათა თავიდან აიცილოთ კანის დამწვრობა.
  • სოლარიუმის პროცედურამდე არ შეიძლება შხაპის მიღება საპნით ან შხაპის გელით.
  • სოლარიუმში შესვლამდე არ მოწიოთ სიგარეტი, რადგან
    შეიძლება გული აგიჩქარდეთ.
  • სოლარიუმის პროცედურის დაწყებამდე კანი უნდა იყოს სუფთა. უნდა მოიშოროთ ყველანაირი დეკორატიული კოსმეტიკური საშუალება: სუნამო, დეოდორანტი, ტონალური კრემი და ზოგადად, მაკიაჟი. დეკორატიულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ პიგმენტური ლაქების გაჩენა სხეულზე.
  • სოლარიუმში რუჯის მიღებამდე შეიკარით თმა და დაიხურეთ სპეციალური ქუდი, რათა თმა არ გამოშრეს.
  • სოლარიუმში რუჯის მიღებამდე ტუჩებზე წაისვით სპეციალური ტუჩსაცხი, რომ არ გამოგიშრეთ ტუჩები.
  • პროცედურის დროს თვალებზე აუცილებლად გაიკეთეთ სპეციალური სათვალე. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, აუცილებელია მათი მოხსნა გარუჯვის პროცესის დაწყებამდე.
  • პროცედურის დროს მკერდის არე მოშიშვლებული არ უნდა გქონდეთ. დვრილებზე გაიკეთეთ სპეციალური სტიკერები, რადგან მკერდზე რუჯი განსაკუთრებით სახიფათოა. 
  • პროცედურის შემდეგ არ შეიძლება შხაპის მიღება 2 საათის განმავლობაში.
  • პროცედურის შემდეგ სხეულზე წაისვით დამატენიანებელი კრემი, რათა თავიდან აირიდოთ კანის გამოშრობა.
  • სოლარიუმი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ამიტომაც პროცედურის შემდეგ მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
  • არ შეიძლება სოლარიუმით სარგებლობა მშიერზე.
  • არ არის რეკომენდებული სოლარიუმით სარგებლობა 18 წლამდე.

 

გამომდინარე იქიდან, რომ სოლარიუმით სარგებლობას ახლავს მთელი რიგი რისკები, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სასურველია სოლარიუმით ისარგებლოთ კვირაში ერთხელ 8-10 წუთით. მთლიანი კურსი ზედიზედ 10 ვიზიტს არ უნდა აღემატებოდეს, წლის განმავლობაში კი სოლარიუმით სარგებლობისთვის ჯამურად 350 წუთია რეკომენდებული.

 

სოლარიუმით სარგებლობა მენსტრუალური ციკლის დროს

 

მენსტრუალური ციკლის დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ჰორმონული ცვლილებები. UV-B გამოსხივების შედეგად კი კიდევ უფრო მეტად აქტიურდება ესტროგენული რეცეპტორების მგრძნობელობა. გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის დროს სოლარიუმით სარგებლობის შემთხვევაში ქალის ორგანიზმი შესაძლოა მარტივად გადახურდეს, რამაც გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება და მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერება.  

 

მენსტრუალური ციკლის დროს სოლარიუმით სარგებლობა რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს: საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; ჭარბი მენსტრუაციული გამონადენი; გინეკოლოგიური დაავადებები - კვანძოვანი მიომა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, მასტოპათია, ფიბროადენომა.

 აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოლარიუმით სარგებლობა განსაკუთრებით საშიშია ორსულობაში, რადგან ზრდის ნერვული ღეროს განვითრების ანომალიების ალბათობას.

 

სოლარიუმის ალერგია 

 

სოლარიუმის ალერგია ეწოდება ამობურცულ, წითელ ან თეთრ გამონაყარს კანზე. ის ამ მოწყობილობაში გარუჯვიდან რამდენიმე საათში, ზოგჯერ კი რამდენიმე დღეში ჩნდება.

სოლარიუმის ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით:

  • კანის ზედმეტი სიმშრალით;
  • ულტრაიისფერი გამოსხივებით;
  • მილიარიის (ოფლის კანქვეშ დაგროვებით გამოწვეული ქავილით მიმდინარე გამონაყარი) განვითარებით;
  • ალერგიული რეაქციით და ა.შ.

სოლარიუმის ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს სოლარიუმის გამოყენებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში კანის შეწითლება, შესიება, ქავილი, თეთრი ან წითელი ამობურცული გამონაყარი. მისი გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოგს.