კისრის ტკივილი — ყველაფერი, რაც ცერვიკალგიის შესახებ უნდა ვიცოდეთ

კისრის ტკივილი, რომელსაც ასევე ცერვიკალგიას უწოდებენ, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა — ეს სამედიცინო მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანში, მათ შორის ბავშვებშიც. 

 

კისერს რთული სამუშაო აქვს — ის მთელი დღის განმავლობაში ქმნის საყრდენს ადამიანის თავისთვის, რომელიც არც ისე მსუბუქია. ისეთმა ფაქტორებმა კი, როგორებიც არის არასწორ პოზაში ძილი და მთელი დღის განმავლობაში არასწორი ტანდეგობის შენარჩუნება, შეიძლება კისრის ტკივილი გამოიწვიოს. 

რა ტიპის შეიძლება იყოს ცერვიკალგია?

 

კისრის ტკივილის სხვადასხვა ტიპებია:

 

  • ღერძული ტკივილი, რომელიც ძირითადად კისერში იგრძნობა;
  • რადიკულური ტკივილი, რომელიც ვრცელდება სხვა ადგილებზეც, როგორებიც არის, მაგალითად, მხრები ან მკლავები;
  • კუნთების სპაზმი — უეცარი ტკივილი ან დაძაბულობა კისრის კუნთებში;
  • კისრის დაძაბვა, რომელსაც ადგილი აქვს უეცარი ფორსირების ან მოძრაობის შემდეგ.

რა სიმპტომები ახლავს თან კისრის ტკივილს?

 

თუ კისერი გტკივათ, შეიძლება სხვა სიმპტომებიც გამოგივლინდეთ:

 

  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება, როდესაც თავი გაქვთ გარკვეულ პოზაში კომპიუტერთან მუშაობისას, მანქანის მართვისას ან სხვა მოქმედებების შესრულებისას;
  • კუნთების დაჭიმულობა ან სპაზმი;
  • კისრის ან თავის მოძრაობის გართულება;
  • თავის ტკივილი.

 

კისრისა და თავის ტკივილი

 

ზოგჯერ შეიძლება თავისა და კისრის ტკივილი ერთად გქონდეთ. ამის შესაძლო მიზეზებია:

 

  • შაკიკი;
  • სინუსებითა და დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, რომელმაც შეიძლება კისერზეც იმოქმედოს;
  • არასწორი ტანდეგობა;
  • ტრავმები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც თავის, ისე კისრის ტკივილი, ზოგჯერ თავის ქალას, ხერხემლის ან ნერვების სერიოზული დაზიანება;
  • ტვინის შერყევა;
  • მენინგიტი (თავის ტვინის ლორწოვანი გარსების ინფექცია);
  • ართრიტი ან ხერხემლის პრობლემები, რომლებსაც შეუძლია ნერვების შეკუმშვა. ეს უკანასკნელი კი თავისა და კისრის ტკივილს იწვევს;
  • ხერხემლის დისკის დაზიანება;
  • სისხლდენა ტვინიდან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავისა და კისრის სერიოზული ტკივილი, ასევე კრუნჩხვა ან გონების დაკარგვა.

ცერვიკალგია და თავბრუსხვევა 

 

თუ კისრის ტკივილი და თავბრუსხვევა ერთდროულად გაწუხებთ, ამ მდგომარეობის გამომწვევი შეიძლება იყოს:

 

კისრის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება 

 

ჯანმრთელობის მდგომარეობამ, როგორებიც არის კისერთან დაკავშირებული ვერტიგო (მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს ცრუ შეგრძნება, რომ თავად ის, გარემო ან ორივე ერთად ბრუნავს ან მოძრაობს) და მენინგიტი, შეიძლება კისრის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს. ამ სიმპტომების ძირეული მიზეზის გასარკვევად აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ცერვიკალგია?

 

კისრის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს:

 

  • არასწორი ტანდეგობა;
  • სტრესი და ემოციური დაძაბულობა;
  • ძილის ცუდი ჩვევები;
  • მძიმე ჩანთის ტარება;
  • კისრის თიაქარი;
  • სპორტული ან სხვა სახის დაზიანებები;
  • ავტოავარია;
  • ართრიტი;
  • ინფექცია;
  • სიმსივნეები;
  • დაზიანებული მალები;
  • ფიბრომიალგია (ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ფართოდ გავრცელებული კუნთოვანი ტკივილით, დაღლილობით და ძილის დარღვევებით);
  • სპინალური სტენოზი (ხერხემლის არხის შევიწროება).

შეიძლება, კისრის ტკივილი რაიმე სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს?

 

დიახ, კისრის ტკივილი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის სიმპტომი, როგორებიც არის, მაგალითად, ტრავმული დაზიანება ან ინსულტი. დაუკავშირდით ექიმს, თუ კისრის ტკივილი დისკომფორტს გიქმნით ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ დახმარებას, თუ ის:

 

  • მოჰყვება ავარიას;
  • გაერთიანებულია შარდვის ან დეფეკაციის კონტროლის დაკარგვასთან;
  • არ ქრება, მიუხედავად იმისა, უძრავად ხართ, თუ მოძრაობთ;
  • გაერთიანებულია თავის ტკივილთან, თავბრუსხვევასთან, გულისრევის შეგრძნებასთან ან ღებინებასთან;
  • ჩნდება შემცივნებასთან, ცხელებასთან ან წონის აუხსნელ კლებასთან ერთად;
  • იწვევს დაბუჟებას ან ჩხვლეტას მკლავებში, მხრებში ან ფეხებში;
  • იწვევს ფეხების სისუსტეს ან კოორდინაციის პრობლემებს თქვენს მკლავებში ან ფეხებში;
  • არ უმჯობესდება ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებით;
  • ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება.

 

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ თუ პაციენტმა ცერვიკალგია უყურადღებოდ დატოვა და სათანადოდ არ უმკურნალა, შეიძლება შემდეგი გართულებები გამოვლინდეს:

 

  • ქრონიკული ტკივილი;
  • მოძრაობის შეზღუდვა;
  • კანის დაბუჟება და მგრძნობელობის დარღვევა;
  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა;
  • ძილთან დაკავშირებული დარღვევები;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები.

 

ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ცერვიკალგიის დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარება.

როგორ მოვირჩინოთ კისრის ტკივილი?

 

კისრის ტკივილის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს წამლების (მაგალითად მალამოს/გელის, სპრეის, აბების ან საინიექციო სუსპენზიის) ან სხვადასხვა საფიქსაციო საშუალებების გამოყენებას, ასევე ფიზიოთერაპიას.

 

იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, ოპერაციაც კი გახდეს საჭირო.

 

მკურნალობის მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებთან ერთად, შესაძლოა, ექიმმა რეკომენდაცია გაუწიოს:

 

  • მტკივნეულ ადგილზე ცივი ან თბილი კომპრესების დადებას ტკივილისა და ანთების შესამცირებლად;
  • სამკურნალო მასაჟებს;
  • ცხოვრების წესის ცვლილებებს, რაშიც იგულისხმება: სწორი ტანდეგობის შენარჩუნება, გარკვეული ვარჯიშების შესრულება, ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ რეგულარული შესვენებების დაგეგმვა, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. საგულისხმოა, რომ მოწევა აზიანებს ძვლის სტრუქტურას, აჩქარებს მალთაშუა დისკის დეგენერაციული დაავადების განვითარებას და ანელებს გამოჯანმრთელების პროცესს.

 

როგორ შეგვიძლია ამ სიმპტომის პრევენცია?

 

კისრის ტკივილის თავიდან აცილებაში შემდეგი რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ:

 

  • სწორი, ჯანსაღი ტანდეგობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში (ჯდომისას, დგომისას, წოლისას და სხვადასხვა აქტივობისას);
  • სამუშაო კუთხის ადაპტაცია — დაარეგულირეთ თქვენი მაგიდა, სკამი და მონიტორი ისე, რომ ეს უკანასკნელი თვალების დონეზე იყოს განთავსებული და სწორ პოზაში იჯდეთ;
  • რეგულარული შესვენებები — ხანგრძლივი ჯდომისას, განსაკუთრებით კომპიუტერთან მუშაობისას, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წამოდექით და შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები კისრისა და მხრების კუნთების გასაჭიმად;
  • ფიზიკური აქტივობა რეგულარული ვარჯიში, როგორიცაა ცურვა ან ფეხით სიარული, კისრის კუნთებს გაძლიერებასა და მოქნილობის გაუმჯობესებაში ეხმარება;

სტრესის მართვა — ემოციური დაძაბულობა კისრის კუნთების დაჭიმვას იწვევს, ამიტომ, კისრის ტკივილის თავიდან ასაცილებლად, ამ პრობლემის მოგვარებაც აუცილებელია.