
სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულია მოზარდებში. ადამიანის ხერხემალი ბუნებრივად ოდნავ წინ და უკან არის გადახრილი, სკოლიოზის დროს კი ის მარჯვნივ/მარცხნივ იხრება და „C“-ს ან „S“-ს ფორმას იღებს.
ეს სამედიცინო მდგომარეობა შეიძლება მსუბუქი ან ძალიან მძიმეც იყოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხერხემლის 10 გრადუსზე მეტი გამრუდების შემთხვევა უკვე სკოლიოზს წარმოადგენს.
ხერხემლის გამრუდება შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სამედიცინო მდგომარეობების მქონე ადამიანებში, როგორებიც არის ცერებრალური დამბლა და კუნთოვანი დისტროფია. თუმცა ბავშვთა სკოლიოზის შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზები ძირითადად უცნობია.
საგულისხმოა, რომ სკოლიოზის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია, თუმცა ზოგიერთი მრუდი ბავშვების ზრდასთან ერთად უარესდება. ხერხემლის განსაკუთრებით სერიოზულმა მოხრილობამ შეიძლება შეამციროს გულმკერდის შიგნით არსებული სივრცის მოცულობა, რაც ართულებს ფილტვების გამართულ ფუნქციონირებას.
ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი სკოლიოზი, როგორც წესი, ყურადღებით აკვირდებიან რენტგენის საშუალებით, რათა დადგინდეს, უარესდება თუ არა მრუდი. ხშირ შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო, თუმცა შეიძლება ოპერაციის აუცილებლობაც კი დადგეს.
მოზარდობის წლებში დიაგნოზირებული სკოლიოზი შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც შენარჩუნდეს. ამასთან, რაც უფრო მეტად არის ხერხემალი მოხრილი, მით უფრო სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდება.
გაითვალისწინეთ: თუ წარსულში სკოლიოზი გქონდათ, ექიმს ზურგი რეგულარულად უნდა შეამოწმებინოთ.
რა შეიძლება იქცეს სკოლიოზის გამომწვევ მიზეზად?
სკოლიოზის გამომწვევი მიზეზები მისი ტიპების მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყოს:
- მალების არასწორი ფორმაცია ემბრიონის განვითარების პერიოდში;
- გენეტიკური ცვლილება;
- ხერხემლის დაზიანება;
- სიმსივნე ხერხემალზე;
- სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ზემოქმედებს ნერვებზე ან კუნთებზე.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ექიმებს უჭირთ სკოლიოზის კონკრეტული მიზეზის დადგენა.
რა სიმპტომები ახასიათებს ხერხემლის გამრუდებას?
სკოლიოზის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს ამ სამედიცინო მდგომარეობის ხარისხის მიხედვით. მასთან დაკავშირებული გავრცელებული სიმპტომებია:
- თავი არაა ტორსის ცენტრში;
- არათანაბარი მხრები;
- არათანაბარი წელი;
- ბეჭების ასიმეტრია (ერთი ბეჭი მეორეზე მეტად ამოზნექილია);
- ნეკნები ერთ მხარეს მეტად გამოწეულია;
- თეძოების ასიმეტრია (ერთი თეძო მეორეზე მაღალია);
ხილულ სიმპტომებთან ერთად, სკოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს:
- წელის ტკივილი;
- ზურგის გაშეშება;
- ტკივილისა და დაბუჟების შეგრძნება ფეხებში;
- დაღლილობა კუნთების დაძაბვის გამო;
- სუნთქვის გაძნელება გულმკერდის გამრუდების გამო.
აღსანიშნავია, რომ სკოლიოზის მქონე მოზარდები, როგორც წესი, ტკივილს არ გრძნობენ — თუ ამ ასაკის ადამიანებში ზურგის ძლიერი ტკივილი ან დაბუჟება აღინიშნება, ექიმმა ამ სიმპტომების სხვა მიზეზები უნდა გამორიცხოს. 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებსაც სკოლიოზისთვის არ უმკურნალიათ, შეიძლება დაეწყოთ ტკივილი იმის ფონზე, რომ მათი ხერხემლის დისკები ზიანდება.
რა არის სკოლიოზის რისკ-ფაქტორები?
თქვენ უფრო მეტად ხართ სკოლიოზის განვითარების რისკის ქვეშ, თუ:
- გაქვთ ხერხემლის გამრუდების საოჯახო ისტორია — მეტად სავარაუდოა, რომ განვითარდეთ სკოლიოზი, თუ თქვენს ბიოლოგიურ ოჯახში ვინმეს უკვე აქვს ეს მდგომარეობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ სკოლიოზის ყველა შემთხვევა გენეტიკური არ არის.
- აღგენიშნებათ სამედიცინო მდგომარეობა ან დაზიანება, რომელიც ზემოქმედებს თქვენს ხერხემალზე, კუნთებსა და ნერვებზე.
საგულისხმოა, რომ სკოლიოზი თანაბრად მოქმედებს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ადამიანებზე, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში უფრო მეტად არსებობს მკურნალობის საჭიროება გამრუდების სიმძიმის გამო.
ხერხემლის გამრუდების რომელ ტიპებს გამოყოფენ?
სკოლიოზი შეიძლება კლასიფიცირდეს სხვადასხვა კრიტერიუმის, მათ შორის გამომწვევი მიზეზების, ასაკის და სიმძიმის მიხედვით.
გამომწვევი მიზეზების მიხედვით:
იდიოპათიური სკოლიოზი
ეს არის ხერხემლის გამრუდების ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომლის ზუსტი მიზეზი უცნობია. ამ ტიპის სკოლიოზის დიაგნოზი ისმევა მაშინ, როდესაც ექიმის მიერ სხვა ვარიანტები გამოირიცხება.
თანდაყოლილი სკოლიოზი
თანდაყოლილი სკოლიოზი ვითარდება ნაყოფის განვითარების პერიოდში ხერხემლის ძვლების არასწორი ფორმირების შედეგად. ამ იშვიათ მდგომარეობას, როგორც წესი, ექიმები ბავშვის დაბადებისას ამჩნევენ.
ნეიროკუნთოვანი სკოლიოზი
ნეიროკუნთოვანი სკოლიოზი გამოწვეულია ისეთი დარღვევით, როგორებიც არის სპინა ბიფიდა (ხერხემლის არხის არასრული დახურვა), ცერებრალური დამბლა ან ზურგის ტვინის დაზიანება. ეს სამედიცინო მდგომარეობები ხანდახან აზიანებს კუნთებს, შედეგად ისინი ხერხემლისთვის მყარ საყრდენს ვერ ქმნის, რამაც, შესაძლოა, საბოლოოდ სკოლიოზი გამოიწვიოს.
დეგენერაციული სკოლიოზი
როგორც წესი, ამ ტიპის სკოლიოზი 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს აწუხებს. ის ვითარდება წელის ქვედა ნაწილში, როდესაც, ასაკის მატებასთან ერთად, ხერხემლის დისკები და სახსრები ცვდება. ჩვეულებრივ, ამ ტიპის სკოლიოზი, სხვებთან შედარებით, უფრო მსუბუქი ფორმისაა.
ასაკის მიხედვით:
ჩვილების სკოლიოზი: 0-3 წელი
ბავშვთა სკოლიოზი: 4-10 წელი
მოზარდთა სკოლიოზი: 11–18 წელი
ზრდასრულთა სკოლიოზი: 18+ წელი
სიმძიმის მიხედვით:
ექიმის სკოლიოზს გრადუსებში ზომავს — თუ გამრუდება 10 გრადუსზე ნაკლებია, მაშინ პრობლემა არ გაქვთ, ხოლო ამ ნიშნულის გადაჭარბების შემთხვევაში სკოლიოზის დიაგნოზი ისმევა:
- პირველი ხარისხის (მსუბუქი) სკოლიოზი — 10-24 გრადუსი;
- მეორე ხარისხის (საშუალო) სკოლიოზი — 25-39 გრადუსი;
- მესამე ხარისხის (მძიმე) სკოლიოზი — 40 გრადუსი ან მეტი.
გაფრთხილება: ხერხემლის გამრუდების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს, თუ სკოლიოზს სათანადოდ არ უმკურნალებთ.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სკოლიოზს?
თუ პაციენტი არ იმკურნალებს, სკოლიოზის მძიმე შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს:
- ხანგრძლივი ტკივილი;
- ფიზიკური დეფორმაცია;
- ორგანოების დაზიანება;
- ნერვების დაზიანება;
- ართრიტი;
- ცერებროსპინალური სითხის (თავისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული სითხე) გაჟონვა;
- სუნთქვის გაძნელება.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ხერხემლის გამრუდებას?
სკოლიოზის მკურნალობა ყველა შემთხვევაში საჭირო არ არის. თუ თქვენი ექიმი ამას გირჩევთ, ის განიხილავს რამდენიმე ფაქტორს:
- რა ტიპის სკოლიოზი გაქვთ;
- რამდენად დიდია გამრუდება;
- სკოლიოზის თვალსაზრისით როგორია თქვენი საოჯახო ისტორია;
- რა ასაკის ხართ;
- რამდენი წელია დარჩენილი თქვენი ძვლების სიმწიფემდე.
მკურნალობა ფოკუსირებულია სიმპტომების შემსუბუქებაზე, ხერხემლის ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე, მრუდის პროგრესირების შემცირებაზე და არა აუცილებლად — მის გასწორებაზე.
აღსანიშნავია, რომ სკოლიოზის მკურნალობის ორი გზა არსებობს:
- არაქირურგიული (კონსერვატიული) მკურნალობა;
- ოპერაცია.
არაქირურგიული მკურნალობა
უმეტეს შემთხვევაში სკოლიოზი ოპერაციას არ საჭიროებს. ამის ნაცვლად, ექიმი პირველ რიგში გირჩევთ კონსერვატიულ მკურნალობას, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს:
- ექიმთან ვიზიტი რეგულარულად (ჩვეულებრივ ყოველ ექვს თვეში ერთხელ) გამრუდების ხარისხის მონიტორინგისთვის;
- ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლების ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება (საჭიროებისამებრ ან ექიმის მითითებით);
- ვარჯიში მთავარი კუნთების გასაძლიერებლად და მოქნილობის გასაუმჯობესებლად;
- ზურგის კორსეტის ტარება ხერხემლის გასამაგრებლად;
- სკოლიოზის შესაძლო გამომწვევი სამედიცინო მდგომარეობების მართვა.
შეიძლება ექიმმა გირჩიოთ ფიზიკური თერაპია — ეს დაგეხმარებათ კუნთების გაძლიერებაში და ტკივილის შემსუბუქებაში. ფიზიოთერაპევტი შესაძლოა დაგეხმაროთ:
- ტანდეგობის გაუმჯობესებაში;
- გაწელვითი ვარჯიშების სწორად შესრულებაში.
- თქვენთვის საჭირო ფიზიკური აქტივობების განსაზღვრაში.
სკოლიოზის ოპერაცია
ოპერაცია შეიძლება იყოს ხერხემლის გამრუდების ისეთი ტიპის სამკურნალო საშუალება, რომლის გამოსწორებაშიც არაქირურგიული მეთოდი ვერ გვეხმარება. შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ ოპერაცია:
- ხერხემლის სტაბილიზაციისთვის;
- ბალანსის აღსადგენად;
- ნერვებზე ზეწოლის მოსახსნელად.
აღსანიშნავია, რომ სკოლიოზის ოპერაცია უსაფრთხო პროცედურაა, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გართულებები:
- ინფექცია;
- სისხლდენა;
- სისხლის შედედება;
- ნერვების დაზიანება;
- მოძრაობის შეზღუდვა.
შესაძლებელია თუ არა სკოლიოზის პრევენცია?
სკოლიოზის პრევენციის გზა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ზურგჩანთის ტარებამ შეიძლება ზურგის, მხრების და კისრის ტკივილი გამოიწვიოს, ეს ხერხემლის გამრუდების წარმოქმნის მიზეზი არ ხდება. ამ სამედიცინო მდგომარეობას არც სპორტი იწვევს, თუმცა ზოგიერთ მათგანს უნდა მოერიდოთ იმ შემთხვევაში, თუ სკოლიოზი გაქვთ. ამაში იგულისხმება სპორტის ის სახეობები, რომლებიც ხერხემალზე ზეწოლას იწვევს — მაგალითად, ფეხბურთი, ტანვარჯიში და ცხენოსნობა. თუ ხერხემლის გამრუდება გაქვთ, ასევე უნდა მოერიდოთ სპორტს, რომელიც ზედმეტად ტვირთავს სხეულის ერთ მხარეს — მაგალითად, გოლფი და ჩოგბურთი.
რა შეიძლება ითქვას ცუდი ტანდეგობის შესახებ? ადამიანის დგომის ან ჯდომის პოზას არ გააჩნია გავლენა სკოლიოზის განვითარების შანსებზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არასწორმა ტანდეგობამ შეიძლება ხერხემალსა და ზურგის კუნთებზე ზეწოლა იქონიოს.
როგორ უნდა ვიცხოვროთ ხერხემლის გამრუდებით?
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც სკოლიოზთან ერთად ცხოვრებაში დაგეხმარებათ:
- შეგიძლიათ სპორტისა და ვარჯიშების უმეტესობით დაკავდეთ. ცურვა, პილატესი და სიარული კარგია, რადგან ამ აქტივობებს ნაკლები ზეწოლა აქვს ხერხემალზე და, ამასთან, აძლიერებს ზურგის კუნთებს. თუ ზურგზე ოპერაცია გაქვთ გაკეთებული, მოერიდეთ კონტაქტურ სპორტებს, როგორებიც არის, მაგალითად, ჭიდაობა, რაგბი და ფეხბურთი;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა — ზედმეტმა სიგამხდრემ ან ჭარბწონიანობამ შეიძლება თქვენს ძვლებზე ზეწოლა იქონიოს;
- ივარჯიშეთ სწორი ტანდეგობის შენარჩუნებაში, რათა ზურგის კუნთები და ხერხემალი დაძაბულობისგან დაიცვათ;
- ატარეთ ფეხსაცმელი კარგი საყრდენით;
- რეგულარულად ჩაიტარეთ გამოკვლევები ექიმთან, რათა გაიგოთ, უარესდება თუ არა თქვენი სკოლიოზი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account