რაუნატინი — პრეპარატი მაღალი არტერიული წნევისგან გასათავისუფლებლად

 

თითქმის გამორიცხულია, რაუნატინის სახელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც არ გაგეგონათ — მაღალ არტერიულ წნევასთან მებრძოლი ეს პრეპარატი უამრავი ადამიანის საიმედო საშუალებაა.

ჰიპერტენზია, უფრო ხშირად მოხსენიებული როგორც “მაღალი წნევა”, ჯანმრთელობის კონდიციაა, რომელიც მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს აწუხებს. როგორც მისი სახელი გვეუბნება, არტერიული სისხლის მაღალი წნევით ხასიათდება. ხშირად მას “ჩუმ მკვლელსაც” უწოდებენ, რადგან წინასწარი სიმპტომები თითქმის არ ახასიათებს და შეუძლია ძალიან დააზიანოს გული, თირკმელები და ტვინი. 

ჰიპერტენზიის რისკებთან გულგრილი დამოკიდებულება დაუშვებელია — ქრონიკული მაღალწნევიანობა მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლისათვის საშიში კონდიციების, გულის შეტევის, ინსულტისა და ანევრიზმის რისკებს. გარდა ამ რისკებისა, ჰიპერტენზია ყოველდღიურ ცხოვრებასაც არანაკლებ აზიანებს — მაღალი წნევის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, საქმეზე კონცენტრაცია და პროდუქტიულობის შენარჩუნება.

რა თქმა უნდა, მედიცინა ჰიპერტენზიას გულხელდაკრეფილი არ უყურებს. არსებობს არაერთი ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც ამ კონკრეტული მდგომარეობის დამარცხებას ემსახურება — რაუნატინი, როგორც უკვე აღინიშნა, ერთ-ერთი ასეთია. 

რისი წამალია რაუნატინი — ანოტაცია

რაუნატინი წნევის დამწევი საშუალებაა, რომლის აქტიურ სუბსტანციასაც 2მგ რაუვოლფიას ალკალოიდები წარმოადგენენ. დამხმარე ნივთიერებებს შორის ვხვდებით მაგნიუმის კარბონატს, სახამებელს, ლაქტოზას, ტალკს, კალციუმის სტეარატს, პოლივინილპიროლიდონს, საქაროზას, აეროსილს, ტიტანის ორჟანგს. 

პსპ-ის აფთიაქების ქსელში ვხვდებით როგორც  უკრაინული, ისე ქართული წარმოების ხსენებულ პრეპარატს, სახელით Raunatin neo. 

რაუნატინს გააჩნია ჰიპოტენზიური მოქმედებაც, რაც განპირობებულია ცნს-ში ბიოგენური მონოამინების (ნორადრენალინის, დოფამინის, სეროტონინის) შემცველობის შემცირებით. პრესინაპსურ დაბოლოებებში მედიატორების დეპონირების პროცესის დარღვევით პრეპარატი ბლოკავს ადრენერგულ გადაცემას (ინერვაციას), რაც იწვევს არტერიული წნევის ეტაპობრივ შემცირებას. პრეპარატის განსაკუთრებულობაა თირკმლის გორგლოვანი ფილტრაციის გაზრდა და შესაბამისად თირკმლის სისხლმომარაგების გაზრდა. 

რაუნატინს გააჩნია ანტიარითმიული მოქმედებაც, აღადგენს გულის კუნთში აგზნებისა და გამტარობის პროცესებს. გააჩნია ცნს-ზე დამამშვიდებელი მოქმედებაც. პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება თანდათანობით.  მკურნალობის დაწყებიდან 10-14 დღეში და ნარჩუნდება 2-3 თვის განმავლობაში. 

პრეპარატის ალკალოიდები კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 40-50%. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 50-170 სთ. მეტაბოლიზდება ელენთასა და ღვიძლში. ელიმინირდება ძირითადად ფეკალიებთან და შარდთან ერთად.

როგორ უნდა მივიღოთ რაუნატინი?

როგორც ნებისმიერი მედიკამენტის, ისე რაუნატინის მიღებას მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც საკუთარ ჯანმრთელობას, შესაძლოა, ძალიან მძიმე ზიანი მიაყენოთ. 

რაუნატინი მაღალი წნევის დროს ინიშნება მოზრდილებში და მიიღება პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით), საკვების მიღების შემდეგ. პირველი დღის საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში, მეორე დღეს უნდა მიიღოთ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მესამე დღეს 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ამის შემდეგ, საერთო დოზას ზრდიან 4-6 ტაბლეტამდე დღეში. სტაბილური თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ პრეპარატის დოზას თანდათანობით ამცირებენ 1-2 ტაბლეტამდე დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 6 ტაბლეტი.  მკურნალობის კურსია 3-4 კვირა. თუმცა ხშირად პრეპარატი მიიღება ხანგრძლივად, შემანარჩუნებელი დოზით 1 ტაბლეტი დღეში.  

ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ მიიღებთ რაუნატინს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პროფესიონალური შეფასების გარეშე ნებისმიერი მედიკამენტის, მითუმეტეს ძლიერი საშუალების გამოყენება ძალიან სარისკოა — სადღეღამისო დოზა და მკურნალობის ხანგრძლოვობა დგინდება ექიმის დანიშნულებით. 

ბავშვებში პრეპარატის მოხმარების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები რაუნატინს აუცილებლად უნდა მოერიდონ. 

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის მოხმარებისას

რაუნატინის მიღება უკუნაჩვენებია და მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

ასევე, არ მიიღოთ რაუნატინი, თუ გაქვთ მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. 

რასაკვირველია, რაუნატინი არ უნდა გამოიყენოთ ჰიპოტენზიის (დაბალი არტერიული წნევის), გულის უკმარისობის, ბრადიკარდიისა და ამ ორგანოს ქრონიკული დაზიანებების პირობებში. 

არ ურჩევენ რაუნატინის მოხმარებას მაშინაც, როცა პაციენტს აღენიშნება ეპილეფსია,  პარკინსონიზმი, ბრონქული ასთმა ან დეპრესია. 

მნიშვნელოვანი საკითხია ორსულობა და ლაქტაცია. რამდენადაც ალკოლოიდი რეზერპინი აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში, პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სწორად, ექიმის დანიშნულებით მოხმარების შემთხვევაში, რაუნატინი გართულებებს თითქმის არ იწვევს. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის შეშუპება, მომატებული ოფლიანობა, პირის სიმშრალე, საერთო სისუსტე, დეპრესია, ტკივილი გულის არეში, ბრადიკარდია. 

გვერდითი მოვლენების მოხსნა შესაძლებელია დოზის შემცირებით ან მისი მიღების ხანმოკლე (1-3 დღე) შესვენებით, ხოლო აშკარა აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

მიუხედავად გვერდითი მოვლენების სიმცირისა, სახიფათო მოცემულობაა რაუნატინის ზედოზირება. პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. 

ზედოზირების სიმპტომებია საერთო სისუსტე, გამოხატული ჰიპოტენზია (დაბალი წნევა), ოფლიანობა. მძიმე შემთხვევაში, ხანმოკლე ეიფორიის შემდეგ ვითარდება ძილიანობა, დეპრესია, გონების დაკარგვა.

ზედოზირებას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ — უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება, უნდა ამოირეცხოს კუჭი, პაციენტმა უნდა მიიღოს გააქტივებული ნახშირი — შესაძლებელია ფორსირებული დიურეზიც, საჭიროების შემთხვევაში ვენაში რეოპოლიგლუკინის ან მეზატონის შეყვანა ანგიოტენზინამიდის ან 2%-იანი ნორადრენალინის ჰიდროტატრატის დამატებით. კანქვეშ შეჰყავთ ასევე 10%-ანი კოფეინ-ბენზოატ ნატრიუმის ხსნარი.

გაითვალისწინეთ, რომ ზედოზირებასთან ბრძოლის ამ მეთოდებს უნდა მიმართოთ მაშინ, როცა ვითარება გამოუვალია და პაციენტს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება — სხვა შემთხვევაში, სჯობს მიმართოთ პროფესიონალს. 

სხვა წამლებთან ერთად რაუნატინის მიღებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ: პრეპარატის ანტიჰიპერტენზული მოქმედება ძლიერდება სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. 

რაუნატინი სიფრთხილით ინიშნება ქინიდინთან, ოქტადინთან, საგულე გლიკოზიდებთან ერთად, ვინაიდან შეიძლება გააძლიეროს მათი ტოქსიკური მოქმედება. რაუნატინის ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება მისი კომბინაციით დიურეზულ საშუალებებთან.  რაუნატინი ამცირებს პარკინსონის სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობასაც.

თუ მართავთ ავტოტრანსპორტსა და სხვა მექანიზმებს, სჯობს მოერიდოთ ამის კეთებას რაუნატინის მიღების შემდეგ, რადგან პრეპარატს შეუძლია დაარღვიოს სწრაფი რეაგირების უნარი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ამდენად პაციენტმა თავი უნდა აარიდოს საქმიანობას, რომელიც მოითხოვს  მომატებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

შენახვის პირობები და სხვა მონაცემები

რაუნატინი შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლის სხივებისათვის დაფარულ ადგილას. ასევე, შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე. დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ ვადაში იგულისხმება თარიღში აღნიშნული თვის ბოლო დღე, ხოლო ვარგისობის ვადა ამ კონკრეტული პრეპარატისთვის 3 წელს შეადგენს.

საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, ყურადღების მიღმა გარემოც არ უნდა დაგრჩეთ — ნუ გადააგდებთ სუპრემაზას გამდინარე წყალში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მორჩენილი პრეპარატების უტილიზაციაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

საბოლოოდ გახსოვდეთ, რომ მაღალი არტერიული წნევის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამოჩენა დაუშვებელია — ამით შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას კრიტიკული საფრთხის წინაშეც აყენებდეთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჰიპერტენზია ხშირად გსტუმრობთ და გახსოვდეთ ისიც, რომ რაუნატინი თქვენს გვერდით იქნება.