
ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს ტვინის მდგომარეობას, რომელიც იწვევს მეხსიერების, აზროვნების, სწავლისა და ორგანიზების უნარების პროგრესულ დაქვეითებას. ეს საბოლოოდ ზემოქმედებს ადამიანის უნარზე, განახორციელოს ძირითადი ყოველდღიური საქმიანობა. საგულისხმოა, რომ ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება. მკვლევრები თვლიან, რომ დაავადების პროცესი შეიძლება პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 10 წლით ან უფრო მეტი ხნით ადრე დაიწყოს. ალცჰაიმერი, ყველაზე ხშირად, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე ზემოქმედებს.
რა განსხვავებაა ალცჰაიმერსა და დემენციას შორის?
დემენცია ადამიანის ფსიქიკური ფუნქციის მდგომარეობას აღწერს. ეს არა კონკრეტულ დაავადებას, არამედ გონებრივი ფუნქციის დაქვეითებას წარმოადგენს, რაც საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებას ხელი შეუშალოს.
დემენციის სტადიები სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია. ყველაზე მსუბუქ ეტაპზე შეიძლება პაციენტმა შეამჩნიოს გონებრივი ფუნქციონირების უმნიშვნელო დაქვეითება და ყოველდღიური დავალებების შესრულებისას გარკვეული დახმარება დასჭირდეს. ყველაზე მძიმე ეტაპზე, ამ თვალსაზრისით ადამიანი მთლიანად სხვებზე ხდება დამოკიდებული.
დემენცია ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციები ან დაავადებები ზემოქმედებს ტვინის ნაწილებზე, რომლებიც დაკავშირებულია სწავლასთან, მეხსიერებასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან ან სასაუბრო ენასთან. ალცჰაიმერის დაავადება კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს დემენციის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რომელიც ამ დაავადების შემთხვევების სულ მცირე ორ მესამედს შეადგენს 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.
რა განსხვავებაა პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებებს შორის?
როგორც ალცჰაიმერი, ისე პარკინსონი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. თუმცა თითოეულ მათგანს ახასიათებს სპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც ტვინის კონკრეტული რეგიონების დაზიანებით არის გამოწვეული. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალცჰაიმერის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მეხსიერების დაქვეითება და აზროვნების გაძნელება, ხოლო პარკინსონის დაავადება ძირითადად მოძრაობისა და მოტორული უნარების დაქვეითებას იწვევს.
ვინ არის დაავადების განვითარების რისკის ქვეშ?
ალცჰაიმერის დაავადება ძირითადად 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე ზემოქმედებს და რაც უფრო მეტად არის თქვენი ასაკი ამ ნიშნულს გადაცილებული, მით მეტია დაავადების განვითარების ალბათობა.
საგულისხმოა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ალცჰაიმერი უფრო ახალგაზრდებშიც — როგორც წესი, 40-დან 50 წლამდე ადამიანებში — ვითარდება. თუმცა ასეთი ფაქტები იშვიათია.
რაც შეეხება ალცჰაიმერის სტატისტიკას — ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 24 მილიონ ადამიანზე ზემოქმედებს. ეს სამედიცინო მდგომარეობა აღენიშნება 65 წელზე უფროსი ასაკის 10 ადამიანიდან ერთს და 85 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების თითქმის მესამედს.
როგორია ალცჰაიმერის სტადიები?
ალცჰაიმერის დაავადების ორგანიზაციები და ექიმები სიმპტომების მიხედვით ამ სამედიცინო მდგომარეობის სტადიების აღსაწერად განსხვავებულ ტერმინებს იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები განსხვავებულია, სტადიები მიჰყვება ერთსა და იმავე ნიმუშს — ალცჰაიმერის სიმპტომები ეტაპობრივად უარესდება.
თუმცა ამ დაავადებას ორი ადამიანი ერთნაირად არ განიცდის. ალცჰაიმერის მქონე თითოეული პაციენტი ეტაპებს სხვადასხვა სიჩქარით გაივლის. ამასთან, ყველა ცვლილება არ გამოვლინდება თითოეულ ადამიანში. ზოგჯერ ექიმებს შეიძლება პაციენტის მდგომარეობის რომელიმე კონკრეტული სტადიისთვის მიკუთვნებაც გაუჭირდეთ.
ზოგიერთი ორგანიზაცია და ექიმი ალცჰაიმერის დაავადების ეტაპებს დემენციის თვალსაზრისით აყალიბებს:
- პრეკლინიკური ალცჰაიმერის დაავადება;
- მსუბუქი კოგნიტიური დაქვეითება ალცჰაიმერის გამო;
- ალცჰაიმერით გამოწვეული მსუბუქი დემენცია;
- ზომიერი დემენცია ალცჰაიმერის გამო;
- ალცჰაიმერით გამოწვეული მძიმე დემენცია.
სხვა ორგანიზაციები და ექიმები უფრო ფართო განმარტებებს იყენებენ:
- მსუბუქი;
- საშუალო;
- მძიმე.
ან:
- ადრეული;
- შუა;
- გვიანდელი.
როგორია ალცჰაიმერის ნიშნები და სიმპტომები?
ალცჰაიმერის ნიშნები და სიმპტომები დაავადების სტადიის მიხედვით განსხვავებულია. ზოგადად მისი სიმპტომები მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ზოგიერთის, უმეტესობის ან ყველას თანდათანობით გაუარესებას:
- მეხსიერება;
- რთული ამოცანების შესახებ მსჯელობა და მათთან გამკლავება;
- ენობრივი უნარები;
- ვიზუალური ფორმისა და სივრცის ურთიერთობის გააზრება;
- ქცევა და პიროვნულობა.
მეხსიერების დაქვეითების ან ალცჰაიმერის დაავადების სხვა ნიშნების მქონე ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ საკუთარი გონებრივი რეგრესის შემჩნევა — ეს ნიშნები შეიძლება უფრო აშკარა იყოს მათ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. ნებისმიერმა, ვისაც დემენციის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება, ექიმს რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს.
მსუბუქი სტადიის სიმპტომები
ალცჰაიმერის სიმპტომები შესამჩნევი ხდება ამ სტადიაზე. ყველაზე გავრცელებული ადრეული ნიშნებია ახლად შესწავლილი ინფორმაციის დავიწყება, ეს განსაკუთრებით ეხება ბოლო მოვლენებს, ადგილებსა და სახელებს.
ალცჰაიმერის მსუბუქ სტადიაზე შეიძლება პაციენტს ასევე:
- უჭირდეს აზრების გამოსახატად სწორი სიტყვების პოვნა;
- ახასიათებდეს ნივთების დაკარგვა ან არასწორად განთავსება ჩვეულებრივზე ხშირად;
- ჰქონდეს გეგმების შედგენის ან ორგანიზების პრობლემა;
- უჭირდეს პრობლემების გადაჭრა;
- რუტინული ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდებოდეს.
ალცჰაიმერის მსუბუქ სტადიაზე მყოფი ადამიანების უმეტესობას ნაცნობი სახეების ამოცნობის პრობლემა არ აქვს და, როგორც წესი, ნაცნობ ლოკაციებზე მიგნებაც არ უჭირს.
საშუალო სტადიის სიმპტომები
როგორც წესი, ეს ყველაზე გრძელი ეტაპია და შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ სტადიაზე მყოფი ავადმყოფები ხშირად საჭიროებენ მოვლასა და დახმარებას.
ალცჰაიმერის საშუალო სტადიაზე პაციენტებს ასევე შეიძლება:
- გაუმძაფრდეთ მეხსიერების დაქვეითება და დაბნეულობა, ხშირად დაავიწყდეთ მოვლენები ან დეტალები საკუთარი ცხოვრების შესახებ, როგორებიც არის, მაგალითად, ტელეფონის ნომერი ან სკოლა, რომელშიც სწავლობდნენ;
- აღენიშნებოდეთ მზარდი დაბნეულობა კვირის დღეების, წელიწადის დროებისა და საკუთარი ადგილსამყოფლის შესახებ;
- ჰქონდეთ სუსტი მოკლევადიანი მეხსიერება;
- უჭირდეთ ოჯახის წევრებისა და მეგობრობის ცნობა;
- ახასიათებდეთ მათ გონებაში არსებული ისტორიების, აზრების ან მოვლენების გამეორება;
- უჭირდეთ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ჩატარება;
- აღენიშნებოდეთ პიროვნული ცვლილებები, მათ შორის, აჟიტირებულობა. დაავადების პროგრესირებისას მათ შეიძლება გამოუვლინდეთ დეპრესია, აპათია ან შფოთვა;
- განუვითარდეთ უსაფუძვლო ეჭვები ოჯახის, მეგობრებისა და მომვლელების მიმართ;
- გამოუვლინდეთ ძილის დარღვევები;
- განუვითარდეთ შარდვის ან დეფეკაციის კონტროლის დაკარგვა;
- ახასიათებდეთ საცხოვრებელი ადგილიდან წასვლა და უმიზნო ხეტიალი.
ალცჰაიმერის მძიმე სტადიის სიმპტომები
ალცჰაიმერის ბოლო ეტაპზე დემენციის სიმპტომები მძიმეა. ამ სტადიაზე მყოფ ადამიანებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ.
ამ ეტაპზე ავადმყოფი ხშირად:
- თითქმის სრულად კარგავს მეხსიერებას;
- ვერ იაზრებს მის ირგვლივ არსებულ გარემოს;
- დახმარებას საჭიროებს ყოველდღიური ცხოვრების ყველა ძირითად საქმიანობაში, როგორიც არის, მაგალითად, ჭამა, ჯდომა და სიარული;
- კარგავს კომუნიკაციის უნარს — მისი მეტყველება შემოიფარგლება რამდენიმე სიტყვით ან ფრაზით;
- ხდება დაუცველი ინფექციების, განსაკუთრებით პნევმონიის და კანის ინფექციების მიმართ.
რა იწვევს ალცჰაიმერს?
ალცჰაიმერს ტვინში გარკვეული ცილების (ამილოიდური და ტაუ პროტეინები) არანორმალური დაგროვება იწვევს.
ადამიანის ტვინი შეიცავს 100 მილიარდზე მეტ ნერვულ და სხვა უჯრედებს. ნერვული უჯრედები ერთად მუშაობს ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც საჭიროა ისეთი ფუნქციების შესასრულებლად, როგორებიც არის აზროვნება, სწავლა, დამახსოვრება და დაგეგმვა.
მეცნიერები თვლიან, რომ ამილოიდური და ტაუ ცილების დაგროვება იწვევს ნერვულ უჯრედებს შორის კომუნიკაციის დაბლოკვას, რაც მათ ხელს უშლის თავიანთი პროცესების განხორციელებაში.
ნერვული უჯრედების ნელი და უწყვეტი სიკვდილი ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებს იწვევს. მათი განადგურება იწყება ტვინის ერთ უბანში (ჩვეულებრივ, ჰიპოკამპუსში, რომელიც მეხსიერებას აკონტროლებს) და შემდეგ სხვებზეც ვრცელდება.
მიუხედავად მიმდინარე კვლევებისა, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რა იწვევს ამ ცილების დაგროვებას — ჯერჯერობით, მათ მიაჩნიათ, რომ ალცჰაიმერის დაავადების მიზეზი შეიძლება გენეტიკური მუტაცია იყოს. მათი აზრით, ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე გამოვლენილ ალცჰაიმერს იწვევს ტვინის ცვლილებების კომპლექსური სერია, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდეს. ამას, სავარაუდოდ, ხელს უწყობს გენეტიკური, გარემო და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორების კომბინაცია.
არის თუ არა ეს ნეიროდეგენერაციული დაავადება მემკვიდრეობითი?
მკვლევრებმა არ იციან, თუ რატომ ავადდება ზოგიერთი ადამიანი ალცჰაიმერით, ზოგი კი — არა. თუმცა მათ მიერ გამოვლენილ რამდენიმე ფაქტორს შორის გენეტიკაც (მემკვიდრეობა) არის.
თუ გყავთ პირველი რიგის ნათესავი (ბიოლოგიური მშობელი ან დედმამიშვილი), რომელიც ალცჰაიმერით არის დაავადებული, თქვენთვის ამ სამედიცინო მდგომარეობის განვითარების რისკი 10%-30%-ით იზრდება. ხოლო თუ თქვენს ორ ან მეტ დედმამიშვილს გვიანდელ ეტაპზე გამოვლენილი ალცჰაიმერი აღენიშნება, მთლიან მოსახლეობასთან შედარებით, სამჯერ მეტია შანსი, რომ ეს დაავადება თქვენც განგივითარდებათ.
ამასთან, დაუნის სინდრომი ასევე ზრდის ადრეული ალცჰაიმერის განვითარების რისკს.
როგორ სვამენ ამ დაავადების დიაგნოზს?
ექიმები იყენებენ რამდენიმე მეთოდს იმის დასადგენად, აქვს თუ არა მეხსიერების პრობლემების მქონე ადამიანს ალცჰაიმერის დაავადება. ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრმა სხვა სამედიცინო მდგომარეობამ, განსაკუთრებით ნევროლოგიურმა, შეიძლება ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოიწვიოს.
ალცჰაიმერის დიაგნოზის საწყის ეტაპზე ექიმი პაციენტს უსვამს კითხვებს მისი ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. ექიმმა ასევე შეიძლება პაციენტის ახლობელს ან მომვლელს დაუსვას კითხვები შემდეგი საკითხების შესახებ:
- ზოგადი ჯანმრთელობა;
- მედიკამენტები, რომლებსაც პაციენტი მოიხმარს;
- სამედიცინო ისტორია;
- ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების უნარი;
- განწყობის, ქცევისა და პიროვნული ცვლილებები;
ექიმი პაციენტს ასევე:
- ჩაუტარებს ფიზიკურ და ნევროლოგიურ გამოკვლევას;
- ჩაუტარებს გონებრივი მდგომარეობის გამოცდას, რომელიც მოიცავს ტესტებს მეხსიერების, პრობლემის გადაჭრის, ყურადღების, ძირითადი მათემატიკისა და საკომუნიკაციო ენის შესაფასებლად;
- დაუნიშნავს სტანდარტულ სამედიცინო გამოკვლევებს, როგორებიც არის სისხლისა და შარდის ანალიზები. ამის მიზანი სიმპტომების სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვაა;
- დაუნიშნავს ტვინის ვიზუალიზაციის გამოკვლევებს ალცჰაიმერის დიაგნოზის დასადასტურებლად ან სხვა შესაძლო მდგომარეობების გამოსარიცხად.
რამდენად შესაძლებელია ალცჰაიმერის პრევენცია?
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ალცჰაიმერის გარკვეული რისკ-ფაქტორები (მაგალითად, ასაკი და გენეტიკა), რომლებსაც ვერ შეცვლით, შეგიძლიათ მართოთ სხვა პირობები, რათა დაავადების განვითარების რისკები შეამციროთ.
ალცჰაიმერის დაავადების რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი;
- გენეტიკა;
- თავის ტრავმული დაზიანება;
- დეპრესია;
- გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური დაავადება;
- მაღალი წნევა;
- ქოლესტერინის მაღალი დონე;
- დიაბეტი;
- თამბაქოს მოხმარება;
- ჭარბწონიანობა.
ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის შემცირებაში კი შემდეგი სტრატეგიები დაგეხმარებათ:
- შეინარჩუნეთ გონებრივი აქტიურობა;
- იყავით ფიზიკურად აქტიური;
- შეინარჩუნეთ სოციალური აქტიურობა;
- იკვებეთ ჯანსაღად.
თუ ეჭვობთ, რომ ალცჰაიმერის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებით, ექიმს მიმართეთ.
რას მოიცავს დაავადების მკურნალობა?
ალცჰაიმერის განკურნების საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გარკვეული მედიკამენტები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც სიმპტომების შემსუბუქებაში და დაავადების პროგრესირების შეფერხებაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია კარიერი (Carrier), რომელიც დემენციის მქონე პაციენტებში კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება.
ალცჰაიმერთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება ასევე გირჩიოთ ანტიდეპრესანტების, შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ან ანტიფსიქოტიკების მიღება. ეს სიმპტომები განსხვავდება დაავადების პროგრესირების მიხედვით, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს:
- დეპრესიას;
- ღამით ძილის გაძნელებას;
- მღელვარებას;
- ჰალუცინაციებს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები განაგრძობენ ალცჰაიმერის სიმპტომების გამოვლენამდე დიაგნოსტირების გზების ძიებას. ეს შეიძლება ადამიანებს მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებაში და უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმაროს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account