მიდოკალმი - პრეპარატი ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ

მიდოკალმი კუნთების რელაქსანტია, რომელიც უნგრეთსა და გერმანიაში იწარმოება. პრეპარატი ტაბლეტებისა და საინიექციო ხსნარის ფორმით არის ხელმისაწვდომი და  აქტიურ ნივთიერება ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდს შეიცავს.

საინიექციო ხსნარის 1 მლ-ში 100 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდი და 2,5 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შედის. პრეპარატის მყარი ფორმა კი ხელმისაწვდომია 50 მგ, 150 მგ და 450 მგ ტოლპერიზონის ჰიდროქლორიდის შემცველობით.

მიდოკალმი 50 მგ-ისა და მიდოკალმი 150 მგ-ის ერთ კოლოფში 30 დრაჟეა, მიდოკალმი ლონგი 450 მგ-ის ერთ შეკვრაში კი - 30 ტაბლეტი. საინიექციო ხსნარის ერთი შეფუთვაში მიდოკალმი 100 მგ-ის 5 ამპულა შედის. PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რისი წამალია მიდოკალმი?  

მიდოკალმი ნერვული სისტემის ორგანულ დაავადებათა შემთხვევაში, მათ შორის პირამიდული გზების დაზიანების, მრავლობითი სკლეროზის, ცერებროვასკულარული ინსულტის, მიელოპათის, ენცეფალოპათიისა და სხვ პრობლემების დროს წარმოქმნილი განივზოლიანი მუსკულატურის ჰიპერტონუსისა და სპასტიკურობის მკურნალობისთვის გამოიყენება.

მას მიმართავენ ასევე კუნთური ჰიპერტონიისა და სპაზმის სამკურნალოდ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს, მაგალითად, როგორიცაა სპონდილოზი, სპონდილოართროზი, კისრის სინდრომი, ლუბმალური სინდრომი და მსხვილი სახსრების ართროზი.

მიდოკალმი ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდშიც გამოიყენება. ის რეკომენდებულია არტერიების ვაზოსპაზმით, სისხლძარღვების ინერვაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებათა მკურნალობისთვის.

ბავშვებში პრეპარატით მკურნალობენ დისტონიით მიმდინარე ლიტლის დაავადებასა და ენცეფალოპათიას.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი?  

მიდოკალმის საინიექციო ხსნარი ინიშნება დოზით 200 მგ დღეში. 1 ამპულა (100მგ) დღეში 2-ჯერ უნდა გაიკეთოთ კუნთებში ან 1 ამპულა ყოველდღიურად ინტრავენურად.

მიდოკალმი ლონგი, რომელიც პრეპარატის გახანგრძლივებული გამოყოფის ვერსიაა, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ორგანიზმის მიერ თერაპიის ამტანობის გათვალისწინებით ინიშნება.

პაციენტები, რომლებიც ტოლპერიზონის 150 მგ-იან დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებს იღებენ, შეიძლება მიდოკალმი ლონგის 450 მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ტაბლეტებზე გადავიდნენ. ეს უნდა მოხდეს 150 მგ-იანი ტაბლეტების ბოლო დოზის მიღებიდან მეორე დღეს.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმა არ არის ნაჩვენები პირებისთვის, რომლებშიც თერაპიული ეფექტი მიდოკალმი 50 მგ-ის გამოყენებისას მიიღწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტოლპერიზონის დღიური მოთხოვნილება მათ შემთხვევაში 450 მგ-ზე ნაკლებია.

ბავშვისთვის მიზანშეწონილია მიდოკალმი 50 მგ-ის ტაბლეტის გამოწერა, ვინაიდან პატარებისთვის რეკომენდებული დოზა შედარებით დაბალია.

მიდოკალმის ტაბლეტები პერორალური გზით, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით მიიღება. წამალი ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ. უზმოზე მიღებისას ტოლპერიზონის ბიოშეღწევადობა მცირდება. ტაბლეტების გატეხა ან დაღეჭვა რეკომენდებული არ არის.

როდის შევიკავოთ თავი მიდოკალმის გამოყენებისგან? 

მედიკამენტს უნდა მოერიდოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. მიდოკალმის გამოყენება არ არის რეკომენდებული მძიმე მიასთენიის დროსაც.

გარდა ამისა, პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში, როცა სარგებელი ნაყოფისთვის ზიანის მიყენების რისკზე მცირეა. მიდოკალმის გამოყენებისგან თავის შეკავებაა საჭირო ლაქტაციის დროსაც, ვინაიდან უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატში შემავალი ნივთიერებები დედის რძეში.

პრეპარატის საინიექციო ხსნარი, ასევე მიდოკალმი ლონგი 450 მგ და მიდოკალმი 150 მგ არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. პატარებში მედიკამენტის მხოლოდ დაბალი დოზის, მიდოკალმი 50 მგ-ის გამოყენებაა დაშვებული.

მიდოკალმი ლონგის გამოყენებას უნდა მოერიდოთ გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტაზური დეფიციტისა და გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის დროს.

პრეპარატის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები მიდოკალმის გამოყენებასაც შეიძლება ახლდეს თან. მათ შორის, ზოგჯერ კუნთების სისუსტე,  ძილიანობა, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება და მუცლის არეში დისკომფორტის შეგრძნება აღინიშნება. როგორც წესი, დოზის შემცირების შემდეგ, უკუმოქმედების ეს გამოვლინებები სუსტდება და ქრება.

მიდოკალმის გამოყენების შემდეგ, იშვიათად, შეიძლება მომატებული მგრძნობელობის რეაქციებიც გამოვლინდეს, მათ შორის კანის ქავილი, ერითემა, ჭინჭრის გამონაყარი, ანგიოედემა, ანაფილაქსიური შოკი და დისპნოე.

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას შეიძლება შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში. ასევე ზოგჯერ აღინიშნება ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკინეზი, ვერტიგო და ძილიანობა.

მძიმე შემთხვევებში დოზის გადაჭარბება კრუნჩხვებს, სუნთქვის გაძნელებას, აპნოესა და კომასაც კი იწვევს. აქედან გამომდინარე, მკურნალობისას ექიმის მითითებების ზუსტად შესრულება, გართულებების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია.