პულმოლანი — სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ამოსახველებელი მოქმედებით

პულმოლანი (Pulmolan) არის პრეპარატი, რომელსაც ამოსახველებელი მოქმედება გააჩნია. ის გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

 

  • სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი ნახველი;
  • ბრონქოექტაზიური დაავადება (ფილტვების ქრონიკული დაავადება);
  • ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, პნევმონია, ბრონქული ასთმა.

 

პულმოლანი ორი სახით არის ხელმისაწვდომი — სიროფი 30მგ/5მლ 100მლ და 30მგ-იანი ტაბლეტები — მათი შეძენა შესაძლებელია პსპ-ს აფთიაქებში. სიროფისა და ტაბლეტების ფასები განსხვავებულია.

როგორია მედიკამენტის მიღების წესები და დოზირება?

 

მოდით, პულმოლანის მიღების წესები და დოზირება პრეპარატის თითოეული ვერსიისთვის განვიხილოთ:

ტაბლეტების შემთხვევაში 

 

მოზრდილებსა და 12+ ასაკის ბავშვებში მკურნალობის საწყის ეტაპზე 1 აბი ინიშნება დღეში 3-ჯერ, შემდეგ კი — დღეში 2-ჯერ 1 ტაბლეტი ან დღეში სამჯერ 1/2 აბი. თერაპიული ეფექტის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დოზა გაიზარდოს ისე, რომ პაციენტმა დღეში 2-ჯერ 60მგ (2 ტაბლეტი) მიიღოს. 

 

5-12 წლის ასაკის ბავშვებში მკურნალობის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1/2 აბს დღეში 2-3-ჯერ, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში — 1/4 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, ხოლო 2 წლამდე ასაკის ბავშვებში — 1/4 აბს დღეში 2-ჯერ. 

 

პაციენტმა პულმოლანის ტაბლეტი ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად უნდა მიიღოს.

სიროფის მიღების წესი და დოზირება

 

პულმოლანის სიროფის შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებული დოზები ასეთია:

 

  • მოზრდილებსა და 12+ ასაკის ბავშვებში — 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში 3-ჯერ. 
  • 5-12 წლის ასაკის ბავშვებში — 2.5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) დღეში 2-3-ჯერ.
  • 2-5 წლის ასაკის ბავშვებში — 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) დღეში 3-ჯერ.
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში — 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) დღეში 2-ჯერ. 

 

გაითვალისწინეთ: ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე მედიკამენტის მიღება შეიძლება დღეში არაუმეტეს 4-5-ჯერ.

 

საგულისხმოა, რომ ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

 

  • დიარეა;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ღებინება;
  • დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა);

 

პულმოლანის ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში მკურნალობის პროცედურა მოიცავს:

 

  • ღებინების გამოწვევას;
  • კუჭის ამორეცხვას მედიკამენტის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ;
  • ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღებას;
  • სიმპტომურ თერაპიას.

რა უკუჩვენებები აქვს პულმოლანს?

 

პულმოლანის ანოტაციის თანახმად, ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

 

  • მომატებული მგრძნობელობა პულმოლანის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
  • ორსულობის I ტრიმესტრი.

 

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მედიკამენტი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში, ორსულობის II და III ტრიმესტრში, ასევე თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

 

გაითვალისწინეთ: არსებობს გარკვეული სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში პულმოლანის მოხმარება რეკომენდებული არ არის. მართალია, მედიკამენტი ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ სჯობს, ის მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, პულმოლანის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. 

როგორი გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს?

 

პულმოლანის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ პაციენტებს, მედიკამენტის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოუვლინდეთ:

 

  • გულისრევის შეგრძნება;
  • ღებინება;
  • გასტრალგია (ძლიერი ტკივილი კუჭის არეში).

 

ასევე, შესაძლო ალერგიული რეაქციებია:

 

  • ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამონაყარით ხასიათდება);
  • გამონაყარი კანზე;
  • ანგიონევროზული შეშუპება (კანქვეშ არსებული შეშუპება).

 

ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს:

 

  • ანაფილაქსიური რეაქცია;
  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი (კანის ანთებითი რეაქცია, რომელსაც მასთან ალერგენის ან გამღიზიანებელი ნივთიერების კონტაქტი იწვევს).

 

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.