სემილაქტი — რა უნდა ვიცოდეთ ეფექტიანი შარდმდენი მედიკამენტის შესახებ

დიურეზული (შარდმდენი) საშუალებები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმიდან შარდის გამოყოფას აძლიერებენ და ამასთანავე ამცირებენ ქსოვილებსა და სეროზულ ღრუებში სითხის ოდენობას.

ამ საშუალებებს  უმთავრესად ორგანიზმში სითხის შეკავებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ, განსაკუთრებით - სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის, ნეფროზული სინდრომისა და ღვიძლის ციროზის დროს. 

სემილაქტი ერთ-ერთი ხშირად დანიშნვადი და ეფექტიანი დიურეზული პრეპარატია, რომელიც ნაჩვენებია შეშუპებითი სინდრომის, გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის დროს. მისი შეძენა შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში, ურეცეპტოდ.

რა არის სემილაქტი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი? 

სემილაქტი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც გამოდის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის სახით და შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: სპირონოლაქტონს (50 მგ ან 100 მგ), ფუროსემიდს (20 მგ) და დამხმარე ნივითიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, პოვიდონ K25-ს, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, ნატრიუმის ლაურილსულფატს, მაგნიუმის სტეარატს. 

პრეპარატი სემილაქტის დიურეზულ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას განაპირობებს სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების შერწყმა.

სპირონოლაქტონი - კალიუმდამზოგველი დიურეზული საშუალებაა, რომელსაც გააჩნია ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიკური ანტაგონისტის პროლონგირებული მოქმედება. მისი მოქმედებით იზრდება წყლის, ნატრიუმის იონებისა და ქლორის ექსკრეცია შარდთან ერთად, ასევე მცირდება კალიუმის იონების და შარდოვანას გამოყოფა და ქვეითდება შარდის მჟავიანობა.

ფუროსემიდი - ძლიერმოქმედი “მარყუჟოვანი” შარდმდენი საშუალებაა, რომელიც აბლოკირებს ნატრიუმისა და კალიუმის იონების, ქლორიდებისა და მაგნიუმის აქტიურ რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის აღმავალ მუხლში, ასევე თირკმლების პროქსიმალურ და დისტალურ ხვეულ მილაკებში. ფუროსემიდი ასევე ზრდის წყლის ექსკრეციას შარდთან ერთად.

ფუროსემიდის დიურეზული მოქმედება ხანმოკლეა და ჩვეულებრივ იწყება მედიკამენტის მიღებიდან 1 საათის შემდეგ. ეფექტი გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.

სპირონოლაქტონის მოქმედება კი არის ნელი და ხანგრძლივი. მაქსიმალური ეფექტი, როგორც წესი, მიიღწევა 2-3-დღიანი მკურნალობის შემდეგ. 

როგორია პრეპარატის გამოყენების წესი და დოზები

სემილაქტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებში გამოსაყენებლად. პრეპარატი უნდა მიიღოთ პერორალურად, აუცილებლად მთლიანად, დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საუზმის ან სადილის დროს, რადგან საღამოს მისმა მიღებამ შეიძლება გაიზარდოს ღამის დიურეზი.

მოზრდილებში: სემილაქტის 50/20 მგ რეკომენდებული დოზა შეადგენს დღე-ღამეში 1-4 ტაბლეტს, პრეპარატ სემილაქტის 100/20 მგ რეკომენდებული დოზა შეადგენს დღე-ღამეში 1-2 ტაბლეტს.

გაფრთხილება: პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის!

რა შეიძლება მოჰყვეს პრეპარატის დოზის გადაჭარბებას? 

პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მძიმე ჰიპოტენზია (პროგრესირებადი, შოკამდე), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თრომბოზი, ბოდვითი მდგომარეობა, პერიფერიული დამბლა, აპათია და ცნობიერების არევა.

ასეთ შემთხვევებში სპეციალური ანტიდოტი ცნობილი არ არის, თუმცა თუ პრეპარატის მიღებიდან მცირე დროა გასული, პირველი სამედიცინო დახმარების სახით ნაჩვენების კუჭის გამორეცხვა და გააქტიურებული ნახშირის მიღება.

უფრო რთულ შემთხვევებში, უნდა მოხდეს პაციენტზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა სტაციონარის პირობებში.

ვისთვის არ შეიძლება სემილაქტის მიღება?

სემილაქტის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ;

ასევე მათთვის, ვისაც აქვს:

  • ჰიპოვოლემია ან გაუწყლოება (ჰიპოტენზიის არსებობისას ან არარსებობისას);
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა და კრეატინინის კლირენსი;
  • თირკმლის უკმარისობა ანურიით ან ანურია, რომელიც არ პასუხობს ფუროსემიდით თერაპიას;
  • თირკმლის უკმარისობა ჰეპატოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური  ნივთიერებებით მოწამვლის/თირკმლის უკმარისობის დროს, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის კომით;
  • ჰიპერკალიემია;
  • მძიმე ჰიპოკალიემია;
  • მძიმე ჰიპონატრიემია;
  • ადისონის დაავადება;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი. 

რა არასასურველი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს სემილაქტის მიღებისას?

პრეპარატი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, თუმცა იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი რეაქციები, როგორებიცაა:

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივი რეაქციები: ძვლის ტვინის დათრგუნვა, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, აპლასტური ანემია ან ჰემოლიზური ანემია.

ნერვული სისტემის მხრივი რეაქციები: ძილიანობა, თავის ტკივილი, ატაქსია, პარესთეზია, ცნობიერების არევა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, თავბრუსხვევა, გულის წასვლა (გამოწვეულია სიმპტომატური ჰიპოტენზიით).

თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივი რეაქციები: კალციუმის დონის შემცირება სისხლის შრატში, ტეტანია, ნეფროკალცინოზი და ნეფროლითიაზი დღენაკლულ ჩვილებში. შარდის გაძლიერებული წარმოქმნის გამო, შარდგამომყოფი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს შარდის მწვავე შეკავება.

სმენისა და წონასწორობის მხრივი რეაქციები: სმენის დაქვეითება და ხმაური ყურებში (გარდამავალი), ძალიან იშვიათად – სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი).

სისხლძარღვების მხრივი რეაქციები: ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, სისუსტე, მხედველობის დარღვევები, პირის სიმშრალე.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივი რეაქციები: ღვიძლისშიდა ქოლესტაზი, ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება, მწვავე პანკრეატიტი.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა, ვასკულიტი, ცხელება ან ინტერსტიციალური ნეფრიტი, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, გამონაყარის სხვა სახეები ან ბულოზური დაზიანებები, მრავალფორმიანი ერითემა, ბულოზური პემფიგოიდი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, პურპურა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი.

იმუნური სისტემის მხრივი რეაქციები: ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკი, გამწვავება ან სისტემური წითელი მგლურას აქტივაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი რეაქციები: გულისრევა, ღებინება ან დიარეა. ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მხრივი აუტანლობა და კუჭის წყლული, ზოგჯერ სისხლდენით.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივი რეაქციები: სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება, დოზადამოკიდებული მასტოდინია და შექცევადი გინეკომასტია (ორივე სქესის პაციენტებში), მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პოტენციის დარღვევა მამაკაცებში. 

სუნთქვის, გულ-მკერდისა და შუასაყარის მხრივი რეაქციები:  ხმის შეცვლა, როგორიცაა ხრინწიანი ხმა და ტემბრის დაწევა (ქალებში) ან ტემბრის მომატება (მამაკაცებში). ხმის ცვლილებები შეიძლება პრეპარატის მოხსნის შემდეგაც შენარჩუნდეს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები 

სემილაქტის მიღებისას გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ხმის ცვლილება. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა სამუშაოსთვის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია (მაგალითად, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები). 

მკურნალობის დაწყების წინ აუცილებლად უნდა მიიღოთ ჰიპოტენზიის ან ჰიპოვოლემიის მაკორეგირებელი პრეპარატები.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია მკაცრი დაკვირვება მოხდეს პაციენტთა შემდეგ ჯგუფებზე:

  • ჰიპოტენზიის მქონე ან მისი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები;
  • დიაბეტის მქონე პაციენტები, ან პაციენტები, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ ლატენტური დიაბეტი;
  • პოდაგრის მქონე პირები;
  • ღვიძლის ციროზის ან თირკმელების დარღვევის მქონე პაციენტები;
  • ჰიპოპროტეინემიის მქონე პაციენტები;
  • პაციენტები, რომლებიც იღებენ ფუროსემიდს ან სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰიპოტენზიის გამოწვევა;
  • პაციენტებში, რომლებსაც მომატებეული აქვთ კალიუმის დონე სისხლის შრატში;
  • პაციენტები, რომლებსაც აქვთ ელექტროლიტების დეფიციტი;
  • რადიოკონტრასტული ნეფროპათიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტები;

 

შეიძლება თუ არა პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?

არ მიიღოთ პრეპარატი ორსულობის დროს, თუ არ არსებობს მყარი სამედიცინო ჩვენებები. აქედან გამომდინარე, მკურნალობის აუცილებლობა და შესაბამისი დოზები უნდა განისაზღვროს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.