
სენადექსინი მცენარეული საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში იწარმოება. პრეპარატის ერთი ტაბლეტი 0,07 გ სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით მასში ასევე შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნიპაგინი, ვანილინი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი და ტალკი.
მედიკამენტი სენადექსინისა და სენადექსინი ნეოს (ნეოფარმის წარმოება) სავაჭრო სახელითაა ხელმისაწვდომი და PSP-ის აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე გაიცემა.
სენადექსინის დანიშნულება და მოქმედების მექანიზმი
სენადექსინი სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობის სამკურნალოდ გამოიყენება და განსაკუთრებით ეფექტიანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონიისა და ატონიის, მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნების დროს. მსგავსი მდგომარეობა შეიძლება ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ განვითარდეს.
პრეპარატი უზრუნველყოფს ფეკალიის რეგულირებას ბუასილის, პროქტიტისა და ანალური ნახეთქებისას. სენადექსინს ხშირად მიმართავენ რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის პაციენტის მომზადების დროსაც.
სენადექსინში შემავალი სინამაქის ფოთლები A და B სენოზიდებისგან შედგება. სენოზიდები ნაწლავის ბაქტერიების მიერ გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებენ. სენადექსინის მოქმედება ასტიმულირებს პერისტალტიკას, ნაწლავის კუნთების რიტმულ შეკუმშვას და ზრდის წყლისა და ელექტროლიტების სეკრეციას მსხვილ ნაწლავში, არბილებს განავალს და ხელს უწყობს ნაწლავის მოძრაობას.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არჩევითად მოქმედებს ნაწლავზე და მის ნორმალურ ფუნქციონირებას აღადგენს. სენადექსინი არ იწვევს შეჩვევას და საჭმლის მონელებაზე არ მოქმედებს.
პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
სენადექსინის მიღების წესი მარტივია. ის პერორალური პრეპარატია და მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით უნდა გადაიყლაპოს. სენასექსინს მოქმედების დასაწყებად, ორგანიზმში მოხვედრიდან, 8-12 საათი სჭირდება.
რაც შეეხება სენადექსინის დოზირებას, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში რეკომენდებულია 1 ან 2 ტაბლეტი. სენადექსინის მიღება სასურველია საღამოს, ძილის წინ. თუ პრეპარატი ამ დოზებით ეფექტიანი არ აღმოჩნდება, რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის კორექცია - გაზრდა 2 ან 3 ტაბლეტამდე ერთ მიღებაზე.
1-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებში დასაშვებია მოზრდილთა დოზის ერთი მესამედის გამოიყენება. პრეპარატი პატარებს საღამოს, ძილის წინ უნდა მისცეთ.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა მოზრდილთა დოზის ნახევარი ერთჯერად, ამ შემთხვევაშიც ძილის წინ უნდა მიიღონ.
როდის შევიკავოთ თავი სენადექსინის გამოყენებისგან?
სენადექსინის გამოყენება არ არის სასურველი პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. მას უნდა მოერიდოთ ასევე ნაწლავების გაუვალობის, სპასტიკური კოლიტისა და აპენდიციტის დროს.
პრეპარატი არ არის რეკომენდებული სპასტიკური ყაბზობის შემთხვევაშიც. მისი გამოყენებისგან თავი შეიკავეთ მუცლის არეში მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.
არ მიიღოთ პრეპარატი თუ გაქვთ პერიტონიტი, ცისტიტი, მეტრორაგია, ჩაჭედილი თიაქარი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა.
ამასთან, სენადექსინი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებით. სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც, ასევე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება შარდის ფერი შეიცვალოს, რაც კლინიკურად უმნიშვნელოა. შარდის ბუნებრივი ფერი სენადექსინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღდგება.
პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
გართულებების თავიდან ასარიდებლად სენადექსინის ინსტრუქციას გულდასმით უნდა გაეცნოთ, თუმცა შესაძლოა რიგი გვერდითი ეფექტები მაინც გამოვლინდეს, როგორც პრეპარატების უმეტესობის შემთხვევაში ხდება.
სენადექსინის მიღების შემდეგ ზოგჯერ მუცლის არეში ჭვალის მაგვარი ტკივილები იჩენს თავს, ხან კი ენტეროკოლიტი ან მეტეორიზმი ვითარდება.
პრეპარატის გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. სენდაქსენის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში ზოგჯერ, მეტაბოლური დარღვევებით, დიარეა ვითარდება.
დოზის გადაჭარბებისას შეინიშნება გაძლიერებული აირწარმოქმნა ნაწლავებში და ფაღარათი. ასეთ დროს დოზა უნდა შემცირდეს ან პაციენტმა პრეპარატის მიღება შეწყვიტოს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account