
პრეპარატი დევიტი სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება და შემოგარსული ტაბლეტებისა და წვეთების სახით არის ხელმისაწვდომი. ის ვიტამინი D-ის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება.
დევიტი ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) სხვადასხვა დოზირებით შეიცავს. შესაბამისად, აფთიაქებში ხელმისაწვდომია დევიტი 2 000სე, დევიტი 5 000სე, დევიტი 10 000სე, დევიტი 50 000სე და დევიტ-3, რომელიც წვეთების ფორმით არის ხელმისაწვდომი.
PSP-ის აფთიაქებში დევიტის ტაბლეტები ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა, დევიტ-3 კი რეცეპტის გარეშე.
როდის და რისთვის იყენებენ დევიტს?
როგორც აღვნიშნეთ, პრეპარატი ვიტამინის D-ის დეფიციტის მკურნალობის, ასევე ვიტამინის D-ის დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება.
დევიტში შემავალი ვიტამინი D3 ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის მიმოცვლას არეგულირებს, პარალელურად, აჩქარებს კალციუმის ნაწლავებში შეწოვას, აუმჯობესებს თირკმელებში კალციუმისა და ფოსფორის რეაბსორბციას და სისხლში ამ ელემენტების საჭირო დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ვიტამინი D3 ხელს უწყობს ძვლოვანი ჩონჩხის ჩამოყალიბებას, ასევე ძვლების სტრუქტურის შენარჩუნებას.
ცნობისთვის, სისხლში კალციუმის იონების კონცენტრაცია ძვლოვანი მუსკულატურის კუნთების ტონუსისა და მიოკარდიუმის ფუნქციის შენარჩუნებას განაპირობებს. იგი ნერვული აგზნებადობის გატარებას უწყობს ხელს და სისხლის შედედების პროცესს არეგულირებს.
ვიტამინი D3 საჭიროა ფარისებრახლო ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი D აუცილებელია კალციუმის საკმარისი აბსორბციისათვისა და ნორმალური ძვლოვანი მეტაბოლიზმისათვის. მისი ქრონიკული დეფიციტი მეორად ჰიპერპარატირეოდიზმს იწვევს. აგრეთვე, ვიტამინი D ძვლოვანი მეტაბოლიზმის აქტივაციას და წონის სწრაფ კლებას განაპირობებს.
ვიტამინი D-ს გამოყენება, მით უფრო კალციუმის მიღებასთან ერთად, ძვლოვანი ქსოვილის კლების შენელებას და მოტეხილობის სიხშირის შემცირებას იწვევს.
კალციუმის მიღებასთან ერთად, D ვიტამინით თერაპია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის სავალდებულო შემადგენელი ნაწილია. ამას გარდა, ვიტამინი D ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობის სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს.
როდის უნდა შევიკავოთ თავი პრეპარატის გამოყენებისგან?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დევიტის კაფსულები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება მოუწევთ მათ, ვისაც D ვიტამინის ან დევიტის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აქვთ. ამასთან, მედიკამენტის მიღება არ არის დაშვებული ჰიპერვიტამინოზი D-ის დროს.
დევიტის გამოყენებას უნდა მოერიდოთ, თირკმლის ოსტეოდისტროფიის (ჰიპერფოსფატემიასთან ერთად) შემთხვევაში. ის არ არის რეკომენდებული ჰიპორკალცემიის ან ჰიპერკალციურიის დროს.
არ მიიღოთ დევიტი, თუ შარდ-კენჭოვანი დაავადება გაწუხებთ. მათ შორის, თუ თირკმლებში კალციუმის კენჭი გაქვთ ან მისი წარმოშობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით.
პრეპარატს უნდა მოერიდოთ თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაშიც.
დევიტის ტაბლეტების გამოყენების წესი და დოზირება
დევიტის მიღებისას კვების რეჟიმის გათვალისწინება აუცილებელი არ არის. ტაბლეტები პერორალურად, წყლის დაყოლებით მიიღება. ისინი გაღეჭვის გარეშე, მთლიანად უნდა გადაიყლაპოს.
ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობისას რეკომენდებული დოზა შეადგენს კვირაში 50 000 სე-ს (1 აბი) 7 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ მკურნალობა უნდა შენარჩუნდეს დღეში 1400-2000 სე დოზირებით. საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება თვეში 1 აბი.
გაითვალისწინეთ, რომ დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად, D ვიტამინის დეფიციტის სიმძიმიდან და მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხიდან გამომდინარე.
ოსტეოპოროზის კომბინაციური თერაპიის შემთხვევაში D ვიტამინის დღიური დოზა 800-1000 სე-ს შეადგენს, შესაბამისად, ყოველკვირეული დოზა 7000 სე-მდე აღწევს, ალტერნატიული ყოველთვიური დოზა კი 50 000 სე-ა.
ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც დაცემისა და მოტეხილობის მაღალი რისკის ქვეშ არიან, რეკომენდებულია ვიტამინი D-ის 2000 სე-ს ეკვივალენტური დღიური დოზა. პარალელურად, პაციენტებმა უნდა მიიღონ კალციუმი, თუ ის საკვებიდან ორგანიზმში მოხვედრას ვერ ახერხებს.
ვიტამინი D-ის დეფიციტის ან უკმარისობის აღმოსაფხვრელად, 12-18 წლის ასაკის მოზარდებში, დღეში 800 სე ინიშნება. მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს.
გაითვალისწინეთ, რომ D ვიტამინით მკურნალობის დაწყებამდე სისხლში კალციუმისა და ფოსფატების დონის შეფასებაა საჭირო.
როგორ და რა დოზებით მივიღოთ დევიტ-3-ის წვეთები?
დევიტ-3-ის წვეთები ვიტამინი D3-ის ნაკლებობისა და დეფიციტის, რაქიტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის, სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის, სპაზმოფილიის, მოტეხილობების დროსა და ძვალ-სახსართა სისტემაზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება.
დევიტ-3 პერორალურად მისაღები პრეპარატია. ჩვილების შემთხვევაში შესაძლებელია წვეთების საკვებში, მაგალითად, რძეში გახსნა. მისი თითოეული ბოთლი (20 მლ.) 500 000სე ვიტამინ D3-ს შეიცავს. ყოველი წვეთი კი (0.02 მლ.) 12.5 მკგ. (500სე) ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3-ს).
რაც შეეხება დოზირებას, 0-4 წლის ასაკში რეკომენდებულია 500 სე ვიტამინი D3; 4-10 წლის ასაკში - 500-1000 სე; ხოლო 11 წელსა და ზევით ასაკში - 500-1500 სე.
დევიტის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
სამკურნალო საშუალებების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შესაძლოა დევიტის მიღების შემდეგაც აღინიშნოს.
დევიტის მოხმარებისას, იშვიათად, სისხლში კალციუმის დონის მომატება, ჰიპერკალცემია აღინიშნება. გარდა ამისა, ამავე სიხშირით შეიძლება გამოვლინდეს გულისრევის შეგრძნება, მადის დაკარგვა, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ძლიერი წყურვილი, კუნთების სისუსტე, ძილიანობა ან გონების არეულობა.
ასევე იშვიათად აღინიშნება შარდში კალციუმის სიჭარბე, იგივე ჰიპერკალციურია. პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლენილ იშვიათ ნიშნებს შორის არის კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, სასქესო ორგანოების შეშუპება, კანის სიმშრალე, ფრჩხილების დაზიანება, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, ერითემატოზული გამონაყარი, პეტექიალური გამონაყარი, ქოშინი, დისფაგია და სხვა.
პრეპარატით მკურნალობამ ბავშვებში შესაძლოა, ზრდის შენელება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ქოლეკალციფეროლის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დღეში 45 მკგ-ს (1800 ერთეული) დოზის მიღების შემთხვევაში.
ჰიპერკალცემიამ, თავის მხრივ, შესაძლოა D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, რომლის ადრეული სიმპტომებია: ყაბზობა (ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში); დიარეა; პირის სიმშრალე, ხანგრძლივი თავის ტკივილი; მომატებული წყურვილი; შარდვის გახშირება (განსაკუთრებით ღამის საათებში) მადის დაკარგვა; ლითონის გემო პირში; გულისრევა ან ღებინება (უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში); უჩვეულო დაღლილობა ან ზოგადი სისუსტე.
გვიანი სიმპტომები კი არის: ტკივილი ძვლებში; შარდის ამღვრევა; არტერიული ჰიპერტენზია; ფოტომგრძნობელობა ან თვალის გაღიზიანება; არითმია; კანის ქავილი; ძილიანობა; კუნთის ტკივილები; გულისრევა ან ღებინება, პანკრეატიტი; ფსიქოზი, გუნება-განწყობის ცვალებადობა ან ფსიქიკის ცვლილება; წონის სწრაფი კლება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account