სობიკორი — პრეპარატი ჰიპერტონიისა და სტენოკარდიის სამკურნალოდ

სობიკორი სლოვენიაში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების სახით არის წარმოდგენილი. ის აქტიურ ნივთიერება ბისოპროლოლს შეიცავს და ჰიპერტონიის და სტენოკარდიის სამკურნალოდ გამოიყენება.

სობიკორის ტაბლეტებში ბისოპროლოლის დოზირება განსხვავებულია. აფთიაქებში სობიკორი 2,5მგ, სობიკორი 5მგ და სობიკორი 10მგ-ია ხელმისაწვდომი. პრეპარატის ერთ შეკვრაში 30 ტაბლეტია. PSP-ის აფთიაქებში ეს წამალი მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რა არის და რისთვის იყენებენ სობიკორს? 

როგორც აღვნიშნეთ, სობიკორის აქტიური ნივთიერება ბისოპროლოლია. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც მონოამინოოქსიდაზას ბეტა-ბლოკატორებს უწოდებენ.

ამ ჯგუფში შემავალი პრეპარატები, ორგანიზმის რეაქციაზე ზეგავლენის გზით, ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე მოქმედებენ, განსაკუთრებით კი გულზე. ბისოპროლოლი გულისცემას ანელებს, რის შედეგადაც გულში სისხლის გადაქაჩვის ეფექტიანობას ზრდის. ამავდროულად, გულში სისხლითა და ჟანგბადით მოთხოვნილების საჭიროება მცირდება. გულის უკმარისობა ამ ორგანოს კუნთის სისუსტისას ვლინდება - როდესაც გულს ორგანიზმის საკმარისი სისხლით მომარაგება არ შეუძლია.

შესაბამისად, სობიკორი გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების დროს, როგორიც არის სისხლის მაღალი წნევა, იგივე ჰიპერტონია და სტენოკარდია.

გარდა ამისა, პრეპარატს მიმართავენ გულის ქრონიკული სტაბილური უკმარისობის სამკურნალოდ. მსგავს შემთხვევებში სობიკორის მედიკამენტი გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში გამოიყენება, მათ შორის, აგფ-ბლოკატორებთან, დიურეზულებთან და საგულე გლიკოზიდურებთან ერთად.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე? 

ზოგიერთ შემთხვევაში სობიკორის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მაგალითად, ამ პრეპარატს უნდა მოერიდოთ, თუ მისი აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ ალერგია გაქვთ.

სობიკორით მკურნალობისგან თავის შეკავებაა საჭირო ასთმის რთული ფორმის დროს ან ფილტვების რთული ქრონიკული დაავადების შემთხვევაში.

ნუ გამოიყენებთ სობიკორს, თუ კიდურებში სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, მაგალითად რეინოს სინდრომის შემთხვევაში. ის შესაძლოა ხელ-ფეხზე ჩხვლეტის შეგრძნებით, სიფერმკრთალით ან სილურჯეებით გამოვლინდეს.

პრეპარატს უნდა მოერიდოთ, თუ ფეოქრომოციტომას მკურნალობთ. ეს თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი დაავადებაა. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ასევე მეტაბოლური აციდოზის დროს, რაც სისხლში მჟავიანობის მომატებას გულისხმობს.

სობიკორის გამოყენება არ შეიძლება გულის ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში. მათ შორისაა: გულის მწვავე უკმარისობა; გულის უკმარისობის გაუარესება, როდესაც მკურნალობენ მედიკამენტებით, რომლებიც გულის კუმშვას ზრდის; სისხლის დაბალი წნევა; პულსის შენელება ან არარეგულარული გულისცემა (არ გამოიყენება კარდიოსტიმულატორი); კარდიოგენური შოკი - ეს არის გულის მწვავე დაავადება, რომელიც სისხლის დაბალი წნევითა და სისხლის მიმოქცევის დარღვევით ვლინდება.

სობიკორის მიღების წესი და დოზირება 

მედიკამენტი ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით გამოიყენეთ. ტაბლეტები დილით, წყლის მიყოლებით უნდა გადაიყლაპოს. სობიკორის მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად, ისე მისაგან დამოუკიდებლად. ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწილება არ შეიძლება.

სობიკორით მკურნალობის პერიოდში ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის რეგულარული კონტროლია საჭირო, განსაკუთრებით კი მკურნალობის დასაწყისში, დოზების გაზრდისას და მკურნალობის შეწყვეტისას. სობიკორით, როგორც წესი ხანგრძლივად მკურნალობენ.

სობიკორის დოზა ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუმცა, ჩვეულებრივ, ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის მკურნალობისას, უფროსებისა და ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, რეკომენდებულია დღეში 10 მგ ბისოპროლოლის მიღება.

მკურნალობის შედეგების შეფასების შემდეგ ექიმმა შესაძლოა დღიური დოზა 5 მგ-მდე შეამციროს ან 20 მგ-მდე გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური დღიური დოზა სწორედ 20 მგ-ს შეადგენს.

გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში, უფროსებსა და ხანდაზმულ პაციენტებში ბისოპროლოლით მკურნალობა დაბალი დოზირებით იწყება და ის თანდათან იზრდება. დოზის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ექიმი მიიღებს.

ასეთ დროს, როგორც წესი, პრეპარატის დოზები შემდეგნაირი თანმიმდევრობით ინიშნება:

  • 1,25 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში.
  • 2,5 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში.
  • 3,75 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში.
  • 5 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთხელ, ოთხი კვირის განმავლობაში.
  • 7,5 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთხელ, ოთხი კვირის განმავლობაში.
  • 10 მგ ბისოპროლოლი დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით.

მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა 10 მგ ბისოპროლოლს შეადგენს. მკურნალობის შედეგისა და ორგანიზმის მიერ პრეპარატის ამტანობის მიხედვით ექიმი მკურნალობის ხანგრძლივობის და დოზირების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუ მდგომარეობა გაუარესდება ან პრეპარატის მიმართ აუტანლობა გამოვლინდება, მაშინ დოზირება უნდა შემცირდეს ან მკურნალობა შეწყდეს. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლოა 10 მგ ბისოპროლოლზე მცირე დოზა საკმარისი აღმოჩნდეს. ამას ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დაადგენთ.

მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობისას ექიმი პრეპარატის დოზირების თანდათანობით შემცირებას გირჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობის გართულების რისკი არსებობს.

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, როდესაც ვლინდება მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობა, დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის რთული უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ), ასევე ღვიძლის რთული უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებული დღიური დოზირების, 10 მგ ბისოპროლოლის გადაჭარბება არ შეიძლება.

სობიკორის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად გვერდითი ეფექტები სობიკორმაც შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა არა ყველა პაციენტში. იმისთვის, რომ მწვავე გვერდითი ეფექტები თავიდან აირიდოთ, თუ სიმპტომები მძიმეა და სწრაფად ვლინდება ან მდგომარეობის გართულება აღინიშნება, მიმართეთ ექიმს.

მაგალითად, ყველაზე მძიმე გვერდით ეფექტებს შორის, გულის მხრივ, არის: შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობის გართულება, პულსის შენელება ან არითმია. თუ თავბრუსხვევა, გულყრის შეგრძნება ან სუნთქვის პრობლემები აღინიშნა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

რაც შეეხება სხვა გვერდით ეფექტებს, სობიკორით მკურნალობისას ხშირად ვლინდება დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სისუსტე. ასევე ხშირია ხელ-ფეხის დაბუჟება ან სიცივის შეგრძნება, სისხლის დაბალი წნევა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა ან ფაღარათი.

არახშირ გვერდით მოვლენებს შორისაა ძილის დარღვევა, დეპრესია, თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას, ასევე სუნთქვის პრობლემები პაციენტებში, რომელთაც ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვთ. პრეპარატის გამოყენებისას არახშირად ვლინდება კუნთების სისუსტე და სპაზმი.

სობიკორით მკურნალობისას იშვიათად იჩენს თავს სმენის პრობლემები, ალერგიული რინიტი, თვალების სიმშრალე, ღვიძლის ანთება და სისხლის ანალიზში ცვლილებები, რაც ღვიძლის ან სისხლის დარღვევებზე მიუთითებს.

ასევე იშვიათ გვერდით ეფექტებს შორისაა ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და გამონაყარი, ერექციის დარღვევები. იშვიათია ასევე კოშმარები, ჰალუცინაციები და გულყრა.

ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს თვალის სიწითლე ან ტკივილი (კონიუნქტივიტი), თმის ცვენა, ფსორიაზის გამოვლენა ან გამწვავება, გამონაყარი და ფსორიაზის მსგავსი პრობლემები.

თუ აქედან ნებისმიერ გვერდით ეფექტს შენიშნავთ, ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ. სპეციალისტის ინფორმირება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ აღინიშნება უკუმოქმედება, რომელიც ინსტრუქციაში აღწერილი არ არის.